ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს ვერ ვხედავ. სათითაოდ გავეცანი იმ ფურცლებს, რაც აქვს დანიშნული გორის ჰოსპიტალში
გადაყვანის შემდეგ, აქ დოზები ნამდვილად არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ვინმეს მისი ფარმაკოლოგიური წამება უნდოდა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, მარინა კურატაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, თავად ვერ ხედავს მედიკამენტებით ზედოზირების ნიშნებს.
რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანის საკითხს, ექიმის განცხადებით, ჯერ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეფასდეს, ამასთან, რამდენად შეუძლია ამის დაკმაყოფილება საქართველოს და ამის შემდეგ მოხდეს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება.
„არ ვადასტურებ, ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს ვერ ვხედავ. ბატონი მიხეილი ვნახე მხოლოდ ერთხელ და ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ ეტყობოდა. სათითაოდ გავეცანი იმ ფურცლებს, რაც აქვს დანიშნული გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, აქ დოზები ნამდვილად არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ვინმეს მისი ფარმაკოლოგიური წამება უნდოდა, რა იყო სხვა დაწესებულებებში, არ ვიცი, მაგრამ გავეცანი ჩემი კოლეგების კონსულტაციებს, სადაც ბატონი მიხეილის მონაყოლის მიხედვით არის დაფიქსირებული, თუ რა წამლებს იღებდა. „ქვეტიაპინზე“ ვლაპარაკობ, მას დანიშნული ჰქონდა 100 მილიგრამი და თუ 100 მილიგრამზე ვერ იძინებდა, უმატებდნენ 50 მილიგრამით ხოლმე, მისი თხოვნითაც.
კატეგორიულად, რომ განვაცხადოთ მისი გადაყვანა საზღვარგარეთ არის საჭირო, ჯერ უნდა ჩამოიწეროს რა სჭირდება ადამიანს; მის მკურნალობასა და რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მისი საჭიროება უნდა განისაზღვროს და შემდეგ უნდა შეფასდეს, რამდენად შესაძლებელია ან საჭიროება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი რესურსებით დაკმაყოფილდეს. ეს უნდა მოხდეს დინამიკაში“, - განაცხადა კონსილიუმის ექიმმა.