"რუსეთის მხრიდან მომავალ ნებისმიერ შემდგომ აგრესიას ექნება მაღალი ფასი და ამასთანავე, ექნება ძალიან სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები რუსეთისთვის"- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინასა და საქართველოს აქვს უფლება თავად აირჩიოს მისი მოკავშირეები და რუსეთს არ აქვს უფლება უკარნახოს მათ ეს არჩევანი.
"პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ნატო-ს სათაო ოფისში, ნამდვილად ღირებულია საქართველოსა და ნატო-ს ახლო პარტნიორობა.საქართველო არის ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი. უფრო ადრე, მიმდინარე თვეში, რიგაში ნატოს წევრმა ქვეყნებმა ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთისთვის მოწოდებას, რომ შეწყვიტოს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" რეგიონების აღიარება და გამოიყვანოს სამხედრო ძალები. დღეს ჩვენ განვიხილეთ რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის რუსეთის მიერ სამხედრო წარმომადგენლობის ზრდა უკრაინასა და მის ირგვლივ და მისი დესტაბილიზაციისკენ მიმართული აქტივობები შავი ზღვის რეგიონში.
ჩვენ შევთანხმდით, რომ ნატო იქნება ძალიან ფხიზლად, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი ესკალაცია. რუსეთის მხრიდან მომავალ ნებისმიერ შემდგომ აგრესიას ექნება მაღალი ფასი და ამასთანავე ექნება ძალიან სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები რუსეთისთვის. საქართველოს და უკრაინას აქვს უფლება თავად აირჩიოს თავისი მოკავშირეები და რუსეთს არ აქვს უფლება, რომ უკარნახოს ეს არჩევანი,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.