"შეუძლებელია შერიგებაზე ლაპარაკი, როცა ერთმანეთს მანიაკებს, მკვლელებს და ქურდებს ეძახიან, ასე შერიგება არ ხდება" - ამის შესახებ "მოქალაქეების" წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა ფართო ინკლუზიურ პროცესთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია და ამას სჭირდება პასუხისმგებლობით მოკიდება პოლიტიკური პარტიების მხრიდან.
"ეს ქვეყანა არ შედგება 2 ფერისგან - წითელი და ლურჯი ფერისგან, ამ ქვეყანაში ცხოვრობენ სხვა პოლიტიკური გემოვნების მქონე ადამიანებიც და ორი პარტიის შერიგება არ ნიშნავს, რომ ამით ყველა ბედნიერი იქნება. პოლიტიკურ პროცესს სჭირდება ფართო ჩართულობა პოლიტიკური სპექტრის და ასეთი დიალოგის ფარგლებში შეიძლება გამონახული იყოს შეხების წერტილები. მარტო "ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" შერიგებამ არ მგონია ამ ქვეყანაში რაიმე შეცვალოს,"- განაცხადა იოსელიანმა.