ავტორი:

"ვერ შეგვაშინებთ, ვერ გაგვაჩერებთ, ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც" - მამუკა ხაზარაძე

"ვერ შეგვაშინებთ, ვერ გაგვაჩერებთ, ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც" - მამუკა ხაზარაძე

"ფულის გათეთრება არ ყოფილა. დღესაც ვამაყობთ, რაც 2008 წელს გავაკეთეთ - ვერ შეგვაშინებთ, ვერ გაგვაჩერებთ, ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც" - ამის შესახებ "ლელოს“ ლიდერი და ე.წ. ფულის გათეთრების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ხვალ დაგეგმილ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით წერს.

როგორც ხაზარაძე აცხადებს, აღნიშნულ საქმეს დაზარალებული არ ჰყავს და პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია.

"ხვალ, 3- წლიანი პოლიტიკური სასამართლო დევნის ბოლო სხდომაა! - ფულის გათეთრება არ ყოფილა; ფულის მითვისება არ ყოფილა; საქმეს არ ყავს დაზარალებული და მომჩივანი; საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული (იხ. საერთაშორისო დასკვნები); პროკურატურის ბრალდების შემდეგ, ბანკის საერთაშორისო აქციონერებმა სპეციალური გამოძიების ჩატარების შედეგად 2019 წლის 24 ივნისს 98% ხმათა რაოდენობით მე და ბადრი თავიდან აგვირჩიეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ და მოადგილედ; დღესაც ვამაყობთ, რაც 2008 წელს გავაკეთეთ; გადავარჩინეთ საქართველოს საბანკო-საფინანსო სისტემა ჩამოშლას ჩვენი პირადი ინტერესის ხარჯზე, გადავარჩინეთ მეანაბრეები თანხის დაკარგვას, ათასობით "თიბისელი" სამსახურიდან განთავისუფლებას; ახლაც ზუსტად იგივეს გავაკეთებდით; ვერ შეგვაშინებთ, ვერ გაგვაჩერებთ, ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც“,- წერს მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.