ავტორი:

"ჩატარებული სხდომა არის დიდი ლურსმანი სასამართლოს რეპუტაციის კუბოში" - ნიკა გვარამია

"ჩატარებული სხდომა არის დიდი ლურსმანი სასამართლოს რეპუტაციის კუბოში" - ნიკა გვარამია

"მიკერძოება სახეზეა, მაგრამ ლაშა ჩხიკვაძე მაღალი კვალიფიკაციის მოსამართლეა და არ მეგონა, რომ პროფესიული სინდისი მისცემდა ამის გაკეთების უფლებას" - ასე აფასებს "მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებას, რომელმაც მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ნიკა გვარამიას განმარტებით, მსგავსი სახით ჩატარებული სასამართლო სხდომა არის "დიდი ლურსმანი სასამართლოს რეპუტაციის კუბოში“.

"შუამდგომლობა რომ არ აიცილა ეს ცალკე საკითხია, ამის დასაბუთება იყო სრულიად გამაოგნებელი, უნდა შეიტანო იურიდიული ფაკულტეტების სახელმძღვანელოებში, როგორი არ უნდა იყოს დასაბუთება აცილებაზე. აღმოჩნდა, რომ მე მასამართლებს არა ლაშა ჩხიკვაძე, ან პოლიტიკურად მიკერძოებული სასამართლო, არამედ ზაზა გველესიანი, რომელიც არის "რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი. თუ ამიხსნით მიუკერძოებელი სასამართლო სად შეიძლება ვიპოვოთ, ძალიან ბედნიერი ვიქნები. გუშინ პროკურორმა გამომიცხადა, რომ ცეცხლს ვეთამაშები, არ ვიცი ეს ცეცხლი რა მასშტაბის იქნება, მაგრამ არ ვურჩევ არავის, რომ ეს ცეცხლი გააღვივოს. ამგვარად ჩატარებული სხდომა არის დიდი ლურსმანი სასამართლოს რეპუტაციის კუბოში, რომელიც ბოლომდე დალურსმნული მეგონა, მაგრამ ყოფილა კიდევ ადგილი ლურსმნების ჩასარჭობად. დავასახელე 4 მოწმე, რომელიც თუ არ დაიკითხა პროცესს ვერ გავაგრძელებ, მათგან მიღებულ ინფორმაციაზე უნდა დავაფუძნო შემდეგი მოწმეების დაკითხვა. სამ ადამიანთან კომუნიკაცია გვქონდა და არცერთი არ მოვიდა, ახლა მათი მოყვანა ჩავაბარეთ უწყებას, თუ კიდევ არ მოვლენ, მოიყვანენ პოლიციის ძალით“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.