საკონსტიტუციო ცვლილებებზე ყველა თემა არის ღია, რაც გულისხმობს იმას, რომ არაფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის - ერთადერთი, რაზეც ჩვენ მეტ - ნაკლებად მკაფიო პოზიცია გვაქვს, არის ის, რომ 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება საუბარი , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი განიხილეს და ოპოზიციას მათი პოზიცია აინტერესებდა, თუმცა, საჯაროდ დეტალებს ვერ დააკონკრეტებს.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრა ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლების თხოვნით გაიმართა.
"ამ ეტაპზე, ყველა თემა ამ საკითხთან დაკავშირებით არის ღია, ასეც შეიძლება - ისეც. ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული ის, თუ რამდენად გაგრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და ის, თუ რა შედეგით დასრულდება, მათ შორის, პირველ რიგში, ოპოზიციის მოქმედებებზე. ყველა თემაზე ვიმსჯელებთ, ყველა თემა არის ღია, რაც გულისხმობს იმას, რომ არაფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ჩვენ გვჭირდება ასევე საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციები, მათ შორის ბარიერის სიმაღლესთან დაკავშირებით, რამდენჯერ უნდა მოქმედებდეს დაბალი ბარიერი და ა.შ. ერთადერთი თემა, რაზეც ჩვენ გვაქვს მეტ - ნაკლებად მკაფიო პოზიცია ჩამოყალიბებული არის ის, რომ 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება საუბარი.
ჩვენ მივიღეთ 48 პროცენტი საპარლამენტო არჩევნებზე, რეალურად, თემა მაშინ იყო დახურული, შემდეგ იყო ცნობილი შეთანხმება, ანულირება, ვირტუალური 43 პროცენტი. ეს ვირტუალური ბარიერიც გადავლახეთ და ავიღეთ 47 პროცენტი, ამის შემდეგ 2024 წლამდე ყველანაირი თემა რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არის დახურული, მათ შორის, ეს ბუნებრივია უნდა აისახოს საკონსტიტუციო ცვლილებებში,"- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისათვის, ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციას შეხვდა.