როგორც ვიცით, „კოვიდს-19“-ს ახასიათებს ამორჩევითი სამიზნე ორგანოები, ეს სამიზნე ორგანოებია: პირველი - ფილტვი, შემდეგ - გული, პანკრეასი და სხვა ორგანოები... დღეს გულზე ვისაუბრებთ, გავარკვევთ, როგორ მიმდინარეობს კოვიდი კარდიოლოგიური პრობლემის მქონე პაციენტებში, როდის რთულდება პაციენტის მდგომარეობა და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს. ამაში საქართველოში „გეთზ ფარმა ინტერნეიშენალის“ წარმომადგენლობის ტერიტორიული მენეჯერი, კარდიოლოგი ელისო თაფლაძე დაგვეხმარება.
- როგორ მიმდინარეობს კოვიდი კარდიოლოგიური პრობლემის მქონე პაციენტებში?
- კარდიოლოგიური პრობლემის მქონე პაციენტებში, კოვიდის მიმდინარეობისას, ხშირია მაღალი არტერიული ჰიპერტენზია, სინუსური ტაქიკარდია, გულის რითმის დარღვევები. ეს არის პირველადი სიმპტომების კასკადი... თუ ეს პრობლემები დროულად არ აღმოიფხვრა, შემდეგ უკვე იწყება ისეთი გართულებები, როგორებიცაა, მაგალითად - გულის იშემიური დაავადება, გულის უკმარისობა...
- როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს?
- პირველ რიგში, უნდა მივმართოთ ექიმს. ზემოთ აღნიშნული ჩივილების შემთხვევაში აუცილებელია მედიკამენტური თერაპიის ჩართვა. მაგალითად: მოსვენების დროს გულისცემის მატება გავლენას ახდენს ჰემოდინამიკის ბევრ პარამეტრზე, როგორიცაა - მიოკარდიუმის იშემიური ბარიერი, მიოკარდიუმის მიერ ჟანგბადის მოხმარების დონე, კორონალური სისხლის ნაკადის დონე და ა.შ. გულის ცემის კონტროლისთვის რეკომენდებული წამლების ძირითადი ჯგუფი არის ბეტა-ბლოკერები (BB), თუმცა, როდესაც გვაქვს ჰიპოტენზია და ბრონქოსპაზმი, BB-ის გამოყენება იზღუდება. კოვიდის პერიოდში ან პოსტკოვიდიან პაციენტებში, ჰიპოქსიის შედეგად, მიმდინარეობს სინუსური ტაქიკარდია. ასეთ დროს პაციენტისთვის რეკომენდებულია მხოლოდ ივაბრადინის ჯგუფის პრეპარატი, რომელიც არ იწვევს შეგუბებას და მოქმედებს სინუსურ კვანძზე. თუ პაციენტს აქვს გულის რითმის დარღვევა - ექსტრასისტოლა, რეკომენდებულია მეტოპროლოლის მიღება. მაღალი არტერიული წნევის შემთხვევაში უნდა მოხდეს ანტიჰიპერტენზული საშუალებების გამოყენება. რაც შეეხება ანტიაგრეგანტებს, მისი მიღება ხდება ლაბორატორიული გამოკველვების საფუძველზე: 1- სრული კოაგულოგრამა; 2 - D - დიმერი. ამას გარდა, აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, არ უნდა მოვდუნდეთ, პირიქით. უნდა ვიმოძრაოთ.
- რომელი კარდიოლოგიური დაავადებების დროს მიმდინარეობს კოვიდი უფრო რთულად?
- გიდ-ის (გულის იშემიური დაავადება), გულის უკმარისობისა და კარდიომიოპათიის დროს.
- კონკრეტულად რა ნიშნებით ვლინდება ეს გართულება?
- ამ დროს არის მაღალი წნევა, ქოშინი, ადვილად დაღლა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, ციანოზი, კიდურების შეშუპება, თავბრუსხვევა, უჰაერობა, რა თქმა უნდა, ეს ნიშნები ინდივიდუალურია და ამ დრო საჭიროა ექოკარდიოსკოპია.
- სტატისტიკურად, რა კარდიოლოგიური გართულებები გამოიწვია ამ ვირუსმა პოსტკოვიდიან პაციენტებში?
- ძირითადად - არტერიული ჰიპერტენზია, სინუსური ტაქიკარდია, გულის რითმის ცვლილებები, გულის იშემიური დავაადება.
- განსხვავებულად მიმდინარეობს თუ არა კარდიოლოგიური გართულებები ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ პაციენტებში?
- ვაქცინირებულ პაციენტებში კარდიოლოგიური გართულებების სიხშირე ბევრად ნაკლებია, და თუ აღენიშნებოდა რიგი ცვლილებები, მხოლოდ ხანმოკლე თერაპიას საჭიროებდა და თერაპიის შემდეგ ხდებოდა რემისია. ამიტომ ასეთ დროს სწორი მკურნალობის დასანიშნად აუცილებელია, მივმართოთ ექიმს.
სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვით არავაქცინირებულ პაციენტებზე, რომელთა მდგომარეობაც რთულდებოდა გულის უკმარისობით, გიდ-ით, მაღალი არტერიული წნევით, კარდიომიოპათიით, გულის რითმის დარღვევით და ა.შ. ამიტომ , ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ - გართულების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია აცრა.
R