ვაზიანის სამხედრო დასახლებაში მომხდარი მკვლელობის დეტალები ამ დრომდე უცნობია. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა დათო საგინაძემ ცოლი, მარიკა მესაქრიშვილი და სიდედრი, ლელა გუბელაძე სამზარეულოს დანით მოკლა, მერე კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
რატომ მივიდა საქმე ამ უმძიმეს ტრაგედიამდე, ეს ძალოვნებმა უნდა გაარკვიონ. მეზობლებს მომხდარზე საუბარი უჭირთ და ამბობენ, რომ ეს ოჯახი იქ საცხოვრებლად რამდენიმე თვის წინ გადმოვიდა, თუმცა ამ თვეების მანძილზე ჩხუბის ხმა არასოდეს გაუგიათ.
უმძიმესი ტრაგედია გუშინ იმ დროს მოხდა, როცა დათოს და მარიკას ერთადერთი 12 წლის შვილი სკოლაში იმყოფებოდა. სახლში დაბრუნებულ ბავშვს ბინის კარი დაკეტილი დახვდა და ბინაში შესვლა ვეღარ შეძლო.
როგორც ჩანს, ვერც ტელეფონზე დაუკავშირდა ოჯახის წევრებს და ამის შემდეგ დახმარებისთვის ბიძას მიმართა. ბიძა სასწრაფოდ მივიდა სახლში, ბინის კარი შეამტვრიეს და იქ შესულს უმძიმესი სურათი დახვდა. ოჯახის სამი წევრი ცოცხალი აღარ იყო. ოთახში ეგდო ლელა გუბელაძე, როგორც ამბობენ, მას ყელის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული, მისი ქალიშვილი მარიკა მესაქრიშვილის ცხედარიც აივანთან ძირს დაგდებული იპოვეს, მასაც დანით აქვს ჭრილობა მიყენებული, ხოლო აბაზანაში აღმოაჩინეს დავით საგინაძის ცხედარი, როგორც ჩანს, ბოლოს თავი მოიკლა.
მეზობლები ყვებიან, რომ ოჯახი არაკონფლიქტური იყო და მათთვის გაურკვეველია, რატომ ჩაიდინა მამაკაცმა დანაშაული. მათი თქმით, შემთხვევის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ბინის კარი შეამტვრიეს. ერთ- ერთი ადგილობრივი სხვების მონათხრობზე დაყრდნობით ამბობს, რომ ქალის განწირული ხმა გაოგო, მაგრამ მალევე შეწყდა.
"მეზობლებს გაუგიათ ქალის ხმა, მიშველეთო, მაგრამ თურმე უცებ შეწყდა ხმა და ამიტომ არ მიუქცევიათ ყურადღება, მერე გაიგეს, რომ ეს ამბავი მომხდარა, როგორც ჩანს, ახალგაზრდა ქალი ითხოვდა შველას" - გვითხრა მან.
სამართალდამცავები და კრიმინალისტები დიდხანს მუშობდნენ შემთხვევის ადგილზე, რის შემდეგ ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს. შსს -ს ცნობით, შემთხვევისას ბინაში სხვა არავინ იმყოფებოდა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და მე-11 პრიმა მუხლებით, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით.
ნათესავებს და ახლობლებს უჭირთ მომხდარზე საუბარი და ვერც მკვლელობის მოტივზე საუბრობენ. როგორც შევიტყვეთ, ისინი ადიგენის რაიონიდან იყვნენ, დათო საგინაძე ზარზმიდან, დედა-შვილი სოფელ ღელიანიდან.
ოჯახის ახლობელი:
- ძალიან მიჭირს მომხდარზე საუბარი, საზარელი ამბავი მოხდა. თავზარდაცემულები ვართ. ლელასთან ერთად ვმუშაობდი წლების წინ, ძალიან კარგი ადამიანი იყო. წარმოშობით ადიგენის სოფელ ლელიანიდან არის ლელა (სიდედრი), ადიგენშიც აქვს ბინა. ძალიან კარგი ძმები ყავს. წლებია თბილისში წასულები არიან და იქ ცხოვრობდნენ. პირადად ვიცნობდი მის ქალიშვილს მარის, არაჩვეულებრივი გოგო იყო, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, კერძოდ ყელში, ხმოვან იოგებზე ჰქონდა სიმსივნე და ის ამოიჭრა. ძალიან ვგულშემატკივრობდი და ხშირად ვკითხულობდი მისი ჯანმრთელობის ამბავს, გამოძვრა, ძალიან ბევრი იწვალეს, რომ დაემარცხებინა ეს დაავადება.
ერთი შვილი ჰყავთ, უკვე დიდია და ალბათ ის იტყვის რამე პრობლემა იყო თუ არა მათ სახლში. თავიდან როცა გავიგეთ რომ სამივე გარდაცვლილი იყო, ითქვა, გაზით გაიგუდნენო. ასე იცოდა აქ ყველამ, მაგრამ შემდეგ გავიგეთ ეს თავზარდამცემი ამბავი. გაოგნებულები ვართ. რა კონფლიქტი ჰქონდა ცოლ-ქმარს, არ ვიცი, იმ დღეს რა მოხდა ჯერ არავინ იცის. ან ვფიქრობ, დათო ჭკუიდან შეიშალა და ამიტომ დატრიალდა ეს ამბავი. ახსნას ვერ ვპოულობთ, გაოგნებულები ვართ.
რაც შეეხება დათოს, ის წარმოშობით არის ზარზმიდან, ჩემს შვილთან ერთად ცეკვავდა, ძალიან კარგი ბავშვი იყო. მაგრამ წლების წინ საცხოვრებლად წალკაში გადავიდნენ. დიდი ხანია იქ ცხოვრობდნენ. როგორც ვიცი, დათოს დალევა უყვარდა, სვამდა ხშირად და ამის გამო თავის მშობლებთან უთანხმოება ჰქონდა, ამიტომ გადავიდნენ ცოლ-ქმარი სიდედრთან საცხოვრებლად. იქ რა მოხდა, მართლა არავინ იცის.
ვიყავი მისული ოჯახში სამძიმარზე, მაგრამ ჯერ ადიგენში ცხედრები ჩამოსვენებული არ არის, რა მოხდა, მიზეზს ალბათ გამოძიება დაადგენს. ერთი ისიც შემიძლია გითხრათ, რომ დედა-შვილს საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ, მიჯაჭვულები იყვნენ ერთმანეთთან. ფაქტია, რაღაც მიზეზით ეს ტრაგედია მოხდა, არის ვერსია რომ შეიშალა დათო და დაატრილა ეს ტრაგედია. ეჭვიანობა გამორიცხულია, რადგნ მარი უწესიერესი და კარგად აღზრდილი გოგო იყო. ძალიან მტკივა ეს ამბავი.
ჩვენი ინფორმაციით, გამოძიებამ უკვე დაკითხა ოჯახის წევრები და მეზობლები.