ავტორი:

"ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე ყველა ვარიანტში წამგებიანი იქნება "ქართული ოცნებისთვის“ - ვახტანგ ძაბირაძე

"ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე ყველა ვარიანტში წამგებიანი იქნება "ქართული ოცნებისთვის“ - ვახტანგ ძაბირაძე

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც პოლიტიკურად მომგებიანი იქნება, თუ ე.წ. ფულის გათეთრების საქმე დაიხურება, რომელზეც ბრალდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი არიან.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის პოლიტიკურ ვითარებაზე.

"გადაწყვეტილება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკურ ვითარებაზე. შემიძლია გითხრათ, რა იქნება ქვეყნისთვის უმჯობესი, რადგან მხოლოდ სამართლებრივი კუთხით ამ თემის განხილვა არ შეიძლება არა იმიტომ, რომ ვიღაცას პოლიტიკაში მოსვლა მოუნდა, არამედ არსებული რეალური ვითარებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მგონია, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ ეს საქმე დაიხურება და ეს პროცესი ამით დასრულდება. ეს პოლიტიკურად მომგებიანი იქნება ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც. სხვათა შორის, ნიკა გვარამიას საქმესაც“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ის იმედოვნებს, რომ სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ყველა ვარიანტში წამგებიანი იქნება "ქართული ოცნებისთვის“, თუ სასამართლო გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს და მათ სასჯელს მიუსჯის“, -განაცხადა ძაბირაძემ.

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, რომელზეც ბრალდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი არიან, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

აღნიშნული ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღეს ბოლო სხდომა იმართება.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.