ავტორი:

ადამიანი ბუნდოვანი წარსულით: მითები და რეალობა თემურ ალასანიას შესახებ - სააკაშვილის ბიძის ოჯახი, ამერიკული ცხოვრება და სკანდალური ფარული ჩანაწერები

ადამიანი ბუნდოვანი წარსულით: მითები და რეალობა თემურ ალასანიას შესახებ - სააკაშვილის ბიძის ოჯახი, ამერიკული ცხოვრება და სკანდალური ფარული ჩანაწერები

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია საქართველოშია და გორის სამხედრო ჰოსპიტალში დისშვილის მონახულებას ნათესავის სტატუსით აპირებს, თუ ხელისუფლება ამის უფლებას მისცემს.

ვინ არის თემურ ალასანია, კაცი, რომლის "აჩრდილიც“ მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფიას ჯერ კიდევ პრეზიდენტობის დროიდან სდევს. მედიაში არაერთხელ დაწერილა, რომ ექსპრეზიდენტის წარმატება დიდწილად დედის გიული ალასანიას ძმის დამსახურებაა, რომელიც სხვადასხვა დროს სერიოზულ თანამდებობებზე მუშაობდა, წლები ცხოვრობდა მოსკოვში, ამჯერად კი შტატებში, მანჰეტენზე, მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს.

ადამიანი ბუნდოვანი წარსულით, მითიური მილიარდერი - ამ ეპითეტებით ალასანიას მედიაში ხშირად მოიხსენიებენ, თუმცა მის შესახებ საჯარო ინფორმაცია ძალიან მწირია. ინტერნეტში არ იძებნება ოფიციალური ინფორმაცია მისი სამსახურების შესახებ. ვიცით ის, რომ სხვადასხვა დროს დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა, მაგალითად, მუშაობდა გაერო - ში.

კულუარებიდან მუდმივად გამოდიოდა ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტზე ბიძას ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა და აქვს.

2007 წელს, სააკაშვილის ხელისუფლებიდან ოპოზიციაში წასულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სხვა სკანდალურ განცხადებებთან ერთად, ისიც თქვა, - მიხეილ სააკაშვილის ბიძა ქრთამის აღების ფაქტზე დავაკავეო. ”მე დავაკავე პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია და პრეზიდენტის დაჟინებული მოთხოვნით ის გავათავისუფლე”, - თქვა ოქრუაშვილმა. მას ეს რადიკალური განცხადებები ძალიან ძვირად დაუჯდა.

მიხელ სააკაშვილი ბიძასთან და მის ოჯახთან ერთად

ალასანიას არაოფიციალურად ხშირად ადანაშაულებდნენ იარაღით ვაჭრობაში, რაზეც 2014 წელს "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, - იარაღის ბიზნესთან არავითარი კავშირი არ მქონია, მეტიც, მთელი ცხოვრება განიარაღებაზე ვმუშაობდიო...

"თემურ ალასანია ანდროპოვის მიერ აღზრდილი კე-გე-ბე-ს გენერალ-პოლკოვნიკია, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა დღემდე არ დაუტოვებია და რომელსაც ყოველთვის ხელს დააფარებს ვლადიმერ პუტინი", - ეს არის ამონარიდი ირაკლი კაკაბაძის ინტერვიუდან, რომელშიც ის ალასანიას "მაფიის ბოსად" მოიხსენიებს.

2017 წელს, თემურ ალასანია დისშვილის მოსანახულებლად შტატებიდან უკრაინაში ბორისპოლის აეროპორტით ჩაფრინდა, თუმცა ის ქვეყანაში არ შეუშვეს. იმჟამად უკრაინული მედიაც აქტიურად წერდა, რომ ის იყო კე-გე-ბე - ს ყოფილი პოლკოვნიკი, რომელიც ამავე დროს სააკაშვილის ბრწყინვალე კარიერის ავტორი გახლდათ.

თემურ ალასანია ვაჟებთან ერთად

"ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რამდენიმეჯერ გავრცელდა თემურ ალასანიას ფარული სატელეფონო ჩანაწერი. 2020 წელს გავრცელებულ ჩანაწერში, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობდა, თემურ ალასანიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა.

გუბაზ სანიკიძე: ბატონო თემურ, ყველა შევა პარლამენტში... მე იქ არ შევალ...

თემურ ალასანია: ჰოდა პირველი, არავითარი ლეგიტიმაცია ამ მთავრობას. მეორე, სრული სამოქალაქო დაუმორჩილებლობა... მესამე, არავითარი დიალოგი, არავითარი თანამშრომლობა. მეოთხე, დროებითი მთავრობის შექმნა, სასწრაფოდ... უნდა გამოცხადდეს, რომ ეროვნული გადარჩენისთვის მთავრობა იქმნება, პარალელური მთავრობა, რომელიც ხალხის წინაშე აიღებს პასუხისმგებლობას. მეხუთე, უნდა მივმართოთ მსოფლიოს ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ჩვენ არ გთხოვთ მხარდაჭერას, უბრალოდ გაცნობებთ, რომ საქართველოს სახალხო გადარჩენის კომიტეტმა ხელში აიღო სრული ძალაუფლება და დღეიდან პასუხს აგებს ქვეყნის ბედზე.

ჩანაწერის ავთენტურობა დღემდე გარკვეული არ არის.

თემურ ალასანია ქართულ მედიასთან ისედაც ბევრს არასდროს საუბრობდა, მით უფრო ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

თემურ ალასანია მეუღლესთან ერთად

2019 წლის მაისში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში, ალასანია სააკაშვილს ფლორიდაში, მისთვის ნაყიდი ბინის შესახებ დეტალებს აცნობს. ჩანაწერში ლაპარაკია ასევე სანდრა რულოვსზეც, რომელიც თითქოს ბინის გასაღებს ითხოვს, რომლის მიცემის სურვილიც სააკაშვილის ოჯახის წევრებს არ ჰქონდათ. ჩანაწერში ყოფილი პირველი ლედი, არც ისე კარგად არის მოხსენიებული ალასანიას მიერ. მოგვიანებით თემურ ალასანიას ცოლმა, ქეთინო ალასანიამ მეუღლის სახელით ამ თემაზე სპეციალური პოსტი გამოაქვეყნა.

“რამდენიმე სიტყვით, მინდა, გამოვეხმაურო გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბარს. ჩემი დამოკიდებულება ასეთი ჩანაწერების მიმართ რამდენჯერმე დავაფიქსირე. და ეხლა ამაზე არ შევჩერდები. როგორც ჩანს, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ფლორიდის ბინამ, რომელიც ამ ორიოდე წლის წინ შევიძინე, ნიუ იორკში გაყიდული ბინის სანაცვლოდ. ეს უძრავი ქონება გაფორმებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა იურიდიული და ფინანსური მოთხოვნების სრული დაცვით. ამ ბინით ვსარგებლობთ მე და ჩემი მეუღლე, ჩვენი შვილები, შვილიშვილები და, რასაკვირველია, დიდი სიხარულით ვიწვევთ ხოლმე ჩემ დას და დისშვილს, როცა მათ ჩამოსვლის საშუალება აქვთ.

მე რამდენიმე ათწლეული ვმუშაობდი საპასუხისმგებლო ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციაში და შესაბამისად, მაღალი ანაზღაურება მქონდა (და მაქვს). ამიტომ შემიძლია ჩემს თავს უფლება მივცე მქონდეს ბინა იქ, სადაც მინდა. არა მგონია, ეს ვინმეს საქმე იყოს, მითუმეტეს საქართველოს ხელისუფლებაში დაბუდებული ბიუჯეტის ქურდების", - წერდა თემურ ალასანია.

2018 წელს უკრაინულ საიტ zdes.com.ua-ზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძამისის, თემურ ალასანიას სკანდალური ჩანაწერი გავრცელდა. დიალოგის ერთ-ერთ ეპიზოდში თემურ ალასანია ქართველებს “ავადმყოფ ერს ” უწოდებს და მუქარის შემცველ სიტყვებს ამბობს.

მარცხნიდან მარჯვნივ: გიული ალასანია, მაია ორჯონიკიძე, ქეთინო ალასანია

თემურ ალასანია მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად წლებია ამერიკაში ცხოვრობს. თუმცა 2012 წლის არჩევნებამდე, ვიდრე "ქართული ოცნება“ მოვიდოდა ხელისუფლებაში, მისი შვილები, ნიკა და გიორგი ალასანიები, გარკვეული პერიოდი, თბილისში ცხოვრობდნენ. იმჟამად ამბობდნენ, რომ მისი ვაჟი გიორგი "ტელეიმედში" მუშაობდა.

ალასანიას ვაჟები ნიკოლოზი და გიორგი საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როდესაც, წარმატებულ და ლამაზ ქართველ ქალებზე იქორწინეს. ნიკა ალასანიამ და ლიკა ევგენიძემ 2011 წელს ჯვარი თბილისში, მამადავითის ეკლესიაში დაიწერეს. გრანდიოზული ქორწილი კი მთაწმინდის პარკში გადაიხადეს. პატარძლის ერთ-ერთი მეჯვარე ნინი ბადურაშვილი გახლდათ. ქორწილს ესწრებოდა იმჟამინდელი პირველი ლედი სანდრა რულოვსიც. წყვილმა საცხოვრებლად ამერიკა აირჩია. რამდენიმეწლიანი ქორწინებისა და ორი შვილის დაბადების შემდეგ, 2017 წელს ლიკა საქართველოში დაბრუნდა. ლიკამ განქორწინებიდან რამდენიმე წელიწადში მუსიკოსს ნიკა კოჩაროვზე იქორწინა. დაოჯახდა ნიკა ალასანიაც, ამჯერად მისი რჩეული ამერიკელი ქალი კელი ქენდლი აღმოჩნდა. წყვილს საერთო შვილი რამდენიმე თვის წინ შეეძინა, ბავშვი ამერიკაში მიხეილ სააკაშვილმაც მოინახულა.

გიორგი ალასანიასა და მეგან მაკმანუსის ქორწილში

წლების წინ, ცნობილი პლასტიკური ქირურგის ვახტანგ ხუციძის შვილიშვილ ელენე დუმბაძეზე იქორწინა თემურ ალასანიას მეორე ვაჟმა გიორგიმ.

წყვილმა ცხოვრება ამერიკაში გააგრძელა და ვაჟი მიხეილ - დავით ალასანია შეეძინათ. ლიკასა და ნიკას განქორწინების შემდეგ, მალე ელენესა და გიორგის წყვილიც ერთმანეთს დაშორდა. ელენემ ცხოვრება შვილთან ერთად თბილისში გააგრძელა. ა.წ. ივნისში გიორგი ალასანიამ მეორედ იქორწინა, მისი რჩეული ამერიკელი მეგან მაკმანუსია. ქორწილი სკანდალური აღმოჩნდა და ქართული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, მიზეზი კი მიხეილ სააკაშვილის სტუმრობა გახლდათ. შტატებში ბიძაშვილის ქორწილზე ჩასულ სააკაშვილის სტუმრობას დაემთხვა გიორგი გახარიას საქმიანი ვიზიტი ამერიკაში. იმჟამად მედიაში იწერებოდა, რომ ექსპრეზიდენტი და ექსპრემიერი ერთმანეთს შეხვდნენ, თუმცა ეს ინფორმაცია ორივე მხარემ უარყო. შეცვლის თუ არა გავლენიანი ბიძის სტუმრობა საქართველოში, პატიმრობაში მყოფი დისშვილის ბედს, ამას დრო გვიჩვენებს.