ავტორი:

"გაგამ ერთი ძმა მუცელში დაჭრა, მეორე - ფეხებში... მესამე მამაკაცი ბრმა ტყვიით დაიჭრა, არაფერ შუაში იყო" - რას ჰყვებიან წეროვანში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაზე?

"გაგამ ერთი ძმა მუცელში დაჭრა, მეორე - ფეხებში... მესამე მამაკაცი ბრმა ტყვიით დაიჭრა, არაფერ შუაში იყო" - რას ჰყვებიან წეროვანში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაზე?

წეროვანის დევნილთა დასახლებაში სისხლიანი დაპირისპირებისას, 3 ადამიანი დაიჭრა. საქმის მთავარი ფიგურანტი, გიორგი (გაგა) მამისაშვილი, ვინც დანაშაულში ბრალდებულად მიიჩენვა, გაქცეულია და მას პოლიცია ეძებს. როგორც მეზობლები ამბობენ, დამნაშავესა და დაჭრილებს შორის კონფლიქტი ბიზნესინტერესებს უკავშირდება და ის წლების წინ დაიწყო. სისხლიანი გარჩევის შედეგად, ძმებ მეტრეველების გარდა, დაიჭრა ზურაბ მეგრელიშვილიც. სამივე დაშავებული მცხეთაში, „"ჯეოჰოსპიტალის“ კლინიკაშია მოთავსებული.

როგორც ექიმი აცხადებს, ორ მათგანს მცხეთის კლინიკაში ოპერაცია გუშინვე ჩაუტარდა, ერთს კი - დღეს. "სამი პაციენტი შემოიყვანეს, ცეცხლსასროლი ჭრილობებითა და სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით. ორს გუშინვე ჩაუტარდა სასიცოცხლო ჩვენებით ოპერაცია, ერთს - დღეს. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. სხეულის სხვადასხვა უბნებში აქვთ ჭრილობები, მუცელსა და კიდურებში“, - განაცხადა ექიმმა.

მომხდარის გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) დაიწყო, რაც სამიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ambebi.ge-ს დაჭრილების მეზობელი უყვება, რომ ძმები მეტრეველები და მამისაშვილი ადრეც რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ ფიზიკურად ერთმანეთს.

"ორივე მხარეს თონე აქვს წეროვანში. მათ მუდმივად საცხობის გამო ჰქონდათ კონფლიქტი. კონკურენტებს შორის ჩხუბის და დაპირისპირების თემა იყო ასეთი: მე თუ ვკეტავ თონეს, შენ რატომ უნდა იმუშაოო, საყვედურობდა მამისაშვილი. მათი თონეები არც ისე ახლო-ახლოა და რა აჩხუბებდათ, არ მესმის. ეს გაგა ჯერ მივარდნილა ძმებთან, უჩხუბიათ, მერე სახლში გაქცეულა და იარაღი გამოუტანია. ის მესამე დაჭრილი - ზურა მეგრელიშვილი საერთოდ არაფერ შუაშია, ქუჩაში, სკამზე იჯდა თავისთვის, ინვალიდი კაცია, ისედაც ყავარჯნებით დადიოდა. მას ბრმა ტყვია მოხვდა, გაგამ ერთი ძმა მუცელში დაჭრა, მეორე - ფეხებში. მადლობა ღმერთს, სამივენი გადარჩნენ, თუმცა ამბობენ, რომ მათი მდგომარეობა მძიმეა. მამისაშვილი გაქცეულია, მაგრამ სად დაიმალება? მას მარტო სამჯერ არა, ბევრჯერ გაუსროლია. ბეწვზე გადარჩნენ მარკეტიდან გამოსული სხვა მეზობლები, რომლებმაც ერთი ნაბიჯით გამოასწრეს შემთხვევის ადგილიდან".