ავტორი:

"ნიჭის აფეთქება" - ვინ არის სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები 13 წლის ქართველი მხატვარი, რომლის ნამუშევრები განცვიფრებას იწვევს

"ნიჭის აფეთქება" - ვინ არის სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები 13 წლის ქართველი მხატვარი, რომლის ნამუშევრები განცვიფრებას იწვევს

"ნიჭის აფეთქება" - ასე აფასებენ სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ქართველი ბავშვის მარიამ ჯანელიძის შემოქმედებას და თვლიან, რომ შეუძლებელიც კი არის ამ ასაკის თვითნასწავლი მხატვარი ასეთ ნამუშევრებს ქმნიდეს.

მარიამ ჯანელიძე სამხრეთ აფრიკიდან თავად გვესაუბრა:

- 13 წლის ხარ და უკვე შემდგარ მხატვარს გეძახიან, ყველას აოცებ, რამდენი წლის იყავი, ხატვა რომ დაიწყე?

- მართალია ბავშვობიდან ვხატავ... ხატვის მიმართ სერიოზული დაინტერესება 12 წლის ასაკში გამიჩნდა. ის ნამუშევრები, რომელიც ინტერნეტ-სივრცეში გაზიარდა ყველა 2021 წელსაა შექმნილი. მანამდე მსგავსი დონის ნამუშევრები არ მქონია.

- მშობლები, ახლობლები მხატვრები არიან?

- ოჯახში უყვართ ხელოვნება. დედაჩემი ზეთში ხატავს. მამასაც მოსწონს ხატვა და როცა დრო აქვს, ხატავს.

- სამხატვრო სკოლაში სწავლობ? გვიამბე პედაგოგებზე, რამდენად დიდი წვლილი მიუძღვით დღეს რომ ასე კარგად ხატავ?

- სამხატვრო სკოლაში არ ვსწავლობ, მაგრამ მომავალი წლიდან ვაპირებ! ხატვა არავის უსწავლებია, მე ჩემით ვისწავლე. სწავლის პირველ ეტაპზე ჩანახატებს ვაკეთებდი ფანქარში და ვცდილობდი გაუმჯობესებას. ცოტა ინტერნეტიც დამეხმარა; კერძოდ, თვალყურს ვადევნებდი ხატვის პროცესის ამსახველ ვიდეოებს. ამის დამოუკიდებლად, სკოლაში მქონდა ზოგადი ხელოვნების გაკვეთილები და ასევე, მონაწილეობას ვღებულობდი სკოლის არტ-კლუბში. მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის, მასწავლებლების და მეგობრების, რომლებიც ჩემ მხატვრულ წინსვლას გულშემატკივრობდნენ.

- თუ მიიღე მონაწილეობა კონკურსებში, გამოფენებში?

- ჯერ არა.

- ყოველთვის შეგიძლია ხატავდე თუ მუზა აუცილებელია ?

- მუზა აუცილებელია შედარებით დიდი პროექტებისთვის. ჩანახატებისთვის იმდენად არა.

- ყველაზე მეტად რისი დახატვა გიყვარს - ბუნება, ყვავილები, ცხოველები, ადამიანები ?

- ყველაზე მეტად პორტრეტები, შემდეგ ცხოველები და ბუნება...

- ერთ ნახატს დაახლოებით რამდენ ხანში ქმნი, რთულია მუშაობის პროცესი?

- თუ შეუსვენებლად ვხატავ, დაახლოებით ერთ-ნახევარი დღე ვუნდები. ზოგიერთ ნახატს რამდენიმე კვირა მოვუნდი, რადგან ინტერვალებით ვხატავდი. სირთულე დამოკიდებულია ნახატის დეტალურ დატვირთვაზე. ზოგჯერ კომპოზიცია და ტექსტურა წარმოადგენენ სირთულეებს. ამ დროს ვცდილობ პროცესს მივენდო.

- ქართველი და მსოფლიო მხატვრებიდან რომელი მოგწონს ყველაზე მეტად?

- მხატვრების ნამუშევრებს ძირითადად "იუთუბის" საშუალებით ვეცნობი. ერთ-ერთი საყვარელი მხატვარი-იუთუბერი drawholic-ია. რამოდენიმე კვირის წინ სკოლიდან წამიყვანეს მუზეუმში, სადაც სამხრეთ აფრიკელი მხატვრის, იაკობ ჰენდრიკ პიერნიფის ნამუშევრებს გავეცანი, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ქართველ მხატვრებს, სამწუხაროდ, ჯერ კარგად არ ვიცნობ. რაც ნანახი მაქვს იქიდან ყველაზე მეტად ელენე ახვლედიანის ნახატები მომწონს.

- სამხრეთ აფრიკის პირობები, გარემო რამდენად კარგია ხელოვანისთვის?

- ჩვენ პატარა ქალაქში სტელენბოში ვცხოვრობთ, სადაც მშვიდი გარემო და ლამაზი ბუნებაა. ვფიქრობ, რომ ეს მხატვრული ინსპირაციისთვის მნიშვნელოვანია. მაქვს საშუალება ჩემს ოთახში განმარტოების და საათობით ხატვის, რის პირობებსაც ჩემი მშობლები მიქმნიან.

- როგორია ყოველდღოურობა და ჩვეულებრივი ცხოვრება უცხო მხარეში?

- მართალია, საქართველოს მოქალაქე ვარ, მაგრამ მე სამხრეთ აფრიკაში დავიბადე და ამიტომ ჩემთვის სამხრეთ აფრიკა არც თუ ისე უცხოა. დღის პირველ ნახევარს სკოლაში ვატარებ. სახლშიც და სკოლაშიც, ხატვის გარდა ჭადრაკის თამაში მიყვარს. სკოლაში ჭადრაკის კლუბის წევრი ვარ. სახლში ჭადრაკს ზოგჯერ მშობლებთან და ბაბუასთან ვთამაშობ, ძირითადად კი ვთამაშობ ონლაინ პლატფორმაზე. ასევე მიყვარს კომპიუტერული თამაშები, რომელსაც ინტერნეტით ჩემს დასთან, მამიდაშვილთან და ჩემი სკოლის მეგობრებთან ერთად ვთამაშობ. ზოგჯერ მამაჩემი აბსტრაქტულ მათემატიკას მასწავლის.

- რას გვეტყოდით სამშობლოზე, რამდენად უკავშირდება სამომავლო გეგმები?

- ოჯახის ბევრი წევრი საქართველოში მყავს. ძალიან მიყვარს საქართველოში ჩამოსვლა და მათთან ერთად ყოფნა. კონკრეტული სამომავლო გეგმები ჯერ არ მაქვს; თუმცა, მაინტერესებს ქართული მხატვრული საზოგადოების გაცნობა.