ზედმეტი მოლოდინი არ მაქვს, რომ შერიგება დღეს იწყება. უბრალოდ, წინასაახალწლო ღონისძიებაზე მოვედი იმისთვის, რომ ადამიანების განწყობები გავიგო - ოპოზიცია არ მეპატიჟება თავის შეხვედრებზე და აქ მაინც მექნება საშუალება დაველაპარაკო, ვკითხო, რას მერჩიან , - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პრეზიდენტის სასახლესთან მედიას განუცხადა.
როგორც ოპოზიციონერმა აღნიშნა, პროცესი უნდა დაიწყოს ოპოზიციური პარტიების შერიგებით.
„ზედმეტი მოლოდინი არ მაქვს, მათ შორის არც ის მგონია, რომ შერიგება დღეს იწყება და ა.შ. უბრალოდ, წინასაახალწლო ღონისძიებაზე მოვედი იმისთვის, რომ ადამიანების განწყობები გავიგო. ხომ იცით, ოპოზიცია არ მეპატიჟება თავის შეხვედრებზე და აქ მაინც მექნება საშუალება დაველაპარაკო, ვკითხო, რას მერჩიან, ჩემ გარეშე რატომ ხვდებიან „ქართულ ოცნებას“ ხოლმე. შერიგებას რა უნდა გარდა იმისა, რომ შერიგება გინდოდეს. პრობლემა მხოლოდ ამაში მდგომარეობს და ის, რომ გავარკვიოთ, ვის რა უნდა, უნდა დავაკვირდეთ. ქართველ პოლიტიკოსებს. არ გვაქვს საშუალება, რომ ერთმანეთს გულწრფელად დაველაპარაკოთ. სინამდვილეში, სხვა რაღაც ხდება საპარლამენტო ცხოვრებაში. თუ ასეთი არაფორმალური შეხვედრები გულწრფელ საუბრებს ხელს შეუწყობს, მე მივესალმებოდი“, - განაცხადა ხვიჩიამ.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თხოვნით მიმართვა, შეწყალების უფლება უფრო თამამად გამოიყენოს, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ამ შემთხვევაში არ გულისხმობს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.
„გზავნილი არ ვიცი, მაგრამ თხოვნა მაქვს, რომ ზოგადად, ახალი წელია, შობა მოდის და მისი ერთ-ერთი მთავარი უფლებამოსილება და კომპეტენცია არის შეწყალება, ზოგადად, ამ თვალსაზრისით, იფიქროს. მე ვეცდები, რომ მხარი დავუჭირო საქართველოს პარლამენტში ყველა პარტიასთან იმ თვალსაზრისით, რომ ამას არ მოჰყვეს რაღაც ტიპის პრობლემები, მაგრამ ვთხოვდი, რომ პრეზიდენტმა უფრო თამამად გამოიყენოს თავისი დისკრეცია შეწყალების შესახებ. მიხეილ სააკაშვილს არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. მგონია, რომ ეს ცალკე გადასაწყვეტი პოლიტიკური საკითხია. ზოგადად, პატიმრების შეწყალებას ვგულისხმობ“, - აღნიშნა ხვიჩიამ.