თურქული ლირა დოლართან მიმართებაში კატასტროფულად დაეცა. ადგილობრივების თქმით, 1 აშშ დოლარის ფასი 15,60 ლირაა. შემოდგომის დასაწყისში 1 დოლარის ფასი 8,50 ლირა იყო, რაც ბევრს იმედს აძლევდა, რომ ვითარება სტაბილურობისკენ მიდიოდა, თუმცა ახლა საუბრობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკური დაღმასვლა გარდაუვალია.
თურქეთში მცხოვრები ქართველი, ნანა ჩალიკი AMBEBI.GE-ს უყვება, რომ როგორც ადგილობრივებს, ისე სამუშაოდ ჩასულებს დოლარის გაძვირებამ პრობლემები შეუქმნა.
- კოვიდ-პანდემიამ უამრავ ადამიანს შეუქმნა პრობლემა, სამსახურები ისედაც შემცირებულია. ადგილობრივების ნაწილი რამდენიმე ადგილას მუშაობს, რადგან ანაზღაურება შემცირებულია. ბოლო დღეებში იმდენად გაძვირდა ყველაფერი, ფაქტობრივად, ადრინდელი ხელფასის მესამედს იღებენ, მაშინ, როდესაც ყველაფრის ფასმა კატასტროფულად მოიმატა. ახლა საუბარია, რომ ხელისუფლება იძულებულია საჯარო უწყებებში ანაზღაურება გაზარდოს. სპეციალისტების ვარაუდით, ლირის გაუფასურება გრძელვადიან პერსპექტივაში დაარტყამს ადგილობრივ ეკონომიკას. ეს მათი თქმის გარეშეც აშკარაა.
- რა ელით თურქეთში მომუშავე ქართველებს?
- ვიცი, რომ ზოგიერთი დოლარში იღებს ხელფასს, თუმცა, ამ კრიზისის გამო, შესაძლოა, მათაც შეუმცირდეთ ანაზღაურება. ეს ალბათ დამსაქმებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული... თურქეთი დიდი ქვეყანაა და ყველას თავისი პრობლემა აქვს, ზოგი იმას დარდობს, რომ გაძვირებული დოლარის გამო, წელს ახალი წლის გეგმები ჩაეშალა.
ბევრად მძიმე მდგომარეობაში არიან ის ქართველები (და არა მხოლოდ, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც) ვინც ლირაში იღებს ხელფასს. მათი უმეტესობა საქართველოში დოლარს გზავნიდა, ამჯერად მათ მესამედის გაგზავნა მოუწევთ. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყანაში ძირითადი შემოსავალი, ემიგრანტების ფულადი გზავნილები, შობა-ახალი წლისთვის, თურქეთიდან საქართველოში გზავნილები მკვეთრად შემცირდება, რაც ალბათ ეკონომიკასაც დაეტყობა.
რადგან ბოლო ხანებში დოლარის გაძვირების ტენდენცია ნარჩუნდება, უამრავი ქართველი უკვე ფიქრობს და ცდილობს, სამუშაოდ სხვა ქვეყანაში წასვლაზე. ზოგი ამბობს, რომ მთელი ცხოვრება ემიგრაციაში, ოჯახისგან შორს ყოფნით დაიღალა, ახალი ჭერისა და პატრონის ძებნის თავი არ აქვს და შინ დაბრუნდება.
- დოლარის გაძვირებამ პროდუქტის გაძვირებაც გამოიწვია?
- დიახ, ყველაფრის ფასი გაორმაგდა, ზოგ შემთხვევაში კი გასამმაგდა. ომიკრონის შტამის გამოჩენის კვალდაკვალ, ეტყობა, მოსახლეობამ მარაგის გაკეთება დაიწყო, რადგან უკვე არსებობს ცნობები, რომ ეს შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება, განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფში შედიან ბავშვები და შესაძლოა, ამან საერთო ფონი ისევ დაამძიმოს... მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია ნამდვილად გამართულად მიმდინარეობს. მოკლედ, კოვიდმა ჯანმრთელობის პრობლემების კვალდაკვალ უმძიმესი სოციალური პრობლემის წინაშე დაგვაყენა. ოც წელზე მეტია აქ ვცხოვრობ და ვმუშაობ და ლირის ასეთი დაბალი კურსი არ მახსოვს. გაძვირდა საკვები, ტანსაცმელი, ტექნიკა, პირველადი მოხმარების ჰიგიენის ნივთები. ადგილობრივები ხუმრობენ, რომ ერთი შეკვრა ტუალეტის ქაღალდის ფასად იზმირის გარეუბანში ერთოთახიან ბინას იყიდი... თვენახევრის წინ ვიყიდეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა, 16 ათას ლირად (დაახლოებით, 1550 დოლარად), რომელიც ახლა 24 ათასი ლირაზე მეტი ღირს.
- ადგილობრივი წარმოება ხომ არის?
- დიახ, ადგილობრივი წარმოება მაღალია, მაგრამ ბევრ რამეს აწყობენ, მასალას კი დოლარში ყიდულობენ. შესაბამისად, გაძვირება გარდაუვალი გახდა. ხორბალი აქაც მოჰყავთ, მაგრამ თუ 5 კგ-იანი პურის ფქვილი 25 ლირა ღირდა, ახლა 50 ღირს, სამჯერ გაძვირდა ერთი ლიტრი ზეთის ფასიც. ბოლო ხანებში ხელისუფლება იძულებული გახდა, საჯარო სამსახურებში ანაზღაურება გაეზარდა. აქ საჯარო სამსახურში მინიმალური ანაზღაურება 2800 ლირაა. ხელფასს კი იმის მიხედვით უხდიან, თუ სად, რომელ უწყებაშია დასაქმებული და მუშაობის რამდენწლიანი სტაჟი აქვს პირს.