შეუძლებელია კოვიდპასპორტის გამო ყოფილიყო მინისტრების ცვლილებაზე გადაწყვეტილება მიღებული პრემიერის მიერ. ჩვენი მართვის კულტურაში ეს არ ჯდება, შეიძლება, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ კულტურაში ჯდება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
როგორც თალაკვაძე განმარტავს, ჰაერიდან მოტანილი თემაა, რომ პრემიერმა ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან კოვიდპასპორტის გამო გაათავისუფლა.
„თუ გახსოვთ პრეზიდენტის შეთავაზება და ინიციატივა კოვიდპასპორტებზე. სწორედ მან ისაუბრა თავის გამოსვლაში და შემდეგ მოხდა ამ საკითხის განხილვა. უსაფუძვლოა მითქმა-მოთქმა, თითქოს, კოვიდპასპორტის გამო მოხდა საკადრო გადაწყვეტილების მიღება. იცით, რომ საკოორდინაციო საბჭოს ფორმატი გამჭვირვალე იყო. გადაწყვეტილებებს ახმოვანებდა მთავრობა და სხვა სპიკერები, როდესაც სხდომა სრულდებოდა. საზოგადოებამ იცოდა, რა საკითხებს განიხილავდა და რა გადაწყვეტილებებს იღებდა საკოორდინაციო საბჭო. მეც მომიწია ამ ფორმატში მუშაობა და იქ ყოველთვის იყო დისკუსია და განხილვა საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად.
არავის ჰქონდა პრობლემა, ყველას ჰქონდა გახსნილობა და ღიაობა პროცესში, რათა საუკეთესო გადაწყვეტილებები მიგვეღო. ამის გამო ვინმე მოეხსნათ, ეთქვათ, რომ ხვალ მინისტრი იქნები, ან აღარ იქნები, ასეთი არ მახსენდება.
ეს ჰაერიდან მოტანილი თემაა. შეუძლებელია კოვიდპასპორტის გამო ყოფილიყო მინისტრების ცვლილებაზე გადაწყვეტილება მიღებული პრემიერის მიერ. ჩვენი მართვის კულტურაში ეს არ ჯდება, შეიძლება, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ კულტურაში ჯდება. ჩვენ გვინახავს დამცირებულად გაგდებული ადამიანები ხელისუფლებიდან, ბევრი უსამართლოდ. გვინახავს დამამცირებელი მოპყრობით გაგდებული თანამშრომლებიც“,- განმარტავს თალაკვაძე.
არჩილ თალაკვაძემ ჯანდაცვის მინისტრად მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა. როგორც თალაკვაძე განმარტავს, თანამდებობა არასდროს ყოფილა მისი თვითმიზანი. ამასთან დასძენს, რომ ჯანდაცვის მინისტრობა არ არის პრივილეგია და კომფორტი.
“მინდა წარმატებები ვუსურვო ეკატერინე ტიკარაძეს შემდგომ საქმიანობაში. რაც შეეხება ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ხედავთ, რომ ახალი მინისტრის დანიშვნა ხდება იმ რეჟიმში, რომ მოქალაქეები არ დაზარალდნენ.
მინისტრი აგრძელებს მუშაობას, ვიდრე ახალი კანდიდატურის შერჩევა მოხდება, რათა წყვეტა არ მოხდეს ჯანდაცვის პოლიტიკის განხორციელებაში. რაც შეეხება კანდიდატს, ახალ მინისტრთან დაკავშირებით გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა, გადაწყვეტილებას პრემიერი მიიღებს, თუ ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი. მსჯელობა დასრულდება და კონკრეტულ კანდიდატურაზე მოხდება შეთანხმება.
თანამდებობა ჩემთვის არასდროს ყოფილა თვითმიზანი. მართლაც ურთულეს პოზიციებზე მომიწია მუშაობა 2012 წლის შემდეგ და მანამდეც, როდესაც ომბუდსმენის მრჩეველი გახლდით და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ვმუშაობდი.
ძალიან რთული სფეროა. პირდაპირ გეტყვით, რომ ის ადამიანი, ვინც შეირჩევა მინისტრის პოზიციაზე, ძალიან სერიოზული გამოწვევებისთვის უნდა იყოს მზად. იმ ადამიანისთვის ეს იქნება რთული მისია, არა პრივილეგია, თანამდებობა და კომფორტი. დარწმუნებული ვარ, თითოეულმა მინისტრმა, ვინც „ქართული ოცნების“ პირობებში იმუშავა ამ პოზიციაზე, ძალიან კარგად იცის, რომ ეს ასეა“, - აღნიშნავს თალაკვაძე.
რაც შეეხება იმას, უნდა ენიჭებოდეს თუ არა ე.წ. მწვანე ბარათი კოვიდგადატანილ ყველა პირს, თალაკვაძე მიმართავს მოქალაქეებს, „მწვანე პასპორტი“ ვაქცინაციის საფუძველზე მიიღონ.
„მეც ვსარგებლობ „მწვანე ბარათით“. ვთვლი, რომ საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული ინიციატივაა, რომელიც სტიმულს აძლევს მოქალაქეებს, მათ შორის, აჩვენებს პასუხისმგებლობის გაზიარების პრინციპს.
საერთაშორისო მასშტაბით დადასტურდა, რომ ნამდვილად აქვს პოზიტიური გავლენა ვაქცინაციაზე. ჩვენთანაც ჩანს, რომ მოიმატა იმუნიზაციამ, თუმცა, სხვა სტიმულებიც საჭიროა. მხოლოდ ეს არ არის პანაცეა. მიმაჩნია, რომ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მოქალაქეების დარწმუნება, უნდა გავაგრძელოთ ამ სფეროში უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება, რათა მოქალაქეებმა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. ვაქცინას პანდემიის დასრულება შეუძლია. მინდა ვურჩიო მოქალაქეებს, სწორედ ვაქცინაციის საფუძველზე მიიღონ „მწვანე საბუთი“. ვაქცინა ბევრად უსაფრთხო გამოსავალია, ვიდრე ლოდინი, განცდა და შიში თუ როდის შეიძლება დაინფიცირდეს“, - აღნიშნავს თალაკვაძე.