თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2021 განახლებული ფორმატით ჩატარდა და გამარჯვებულები გამოავლინა. წელს დაჯილდოებას ორი ახალი ნომინაცია დაემატა: საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის და გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში. კონკურსში 360-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, მათგან საუკეთესოები კი დამოუკიდებელმა ჟიურიმ გამოარჩია.
ნომინაციაში საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის გაიმარჯვა კომპანიამ, რომელიც მომავლის სატრანსპორტო მომსახურებას ქმნის. „ელექტროტრანსპორტი არის მომავალი“, - ამბობს „ქარის“ დამფუძნებელი დანიელ დონეციანი, რომელმაც აპლიკაციის საშუალებით მოპედების გაზიარების სერვისი შექმნა.
„ქარი“ ეკო-მეგობრული ელექტრომოპედების საზიარო სერვისია, რომელიც შეიქმნა ურბანულ პირობებში სწრაფი და მარტივი გადაადგილებისთვის. მოპედების გამოყენება შესაძლებელია „ქარის“ აპლიკაციით, რომელიც უშუალოდ სამგზავრო დანიშნულების გარდა მომხმარებელთან საკომუნიკაციო ეფექტურ არხადაც მოქმედებს.
სერვისის საზიარო ბუნება მომხმარებელს ათავისუფლებს მოპედის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული უხერხულობებისგან, ხოლო მთავარი ბენეფიტები რჩება : 24/7 ხელმისაწვდომობა, საცობებში მოძრაობის თავისუფლება, გარანტირებული საპარკინგე ზონები, ეკო-მეგობრულობა და ასე შემდეგ.
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპის ნომინაციაში ფინტექ კომპანია „ფეიზიმ“ გაიმარჯვა, ამით სტარტაპმა თავის მრავალრიცხოვან ჯილდოებს თიბისი ბიზნესდაჯილდოების ჯილდოც მიამატა. როგორც „ფეიზის“ თანადამფუძნებელი გეგა წურწუმია ამბობს, „ფეიზი“ არის ფულის მიღების ონლაინ საშუალება, რომელიც გადახდების გაციფრულებით ბიზნეს პროცესებს ამარტივებს.“
„ფეიზი“ ონლაინ გადახდების პლატფორმაა, ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის თუ ფიზიკური პირისთვის, ვინც ვაჭრობს ონლაინ სივრცეში. „ფეიზის“ ტექნოლოგია ადამიანებს აძლევს საშუალებას ონლაინ გადახდები მიიღონ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და ნებისმიერი ბარათით.
სტარტაპი 2021 წლის დასაწყისში გაეშვა, ძალიან ამბიციური მიზნით, რომ გამხდარიყო ფულის მიღების ყველაზე ეფექტური ონლაინ საშუალება. გაშვებიდან დღემდე „ფეიზიმ“ უკვე 250 000-ზე მეტი ტრანზაქცია განახორციელა, გახდა VISA-ს სტრატეგიული პარტნიორი, გავიდა უზბეკეთის ბაზარზე, 2022 წლის პირველ კვარტალში კი მისი სერვისები ხელმისაწვდომი იქნება უკრაინასა და ყაზახეთში, ხოლო წლის ბოლოს კი „ფეიზი“ გაეშვება პოსტ-საბჭოთა სივრცის 10 ქვეყანაში.
ნომინაციაში გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის გაიმარჯა სოციალურმა საწარმომ „კოდალა”, რომელიც 2016 წლიდან არსებობს.
"კოდალა" ხის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის ხის ასაწყობ სათამაშოებს, რომელიც ავითარებს ბავშვის წარმოსახვას და მეხსიერებას, ეხმარება მას თვალის გავარჯიშებაში. საღებავი ხის სტრუქტურას ბოლომდე არ ფარავს, რაც ხელს უწყობს ბავშვმა შეიგრძნოს ხის ენერგეტიკა. ზედაპირი დაფარულია სათამაშოებისთვის განკუთვნილი ეკოლოგიურად სუფთა საღებავებით, რომელიც სრულიად უსაფრთხოა ბავშვისათვის და შეესაბამება სათამაშოს უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს.
კომპანიის ღირებულებათა ჯაჭვი თანხვედრაში მოდის გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპებთან. "კოდალას“ საწარმოში დასაქმებულია 25 ადამიანი, მათ შორის 16 შშმ პირია, რითაც კომპანია ხელს უწყობს მათ რესოციალიზაციას, საზოგადოებაში ინტეგრაციას და ღირსეულ დასაქმებას.
ნომინაციაში რეგიონის განვითარებაში გამორჩეული როლისთვის გაიმარჯვა Nunisi Forest Hotel- მა - ეს 2001 წელს დაწყებული პროექტია, რომელიც კურორტ ნუნისს ახალ სიცოცხლეს სძენს. პროექტის ფარგლებში აშენდა სასტუმროები, გარემონტდა არსებული კოტეჯები და დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა, გაჩნდა ახალი ჰოსტელები, რომლებმაც რეგიონს გამორჩეული იერი მიანიჭა.
ნუნისი არის სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და გასართობ-დასასვენებელი კომპლექსი, რომელიც ბორჯომ-ხარაგაული ეროვნული პარკის ტერიტორიზე ზღვის ზონიდან 750 მეტრზე მდებარეობს. ამ რთულად მისადგომ ადგილას კურორტის გახსნამ ხელი შეუწყო სხვადასხვა ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივები დაასაქმა.
სამომავლოდ დაგეგმილია, რომ კურორტმა 4-ვე სეზონზე შეძლოს დამსვენებლის მიღება, ამისათვის იგეგმება 120 ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო მშენებლობა, ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა, სპა/საპროცედურო ცენტრის რენოვაცია, რაც გაზრდის ტურისტების რაოდენობას და შესაბამისად დასაქმებულების რიცხვს.
DODO Designs x Ska Juice Bar, როგორც წარმატებული კოლაბორაციის მაგალითი, გახდა გამარჯვებული ნომინაციაში საუკეთესო ბიზნეს თანამშრომლობა.
DODO Designs ქართული დიზაინ სტუდიაა, რომელიც 2015 წლიდან აქტიურად მუშაობს თეატრის, კინოს, სარეკლამო რგოლების, მუსიკალური ფესტივალების მხატვრულ გაფორმებაზე, ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინზე. 2018 წლიდან დამფუძნებლებმა დოდო და თაკო ჩხეიძეებმა ამავე სახელწოდების კომპანიაც დააარსეს.
DODO Designs-ი ცდილობს, რომ თითოულ ნამუშევარს თავისი კონცეფცია ჰქონდეს, მოიტანოს ემოციები და იყოს გამორჩეული.
კომპანიის პორტფოლიოში ბევრ დასამახსოვრებელი პროექტია: ყვავილების პავილიონები ორბელიანის მოედანზე, საახალწლო დეკორაციები გეგეშიძის და მრგვალ ბაღებში, მანათობელი გულის ინსტალაცია „გალერეა თბილისისთვის“. მიმდინარე მასშტაბური პროექტებიდან კი გამორჩეულია ვარკეთილის მეტროს ინტერიერის დიზაინი, რომლის რეაბილიტაციაც ახლა მიმდინარეობს.
წარმატებული კოლაბორაციის მაგალითია DODO Designs-ის და Ska Juice Bar-ის თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც 1 წლის განმავლობაში 6 ფილიალისთვის შეიქმნა ინტერიერის დიზაინი. ენერგიული და ნათელი ჯანსაღი კვების ობიექტების ქსელი მომხმარებელს საუკეთესო გარემოს სთავაზობს.
„ქსელურ კვების ობიექტზე მუშაობამ დიდი გამოცდილება მოგვცა და ჩვენი კომპანია კიდევ უფრო განვითარდა და მასშტაბი გაიზარდა“, - ამბობს დოდოშკა ჩხეიძე, DODO Designs-ის თანადამფუძნებელი.
წელს ჟიურის გადაწყვეტილებით საპატიო ჯილდო გადაეცა სპა რეზორტ ლოპოტას, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებაში, დაასაქმა უამრავი ადამიანი და განავითარა ინფრასტრუქტურა. ლოპოტას დამფუძნებელი გოგა მაისურაძე სიცოცხლის განმავლობაში განაგრძობდა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის საზღვრების გაფართოებას. მისმა შორსმჭვრეტელმა იდეამ, შორეულ ტბაზე სასტუმროს მშენებლობის შესახებ, წარმოშვა ლოპოტა სპა რეზორტი, რომელიც სავსეა ფართო ინფრასტრუქტურითა და პრემიუმ კლასის მომსახურებით.
რეზორტის წარმატებამ კი გზა გაუხსნა მთლიანად კახეთის რეგიონს, დაანახა ხალხს მისი ტურისტული პოტენციალი და დღეს უკვე კახეთი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველი ადგილია. ლოპოტას განვითარების და წარმატების ისტორია არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამხელა ცვლილების მოტანა შეუძლია კერძო ინიციატიავას.
ასევე, ქვეყნის ბიზნესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო გადაეცა აჭარა ჯგუფს, რომელიც წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარმასპინძლობის, ცხოვრების სტილის განვითარებისა და აგროწარმოების სფეროებში. კომპანიამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა ე.წ. lifestyle ბრენდების განვითარებისა და მართვის პროცესში ტენდენციების დამამკვიდრებელი დაწესებულებებისა და სამეწარმეო პროექტების შექმნისთვის.
აჭარა ჯგუფის დაარსებული რესტორნები საერთაშორისო გასტრონომიულ ტალანტებსა და ადგილობრივ, ცოცხალ პროდუქტებს აერთიანებს.
ქვეყნის სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ახალი სტანდარტების დაწესების გარდა, აჭარა ჯგუფი აღმოსავლეთ საქართველოში უმსხვილეს სასოფლო-სამეურნეო და ფერმერულ პროექტსაც ახორციელებს.
R