ავტორი:

"რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების 80-90 % აუცრელია" - ლევან გოფოძე

"რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების 80-90 % აუცრელია" - ლევან გოფოძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 210 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც 80-90% ვაქცინირებული არ არის.

როგორც გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 65 პირია მოთავსებული.

"ამჟამად ჩვენს კლინიკაში 210 პაციენტი გადის მკურნალობას. აქედან 65 პაციენტია რეანიმაციულ განყოფილებაში. კვლავ მაღალია რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა. ასაკოვანი პაციენტების რაოდენობაა საკმაოდ მაღალი, ამ 210 პაციენტიდან ძირითადად 60 და 70 წელს ზემოთ პირები არიან. ბუნებრივია, მათი დამძიმების რისკი კიდევ უფრო მაღალია. რაც ყველაზე საყურადღებოა, ძირითადი, ალბათ, 80-90%-ზე მეტი ამ პაციენტებში აუცრელია. მივდივართ საწყის წერტილთან, რომ ვაქცინაცია აუცილებელი ღონისძიებაა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს დაიცავს ვირუსისგან და მისი მძიმე ფორმებისგან. შესაძლოა, ვირუსული ინფექცია დაგვემართოს, მაგრამ ვაქცინაცია ამცირებს გარდაცვალების და მძიმე ფორმებით მიმდინარეობის რისკს",- განაცხადა გოფოძემ.

რაც შეეხება ზოგადად, ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას, ლევან გოფოძის თქმით, "ჯერ კიდევ რთული ვითარება რჩება" და თუ ქვეყანაში "ომიკრონის" შტამი გამოჩნდება, სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოსაც მოუწევს, მისი გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებები გაატაროს.

"არ მცირდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც სამედიცინო პერსონალში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. რაც შეეხება იმას, რას ველით, ამის პროგნოზირება რთულია. საქართველოს მოუახლოვდა "ომიკრონის" შტამი. მიუხედავად პროგნოზისა, რომ ეს შტამი არაა ისე მძიმედ მიმდინარე და ფილტვის ქსოვილს ნაკლებად აზიანებს, ეს მხოლოდ პროგნოზია და საბოლოოდ, როგორ მოიქცევა ვირუსი, არავინ იცის. ამიტომ ყველა ღონისძიება, რომელსაც განვითარებული ქვეყნები მიმართავენ შტამის გავრცელების საწინააღმდეგოდ, მიმაჩნია, რომ სრულიად ადეკვატურია და საქართველოს თუ ამ შტამთან ბრძოლა მოუწევს, ალბათ, იგივე გზა უნდა გავიაროთ",- განაცხადა ლევან გოფოძემ.