ავტორი:

რატომ არიან ფინანსისტები ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი კადრები?

რატომ არიან ფინანსისტები ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი კადრები?

რამდენად წარმატებული იქნება ჩემი კარიერა? ბაზარზე მოთხოვნადი კადრი ვიქნები? ჩემი ანაზღაურება მზარდი იქნება? საკუთარი ბიზნესიდეის კომერციალიზაციას დამოუკიდებლად შევძლებ? - ეს ის კითხვებია, რომლებსაც პროფესიის შერჩევის დროს ადამიანი აუცილებლად სვამს და მათზე დადებითი პასუხის მიღების შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული პროფესია, რომელიც თითოეულ ამ კითხვას და გამოწვევას პოზიტიურად პასუხობს, ფინანსებია. პროფესიის სწორად შერჩევის შემდეგ კი მნიშვნელოვანია იმ უნივერსიტეტში შეისწავლოთ თქვენი საქმიანობა, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს სრულად პასუხობს.

ფინანსების სასწავლო პროგრამის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის არსებულ შესაძლებლობებზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის ბიზნესის ადმინისტრირება-ფინანსების ხელმძღვანელი მაია მელიქიძე გვესაუბრება.

დღეს რა შესაძლებლობებს სთავაზობს ადამიანს პროფესია „ფინანსისტი“?

ფინანსები ტრანსფორმაციას განიცდის. ერთი შეხედვით, ის რუტინულ საქმედ ჩანს. რეალურად კი ადამიანი, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლოს ფინანსებს, აღმოაჩენს, რომ სულაც არ არის ისეთი რუტინა, როგორიც გარედან ჩანს. ფინანსები მხოლოდ ბუღალტერიას არ გულისხმობს. ფინანსისტობა ძალიან საინტერესო საქმეა. მე მას ხელოვნებასაც კი შევადარებდი. ადამიანებს ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენების გზით შეუძლიათ, შექმნან კაპიტალი, მოიზიდონ ინვესტიციები, მოახდინონ იდეების რეალიზაცია და კომერციალიზაცია. რეალურად ადამიანი ცხოვრებაში სრულად რეალიზდება მაშინ, როდესაც საკუთარი ინტერესების ცხოვრებაში გამოყენებას ახდენს, აკეთებს იმას, რაც აინტერესებს. მომავალ თაობას კი საკუთარი ბიზნესი და სტარტაპი აინტერესებს. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად უკავშირდება ფინანსებს. ერთია, როდესაც გაქვს ძალიან კარგი იდეა და მეორეა, როდესაც შენი მისი ცხოვრებაში რეალურად განხორციელება შეგიძლია. ფინანსების ცოდნის გარეშე ეს შეუძლებელია. მსოფლიოს წამყვანი სტარტაპერების უდიდესი ნაწილი ძლიერი ფინანსისტია. პირველი პროფესია მათ ფინანსები აქვთ. მიზეზი მარტივია - ციფრები საუკეთესოდ გადმოსცემენ სათქმელს. როდესაც ინვესტორის წინაშე წარდგება ადამიანი, მან საკუთარი იდეა ციფრებით უნდა გადმოსცეს. ინვესტორს სჭირდება, ციფრებში დაინახოს, თუ როდის და რამდენ სარგებელს მიიღებს ინვესტირების შემთხვევაში. ამიტომ სტარტაპერმა საკუთარი იდეა ციფრებში უნდა თარგმნოს და ისე წარდგეს ინვესტორის წინაშე. თუ ამ იდეას ციფრებში არ გააცნობ, მას შენს იდეაში კაპიტალის ჩადება ძალიან გაუჭირდება. სწორედ ეს არის ის უსაზღვრო შესაძლებლობა, რომელსაც ადამიანს ფინანსების ცოდნა აძლევს.

რამდენად მრავალფეროვანია სექტორები, რომელში დასაქმებაც ფინანსების კურსდამთავრებულებს შეუძლიათ?

მნიშვნელოვანია, კარგად გავიაზროთ, რომ ფინანსების სწავლა აუცილებლად ბუღალტრად საქმიანობას არ ნიშნავს. ფინანსისტი შეგვიძლია მოვიაზროთ აუდიტორის ან ბანკირის ამპლუაში. ნებისმიერი კონკრეტული ინდუსტრიის, მაგალითად, სამშენებლო, კვების, სტუმარმასპინძლობის სექტორში მას შეუძლია ფინანსური მენეჯერის და უფრო მეტიც, დირექტორის პოზიცია დაიკავოს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ფინანსისტობა საუკეთესო საშუალებაა სტარტაპის კომერციალიზაციისთვის. ჩვენი ქვეყანა სწორედ ახლაა გარდამავალ ეტაპზე, როდესაც სტარტაპები იქმნება და ვითარდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საფეხურია და აუცილებელია ბევრი მაღალკვალიფიციური ფინანსისტი, რომელიც საკუთარ იდეას წარმატებულ ბიზნესად აქცევს.

ფინანსებში მნიშვნელოვანია ACCA აკრედიტაცია. რას ნიშნავს ეს სტანდარტი და რამდენად ეხმარება ის ფინანსისტს წარმატების მიღწევაში?

ACCA აკრედიტაცია ფინანსისტის კვალიფიკაციის განმსაზღვრელი სტანდარტია. დღეს დამსაქმებელი უყურებს იმას, თუ ACCA-ის რამდენი წიგნი აქვს ჩაბარებული ადამიანს. ადრე იყო ასეთი პრაქტიკა, რომ სტუდენტი უნივერსიტეტში სწავლობდა ფინანსებს და სწავლის დამთავრების შემდეგ დამატებით აბარებდა ACCA გამოცდებს, რაც კარგია, მაგრამ დამატებით დროსთან, ხარჯთან და ენერგიასთან არის დაკავშირებული. ახლა ახალი სტანდარტია, როდესაც უნივერსიტეტშივე ისწავლება ACCA-ის წიგნებით და გამოცდების ჩაბარება ხდება. მაგალითად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს აქვს ACCA აკრედიტაცია, რაც საკმაოდ რთული მოსაპოვებელი იყო, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. ამ მიმართულებით ჩვენი სტუდენტები საკმაოდ წარმატებულები არიან. ისინი ევროპის მასშტაბით 20-ეულში და მსოფლიო მასშტაბით 50-ეულში შედიან.

ზოგადად, ფინანსისტებს აქვთ თუ არა შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო მასშტაბით დასაქმდნენ? თუ მათ მხოლოდ ადგილობრივად შეუძლიათ წარმატების მიღწევა?

ფინანსისტობა გლობალური საქმიანობაა. ACCA სტანდარტით აკრედიტებული ფინანსისტი მსოფლიო მასშტაბით მოთხოვნადი კადრია მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნიდან არის ის. აქ მთავარი არა წარმომავლობა, არამედ ისაა, თუ ACCA-ის რამდენი წიგნი აქვს ჩაბარებული. საერთაშორისო წარმატებულ კომპანიებში კვალიფიციურ ფინანსისტებს გზა ხსნილი აქვთ. ძალიან კარგი იქნება, თუ ქართველი სტუდენტები გამოცდილებას მიიღებენ საერთაშორისო კომპანიებში, განსაკუთრებით კი კაპიტალის ბაზრებზე ფასიანი ქაღალდების ვაჭრობის მიმართულებაში, ბროკერობასა და დილერობაში.

ფინანსისტობის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად მაღალი შემოსავალი ითვლება. რეალურად როგორია უკანასკნელი პერიოდის ტენდენცია, ინარჩუნებენ ფინანსისტები მაღალშემოსავლიანი კადრების სტატუსს?

ნამდვილად ასეა. კარგი ფინანსისტი ყოველთვის იყო და იქნება მოთხოვნადი და შესაბამისად, მაღალანაზღაურებადი კადრი. მაღალი მოთხოვნა მაღალ ანაზღაურებას განაპირობებს.

ფინანსების სწავლა ძალიან ჰგავს ტრამპლინს. ამ მიმართულებით მაღალი კვალიფიკაცია საშუალებას გაძლევს საკმაოდ პატარა ასაკში რეალურად მაღალი ანაზღაურება მიიღო. ხშირად მხვდებიან ახალგაზრდები, რომლებიც 25-27 წლის ასაკში მსხვილი კომპანიების ფინანსური დირექტორები ხდებიან. ამის შესაძლებლობას კი მათ ფინანსების საფუძვლიანი შესწავლა აძლევს.

როგორ უნდა მოხდეს სტუდენტის მაღალკვალიფიციურ ფინანსისტად ჩამოყალიბება? როგორია ტრამპლინისკენ მისასვლელი გზა?

ამას ჩვენი უნივერსიტეტის მაგალითზე გეტყვით. პირველი და მეორე კურსი არის თეორიული ნაწილი. ლექტორები სტუდენტებს ამეცადინებენ და პრაქტიკულ ქეისებს განიხილავენ. მესამე კურსზე ისინი გადიან სტაჟირებას ჩვენს პარტნიორ აუდიტორულ კომპანიებსა და ბანკებთან. ჩვენს პარტნიორებს შორის არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციაცაა.

მეოთხე კურსი უკვე კარიერის ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მათ შეუძლიათ გააგრძელონ საქმიანობა იმ სექტორში, სადაც სტაჟირება დაიწყეს. თუმცა მეორე მხრივ, ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, საკუთარი იდეის კომერციალიზაცია მოახდინონ. ამ პროცესში მთელი გუნდი ჩართული ვართ და სტუდენტს მაქსიმალურად ვეხმარებით. შრომისა და მონდომების, საქმეში ჩადებული ენერგიის შემდეგ კი აუცილებლად ჩნდება ტრამპლინი, რომელიც უკვე ფინანსისტს მაღალშემოსავლიან მაღალი რგოლის მენეჯერად ან წარმატებულ სტარტაპერად აქცევს.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

R