ავტორი:

"ახლა ბიძინა და მიშა ხელს ჩამოართმევენ და ცხოვრება მშვენიერი გახდება, ასე არ იქნება" - შერიგება, დარიგება თუ ფარსი? როგორია ექსპერტების შეფასებები პრეზიდენტის ინიციატივაზე

"ახლა ბიძინა და მიშა ხელს ჩამოართმევენ და ცხოვრება მშვენიერი გახდება, ასე არ იქნება" - შერიგება, დარიგება თუ ფარსი? როგორია ექსპერტების შეფასებები პრეზიდენტის ინიციატივაზე

"ჩვენი სახელმწიფო 30 წლისაა, ზრდასრული სახელმწიფოა, დროა, გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო დამწიფებულ ახალ პოლიტიკაზე", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის გამართულ წინასაახალწლო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და მნიშვნელოვანი გზავნილები გაახმოვანა.

"ეს პროცესი უნდა ეყრდნობოდეს რამდენიმე მთავარ პრინციპს. ერთი არის ინკლუზიურობა, დღეს ყველა არის პოლარიზებული, ყველა დარგი, სექტორი საზოგადოების, თუ პოლიტიკის. ყველა უნდა იყოს ჩართული. ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე. დაიწყება კონსულტაციებით, ინდივიდუალურ, თუ ჯგუფურ დონეზე, ყველა სფეროს მონაწილეობით. ეს ყველაფერი უნდა იყოს ვრცელი კომუნიკაციის ფონზე, რათა საზოგადოება და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც რომელიმე მომენტში არ არის ჩართული შეხვედრაზე, შეძლოს გაეცნოს, კონსულტაციის შინაარსს.

ამ პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რაიმე ფორმის წინაპირობა. სხვადასხვა მხრიდან, სხვადასხვა წინაპირობები მესმის, ეს ნიშნავს, რომ ეს წინაპირობები უეჭველად ახალ პოლარიზაციას და ახალ დაპირისპირებას წარმოშობს. ეს ნიშნავს, რომ პროცესი ჩიხში შევა. არაფერია გამორიცხული, მაგრამ ყველაფერი პროცესში მოსაგვარებელი და მოსალაპარაკებელია",- აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის მიერ ეროვნული თანხმობის პროცესის წამოწყება პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა დადებითად შეაფასა. პოლიტიკური ძალები თანხმდებიან იმაზე, რომ პრეზიდენტმა მათ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი შესთავაზა და ისინი დიალოგისთვის მზაობას გამოთქვამენ, თუმცა მხარეები წინასწარ ვერ საუბრობენ იმაზე, ექნება თუ არა ამ მოლაპარაკებებს კონკრეტული შედეგი და დასრულდება თუ არა ის შერიგებით.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სკეპტიკურად უყურებს ამ ინიციატივას და თვლის, რომ პრეზიდენტი შეფასების ნაწილს ვერ გასცდება, მან თუ კონკრეტული გეგმა და "საგზაო რუკა" არ წარმოადგინა.

"პრეზიდენტის პათოსს შეფასებით ნაწილში ვიზიარებ, მაგრამ ეს არის მხოლოდ შეფასებითი ნაწილი. ჩვენ პრეზიდენტს იმისთვის არ ვირჩევთ, რომ ვითარება შეაფასოს, არამედ იმისთვის, რომ იმოქმედოს, როცა თვლის, რომ ეს აუცილებელია. ვფიქრობ, შეფასების ნაწილს ის ვერ გასცდება იმიტომ, რომ კი, ბატონო, გავიგეთ, ის სვამს დიაგნოზს, მაგრამ გამოსავალი, კონკრეტული გეგმა, კონკრეტული საგზაო რუკა თუ არ წარმოადგინა, მაშინ კაპიკია ამ ყველაფრის ფასი და ეს რაღაც პრანჭვას უფრო ემსგავსება. მან უნდა შესთავაზოს კონკრეტული გეგმა მხარეებს. საერთოდ, ნებისმიერ შერიგებას, პირველ რიგში, სჭირდება გეგმა, რაც ხელისუფლების პრეროგატივაა, მან უნდა შექმნას ამის საფუძველი. ჩვენ შეიძლება დავივიწყოთ, რაც ადრე იყო, მაგრამ წინ რა გველოდება, ის მაინც ხომ უნდა ვიცოდეთ? შევრიგდეთ, მაგრამ ჩხუბის საფუძველი ისევ დავტოვოთ და, შესაბამისად, ხვალ ისევ ვიჩხუბოთ, ეს ხომ ფარსს დაემსგავსება?

იმისათვის, რომ შეიქმნას საფუძველი, მინიმუმ საზოგადოებას იმის განცდა სჭირდება, რომ თამაშის წესები ხვალ იქნება სამართლიანი. სამართლიანობის განცდის გარეშე რეალური შერიგება შეუძლებელია. სამართლიანობის განცდა კი გაჩნდება მაშინ, როდესაც კანონის უზენაესობა იქნება ქვეყანაში, როდესაც პოლიცია არ იქნება პოლიტიზებული, როდესაც არ იქნება ტოტალური მოსმენები, საარჩევნო პროცესში არ ექნება ადგილი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და ა.შ. ეს წინაპირობები თუ არ შეიქმნა, შერიგებას, უბრალოდ, აზრი არ აქვს. საზოგადოებაა შერიგების დამკვეთი და არა პოლიტიკოსები, როგორც ზურაბიშვილს და სხვებს ჰგონიათ - ახლა ბიძინა და მიშა ხელს თუ ჩამოართმევენ და ცხოვრება მშვენიერი გახდება, ასე არ იქნება. ჩვენ გვჭირდება საზოგადოების შერიგება და არა პოლიტელიტის დარიგება, რაზეც დღეს არის საუბარი.

გვახსოვს, იმავე დასავლეთს ჰქონდა მცდელობა, მოხდა შეთანხმებაც, შარლ მიშელის დოკუმენტს გავიხსენებ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ შერიგების, მორიგების და ცივილურ რელსებზე გადასვლის რეალური საფუძველი არ არსებობდა, სად არის დღეს ეს დოკუმენტი, ხომ არ გახსოვთ? თუ საფუძველში არ შეიცვალა ყველაფერი, ნებისმიერი ამ ტიპის შეთანხმების აზრი, უბრალოდ, არ ჩანს - შეთანხმდებიან და დახევენ, რა პრობლემაა? აქ არ არის საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ ვიღაც ავტორიტეტულმა პიროვნებამ აიძულოს შერიგება. უბანშიც ხდება, თინეიჯერები ჩხუბობენ, დიდი ბიძიები მათ არიგებენ, მაგრამ ამით რა იცვლება? მექანიკურად შერიგდებიან, მაგრამ მათი კონფლიქტის მიზეზის აღმოფხვრა საფუძველში ხომ არ ხდება? ამით ხდება პრობლემების დაკონსერვება და არა გადაწყვეტა. როდესაც კბილი გტკივათ, შეგიძლიათ მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი, მაგრამ ეს ხომ პრობლემას ვერ გადაწყვეტს, მხოლოდ დროებით შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას. პრობლემას სჭირდება სერიოზული ჩარევა და გადაწყვეტა.

იმისათვის, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია დასრულდეს, უნდა დავსვათ დიაგნოზი, საფუძველშივე უნდა გაირკვეს კონფლიქტის მიზეზი და ის აღმოიფხვრას. დღეს გვაქვს ისეთი მოცემულობა, როცა საზოგადოების ერთი ნაწილი თავს წინა ხელისუფლების მხრიდან დაზარალებულად თვლის და ითხოვს სამართლიანობას. ამასთანავე, გვყავს მეორე ნაწილი, რომელიც უკვე დღევანდელი ხელისუფლებისგან თვლის თავს დაზარალებულად და აგრეთვე ითხოვს სამართლიანობას. ეს ორი ნაწილი რომ შერიგდეს, ამისათვის, პირველ რიგში, გვჭირდება მთლიანობაში ჩვენი პოლიტიკური ელიტის ბოდიში საზოგადოების მიმართ და რაც მთავარია, მისთვის იმის გარანტიების მიცემა, რომ ხვალიდან სამართლიანი თამაშის წესები გვექნება.

როდესაც სასამართლოში მურუსიძე ზის და აბსურდული ფულის გათეთრების საქმის წარმოებაა, როდესაც მაკო გომური ჯერ ლამის ტერორისტად აღიარეს, მერე დაზარალებულად ცნეს და დამნაშავე დღემდე არ არის იდენტიფიცირებული, როდესაც ტოტალური მოსმენებია ქვეყანაში, როდესაც ჩრდილოვანი მმართველობა გვაქვს - ფაქტობრივად, არაინსტიტუციური პირი მართავს ქვეყანას, შეიძლება ამ ვითარებაში რაიმე შერიგებაზე ვილაპარაკოთ? სალომე ზურაბიშვილს თუ უნდა ამ პროცესის წაყვანა, მაშინ თავისი აგური დადოს, თქვას, რომ ეს ყველაფერი არის უსამართლო და შევცვალოთ თამაშის წესებიო. ეს განცხადება უნდა გააკეთოს, ის კი არა, დავჯდეთ, დავილაპარაკოთო. პოლიტიკოსები რომც დასხდნენ და რამეზე გარიგდნენ, ამას დავარქვათ შერიგება? ეს ხომ ფარსი იქნება?" - ამბობს გია ხუხაშვილი.

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველს პრეზიდენტის ინიციატივამ დაუტოვა განცდა, რომ "პრეზიდენტს სურს რომის პაპზე მეტი კათოლიკეები გამოვჩნდეთ" და მას ერთ მოცემულობას ახსენებს - რომელ მოლაპარაკებებშიც "ნაციონალური მოძრაობა" მონაწილეობს, ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგი ვერასდროს ექნება, რადგან ამ დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალას ჩვენს საზოგადოებაზე რევანშის მეტი არაფერი ადარდებს.

"გულწრფელად მინდა მჯეროდეს, რომ სალომე ზურაბიშვილს მხოლოდ კეთილი სურვილები ამოძრავებს, მაგრამ ვერაფრით ვიგებ, რას ემსახურება მისი მორიგი ინიციატივა, კონკრეტულად რისი გამოსწორება უნდა? გაიმართება კიდევ რამდენიმე შეხვედრა და საბოლოოდ ფინალი რა იქნება?! მრჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტს სურს "რომის პაპზე" მეტი კათოლიკეები გამოვჩნდეთ, რისი აუცილებლობაც ნამდვილად არ არის. ქვეყანაში ორი წლის მანძილზე, ორი არჩევნები ჩატარდა, სადაც ყველამ ნახა, თუ ვის რა პოლიტიკური შესაძლებლობები აქვს. ახალი არჩევნების ჩატარების არავითარი წინაპირობა არ არსებობს და არც არავითარი კრიზისი არ არის. ერთადერთი საკითხი რაზეც შეიძლება იყოს მსჯელობა, ეს არის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ბარიერი.

ქალბატონ სალომეს კიდევ ერთხელ მინდა ორი მკაფიო მოცემულობა შევახსენო, პირველი - რომელ მოლპარაკებებშიც „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობს, ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგი ვერასდროს ექნება, რადგან ამ დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალას ჩვენს საზოგადოებაზე რევანშის მეტი არაფერი ადარდებს, და მეორე - ქართველი ხალხი, პრეზიდენტის გარეშეც გადაწყვეტს, სჭირდება თუ არა საქართველოს კოალიციური მმართველობა“, - აცხადებს ნიკოლოზ მეტრეველი.