ჩვენ არავის დავუხრით თავს, მაგრამ არც არავის ვუყურებთ ზემოდან, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც ჩვენს ამაყ და თავისუფლების მოყვარულ ხალხს ეკუთვნის და ამას ყველამ სათანადო პატივი უნდა სცეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მისი პრემიერობის პირობებში, „არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე მაღლა და არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე დაბლა“.
„მოგეხსენებათ, რომ მთავრობის ჩაბარება კრიზისულ მომენტში მომიწია, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ მაღალ ნიშნულზე ხელოვნურად იყო აწეული და დესტრუქციული ძალები სახელმწიფოზე შეტევას ცდილობდნენ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები კი საპარლამენტო საბოტაჟს ეწეოდნენ. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ თუ სახელმწიფოს სახელმწიფოდ ყოფნის პრეტენზია აქვს, მან უმთავრესი პრინციპები უნდა დაიცვას, უნდა დაიცვას კანონის უზენაესობა და შეასრულოს ვალდებულებები. სამწუხაროდ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ზოგიერთი პოლიტიკოსები ამ პრინციპებს არ აღიარებდნენ, შესაბამისად, შეურაცხყოფდნენ ქართველ ხალხსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს. ჩემს მიერ მთავრობის ჩაბარებისთანავე, ამ პრინციპების მტკიცედ დაცვა დავიწყეთ, ქვეყანაში დავამყარეთ წესრიგი და ყველას კუთვნილი ადგილი მივუჩინეთ და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება.
ჩვენ არავის დავუხრით თავს, მაგრამ არც არავის ვუყურებთ ზემოდან, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც ჩვენს ამაყ და თავისუფლების მოყვარულ ხალხს ეკუთვნის და ამას ყველამ სათანადო პატივი უნდა სცეს. ჩემი პრემიერობის პირობებში, არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე მაღლა და არცერთი მოქალაქე არ იდგება კანონზე დაბლა, მაგრამ როცა საქმე ეხება კანონისა და კონსტიტუციის დაცვას ჩვენ ნებართვას არავის შევეკითხებით, კანონი ყოველთვის აღსრულდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.