პოსტტრავმული სინდრომი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს, გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ ჯანმრთელობაზე, მას აქვს მეხსიერების დაკარგვის ეპიზოდები, რაც გამოწვეულია იმ ძალადობითა და წამებით, რომელიც მან გამოიარა გლდანის საპატიმროში,- ამის შესახებ რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, არ შეიძლება სააკაშვილის რუსთავის საპატიმროში გადაყვანა იმ სიმპტომების გათვალისწინებით, რომელიც მას აქვს.
„ის ძალიან სუსტადაა და არაფერი ახალი ამ მიმართულებით არ არის. შემიძლია კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ რეაბილიტაციის პროცესს საჭიროა თავისუფლებაზე გადიოდეს. პოსტტრავმული სინდრომი, რომელიც მას აქვს, გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ ჯანმრთელობაზე. მას აქვს მეხსიერების დაკარგვის ეპიზოდები, რაც გამოწვეულია იმ ძალადობითა და წამებით, რომელიც მან გამოიარა გლდანის საპატიმროში. რაც შეეხება მის ფსიქოემოციურ განწყობას, ის საბრძოლო განწყობაზეა, მაგრამ იღლება ძალიან სწრაფად, როდესაც ელაპარაკები და საჭიროებს სიმშვიდესა და თავისუფლებას გამოჯანმრთელებისთვის. ის ელის 21 დეკემბერს დაგეგმილ აქციას, რათა დაინახოს მომავლისთვის მებრძოლი საქართველოს ბევრი მოქალაქე,“- განაცხადა ლიზა იასკომ.
როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს, რომელიც 22 დეკემბერს არის ჩანიშნული, დიდწილად მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
"ჩვენ გვესმის, რომ სასამართლო პროცესები არის პოლიტიკური დევნის კარგი მაგალითი, რომელიც მის წინააღმდეგ ხორციელდება და სამწუხაროდ, ბევრი პოლიტიკური პატიმარია ამ ქვეყანაში. რაც შეეხება წავა თუ არა ის სასამართლო პროცესზე, დიდწილად მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული, თუმცა ახლა დარწმუნებული არ არის ამას შეძლებს თუ არა.
მას სურს თავისუფლება და სურს კარგი მომავალი საქართველოსთვის. პირველი, რასაც ის ამბობს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით არის ის, რომ უნდა მოხდეს ცვლილებები, რომ უნდა იბრძოლონ ამისთვის და ის დაეხმაროს ამ ბრძოლაში“,- განაცხადა იასკომ.