ავტორი:

"დავიღუპე... ლელა აღარ მყავს" - ცნობილი რეჟისორის მეუღლე, ქორეოგრაფი ლელა მაქაცარია გარდაიცვალა

"დავიღუპე... ლელა აღარ მყავს" - ცნობილი რეჟისორის მეუღლე, ქორეოგრაფი ლელა მაქაცარია გარდაიცვალა

ცნობილი რეჟისორის ლევან ანჯაფარიძის მეუღლე, სცენის დამდგემლი ქორეოგრაფი და პროდიუსერი ლელა მაქაცარია გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად რეჟისორი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, მაქაცარიას გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.

"დავიღუპე... ლელკა აღარ მყავს... გარდაიცვალა... ღმერთოოო" - წერს ანჯაფარიძე "ფეისბუქზე".

ლელა მაქაცარია იყო სხვადასხვა მიუზიკლების ქორეოგრაფი, მათ შორის "ფიროსმანი", "ჩხიკვთა ქორწილი", "თოვლის ბებოს ზრაპარი“, ასევე – თემურ ყვითელაშვილის, მანანა თოდაძის, თემურ წიკლაურის, ჯემალ სეფიაშვილის, ალექსანდრე ბასილაიას სოლო კონცერტების ქორეოგრაფი.

ლევან ანჯაფარიძე და ლელა მაქაცარია

მასთან 2 წლის წინ ჩაწერილი ინტერვიუ ინახება "კვირის პალიტრის" არქივში, სადაც მაქაცარია მეუღლის ფილმზე, "მტერი ჩემი, ძმა ჩემი" საუბრობს. ფილმმა თავის დროზე ჩვენების რეკორდები მოხსნა. ქართულ-აფხაზურ ტრაგედიაზე გადაღებულ დრამას აფხაზთა გამოხმაურებებიც მოჰყვა.

სწორედ ამ ფილმის მეიქინგ-ოფზე ზრუნავდა ლელა მაქაცარია, ასევე ეპიზოდურ როლს თამაშობდა. "მეიქინგ-ოფი" ჰქვია ფოტოგრაფიას, როდესაც კინოკადრები გადაღების შემდგომ მხოლოდ ფოტოებზე რჩება და ხშირად ფილმებზე არანაკლებ საინტერესოა.

"მეუღლეობამ იმის უფლება მომცა, რომ უხელფასოდ მემუშავა პროდიუსერად, ხანდახან კი მსახიობადაც და არა მარტო რეჟისორ ლევან ანჯაფარიძის ფილმებში. მოცეკვავე ვარ, წლების განმავლობაში ფილარმონიის მთავარი ქორეოგრაფი ვიყავი, კინოპლასტიკას მთელი სხეულით ვგრძნობ და ყველაფერი შედარებით იოლად გამომდის.

ლევანმა მთხოვა, ამ ეპიზოდში მეგრულად იყვირე: "რატომ მოკალი?!" - მეგრელი კი ვარ, მაგრამ მეგრული არ ვიცი, ეს სიტყვები მეგრელებმა მასწავლეს, მაგრამ ისე ამოვიძახე, მთელი სხეული მეტკინა.

ლელა მაქაცარია გადასაღებ მოედანზე

ფილმს ბაზალეთის ტბაზე ვიღებდით და კადრს მიღმა დარჩენილი ბევრი იქაური ფოტოც სულისშემძვრელია. ისინი ისე მოგითხრობენ ამბავს, სიტყვით რომ ვერ გადმოსცემ. ეკრანს გარეთ არა მარტო კინოფოტოკადრები, ამბებიც რჩება. ჩვენს ფილმში არის სცენა, სადაც ქართველი და აფხაზი ცეკვავენ. ეს სცენა ელდარ შენგელაიას რომ უნახავს, ღამის ორ საათზე გაგვაღვიძა მისმა სატელეფონო ზარმა. ლევანს ჰკითხა, ბიჭო, ეს სცენა რამ გადაგაღებინა, მსოფლიო კინოაო! ერთ-ერთ როლს მსახიობი დიმა ჯაიანიც თამაშობდა.

თურმე სამეგრელოში იყო და მისთვის მთავარი სცენის გადაღების დრო არავის შეუტყობინებია. ლამის შუაღამისას რომ დავურეკე, მითხრა, დილით ჩამოვალ, მანამდე არ შემიძლიაო. არადა, ამ სცენის გადასაღებად დაახლოებით 80 კაცი გვყავდა და მათი სხვა დროს შეკრება შეუძლებელი იყო. სხვა გზა არ მქონდა და გრიბოედოვის თეატრის მსახიობ გიორგი თურქიაშვილს დავურეკე. ვუთხარი, როლი ამაღამ უნდა ისწავლო და დილით უნდა ითამაშო-მეთქი. ამხელა როლის სწავლაში ღამენათევმა კაცმა დილით ისე ითამაშა, გაგვაოგნა. ეს არის ნამდვილი კინო" - იხსენებდა მაქაცარია.