საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას შეფასებით, სააკაშვილს კვლავ სისუსტე აღენიშნება და საკვებს ვერ იღებს.
ამის შესახებ მან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
"აქვს სისუსტე, ჭამა არ უნდა. უნდა დააძალო ან ელაპარაკო, რომ ეს მისთვის აუცილებელია. ერთ ლუკმას თუ შეჭამს, მერე ცდილობს, რომ წამოწვეს“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
რაც შეხება ცენტრ "ემპათიის“ დასკვნას, გიული ალასანიას თქმით, მათ ერთად მოისმინეს ტელევიზორში ეს დასკვნა, თუმცა, მიხეილ სააკაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია. გიული ალასანია ელის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საერთაშორისო კონსილიუმი შეიქმნება.
"იმედი მაქვს, ეს კონსილიუმი შედგება. ქალბატონი ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილი კონსილიუმიც იყო და მათაც მოგვახსენეს თავიანთი დაკვირვებების შედეგები. ყველა ერთხმად აღნიშნავდა იმას, რომ ამ ეტაპზე, იმ მდგომარეობაში, რომელშიც არის, მისი ციხეში დაბრუნებაზე ლაპარაკი კი ზედმეტია“, - განაცხადა ალასანიამ.
ამასთან, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მის გათავისუფლების მოთხოვნით "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას ძალიან ელოდება.
"აქციას ძალიან ელოდება და დიდ იმედებს ამყარებს. იმედი აქვს, რომ ბევრი ხალხო მოვა. იმის მოლოდინი აქვს, რომ არსებული კრიზისის გამო, ბევრი ხალხი გამოთქვამს პროტესტს“,-განაცხადა გიული ალასანიამ.