ავტორი:

პირველი არხის ცნობილი დიქტორი მალხაზ გელაშვილი დაუნდობელმა კოვიდმა შეიწირა - "მუდამ გამორჩეული იყო და არავისში აგერეოდა, მალხაზის "ცისკარაც" დაუვიწყარი იყო..."

პირველი არხის ცნობილი დიქტორი მალხაზ გელაშვილი დაუნდობელმა კოვიდმა შეიწირა - "მუდამ გამორჩეული იყო და არავისში აგერეოდა, მალხაზის "ცისკარაც" დაუვიწყარი იყო..."

მისთვის ყველა საუკეთესო ეპითეტი მემეტება, რაც კი შეიძლება ადამიანს მიუძღვნა, რადგან მუდამ გამორჩეული იყო და არავისში აგერეოდა: მუდამ ღიმილიანი და თბილი, მოსიყვარულე და კეთილი, წესიერი და მორიდებული, განათლებული და უშუალო, საოცრად ენერგიული და სპორტული, შესანიშნავი მეტყველებით, გარეგნობითა და ყველა ამ მახასიათებლის შესაფერისი სახელით...

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის უსიმპათიურესი დიქტორი და გადაცემების წამყვანი მალხაზ გელაშვილი სასტიკმა და დაუნდობელმა კოვიდმა შეიწირა... არადა, მითხრეს, უკეთ იყო, საავადმყოფოდანაც გამოწერესო, მაგრამ...

იგი დიდი ხნის წინ ტელევიზიიდან და "ტელევიზორიდან" გავიცანი და არც არასდროს დამვიწყნია, საამისოდ კი ბევრი მიზეზი მქონდა - ტელერადიომაუწყებლობაში გარკვეული ხნის განმავლობაში ერთად მოგვიწია მუშაობამ, ეკრანიდანაც და პირისპირაც სიკეთეს ასხივებდა, თბილად მოგესალმებოდა და მოგიკითხავდა. ხშირად ვხედავდი ველოსიპედით თბილისის ქუჩებში (ასე მაშინ თითო-ოროლა კაცი თუ დადიოდა), თანაც მიახლოებითი საწყისი პუნქტი ჩემი უბანი გახლდათ. მერე, წლები გავიდა და აღარსად შევხვედრივართ ერთმანეთს, აღარც ის მუშაობდა ტელევიზიაში და აღარც მე. სამაგიეროდ, ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, სოციალური ქსელშეი, ერთ მშვენიერ დღეს მასაც გადავეყარე. ასე დავმეგობრდით, შემდეგ კი შევხვდით კიდეც - ინტერვიუს შანსს როგორ გავუშვებდი ხელიდან... შევხვდით ზუსტად ორი წლის წინ, ამ პერიოდში - დეკემბრის მეორე ნახევარში... პირისპირ საუბრისას, ფაქტობრივად, ახალი მალხაზ გელაშვილი აღმოვაჩინე - კვლავ კეთილი ღიმილით, მაგრამ - უკვე ჭაღარაშერეული, თუმცა დაუდგრომელი მოგზაური, მოცურავე, კინო და ფოტოგადაღებების მოყვარული... სხვათა შორის, შეხვედრამდე სოციალური ქსელის მის პირად გვერდზე თვალში ტელევიზიის პირველი არხის უკვე საარქივო საბავშვო გადაცემა "ცისკარას" კადრი მომხვდა და ქვემოთ ერთი ქალბატონის კომენტარი, - მახსოვს, საეთეროში ბოლო წამებში შემოვარდებოდი და მერე იჯექი ეთერში პატიოსანი სახითო. არადა, უკიდურესად მოწესრიგებულ ადამიანად წარმომედგინა და, თურმე, რა "ნაკლი" ჰქონია! ინტერვიუს დროს გამომიტყდა, - შანსი არ იყო, საეთეროში 1-2 წუთით არ დამეგვიანაო...

დღესაც მის მოგონებებს გავყვები, ოღონდ - მის გარეშე, და ეს ძალიან დიდ ტკივილს მაყენებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სწორად ვიქცევი... ასეთი ადამიანების დავიწყება არ შეიძლება...

მალხაზ გელაშვილს თეატრალური ინსტიტუტის (ამჟამინდელი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის) სამსახიობო ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული, დრამისა და კინოს მსახიობი იყო. მახსოვს, მითხრა, იქ გატარებული წლები ჩემთვის სიყვარულის ამოსავალი წერტილი იყოო.

რეჟისორ რეზო მირცხულავას ჯგუფში სწავლობდა რადიოს ყოფილ დიქტორ ლალი ზანგურაშვილთან, ერთ დროს ძალიან კარგ მსახიობსა და შემდეგში მოძღვარ, აწ განსვენებულ ვაჟა მინდიაშვილთან - იმავე მამა ნიკოლოზთან და მის მეუღლე - მსახიობ ეკა ქუთათელაძესთან ერთად, ასევე, ნატო გაგნიძესა და მიშა ბუკიასთან ერთად... გამომიტყდა, ტელევიზიის დიქტორობა ჩემით არ ამირჩევია, ალბათ, თვითონ დიქტორობამ ამირჩიაო. არადა, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ჯერ კიდევ აბიტურიენტობის პერიოდში გამოდიოდა, ეპიზოდებსაც კი ანდობდნენ; პირველ კურსზე სწავლისას მეტეხის თეატრმა მიიწვია და, სწავლის პარალელურად, წელიწად-ნახევრის განმავლობაში იქ მუშაობდა, მესამე კურსზე სწავლის ერთ დღეს კი ინსტიტუტში ტელევიზიის პირველი არხის დიქტორი - ომარ ტივაძე მისულა და შერჩევით 10 სტუდენტი ტელედიქტორების კონკურსის კანდიდატებად წაუყვანია ტელევიზიაში.

მალხაზიც მორჩილად გაჰყოლია, უფიქრია, ტელევიზიას მაინც დავათვალიერებო. ორი ტური რომ გადაულახავს, მხოლოდ მაშინ მიმხვდარა რომ ტელევიზიის დიქტორად მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ... ტელევიზია არ აინტერესებდა და თეატრი უნდოდა, მაგრამ, ფაქტია, უარი ვეღარ თქვა. სიცილით მიამბობდა, დღემდე ვერ ვხვდები, რა პარამეტრით შემარჩიეს, რადგან იმხანად რუსულის საუკეთესოდ ცოდნას ითხოვდნენ, ქართულის დონეზე უნდა გელაპარაკა, არადა, მე, არათუ "ვამტვრევდი", საერთოდ არ ვიცოდი რუსულიო..

"ვიზუალიც არაორდინარული მქონდა - ლამის წელამდე თმას ვატარებდი, ჯინსებზე მოსაცმელშემოხვეული დავდიოდი და ა.შ. ამ სიტუაციების პარალელურად, ოჯახსაც მოვეკიდე, მერე ცოტა ხნით უნგრეთში გავემგზავრე და თბილისში დაბრუნებისთანავე, 1976 წლის 2 აგვისტოს, ომარ ტივაძე მესტუმრა შინ, - ამ საღამოს, 6 საათიდან ტელევიზიის მეორე პროგრამაზე ხარ მორიგე. სასწრაფოდ თმა შეიჭერი, მოწესრიგდი და ტელევიზიაში გელოდებიო. თმაგაკრეჭილი რომ გამოვეცხადე, მისაყვედურა, რატომ არ გაიკრიჭეო? თურმე, ძალიან დაბალზე უნდა შემეჭრა, სასწრაფოდ კიდევ ორჯერ შემამოკლებინა თმა და სტუდიაში ზეპირად გამოსაცხადებელი ტექსტი წითელი ფანქრით დამიწერა: "გამარჯობათ, ამხანაგებო! ზდრავსტვუიტე, ტავარიშჩი!" ვეხვეწე, რუსულად მარტო გამარჯობას ვიტყვი-მეთქი და - არაო! მაშინ, გამარჯობათ, მეგობრებოს ვიტყვი-მეთქი და - სადაური შენი მეგობრები არიანო?! ამას მეორე ტექსტიც მოაყოლა, 10 წუთში კვლავ ზეპირად სათქმელი: "მხატვრული ფილმი "მისი აღმატებულების ადიუტანტი". ჯერ ქართულად ძლივს ვთქვი და, წარმოიდგინე, რუსულად როგორი სათქმელი იყო: "ადიუტანტ ევო პრევასხადიტელსტვა"? მერე როგორც თქვეს, ეკრანზე "ასატანი" ვიყავი. იქიდან მოყოლებული, დიდხანს ვიმუშავე დიქტორად და დღემდე იმავე ტელევიზიაში ვმუშაობ, ოღონდ უკვე სხვა განყოფილებაში", - მომიყვა ინტერვიუს ჩაწერისას.

წლების განმავლობაში ტელევიზიასთან ერთად ბევრი ქარტეხილი გადაიარა, პარალელურად კი, თეატრებშიც მუშაობდა და სულ გადარბენა ჰქონდა - ტელევიზიაში დილის პროგრამას გახსნიდა, გაიქცეოდა ინსტიტუტში, მერე "ერთი წუთით" დაეთხოვებოდა ლექტორს, ტროლეიბუსით გავარდებოდა კვლავ ტელევიზიაში, გამოაცხადებდა, გადაცემები დამთავრებულია, ვაცხადებთ შესვენებასო და კისრისტეხით მირბოდი ინსტიტუტში. ამ რიტმში იცხოვრა მეოთხე კურსის განმავლობაში. ინსტიტუტის შემდეგ რუსთავის თეატრში გაანაწილეს და მერე იქ დაეწყო გადარბენა. რაც შეეხება კინოში გადაღებას, მისთვის დრო ნამდვილად აღარ ჰქონდა და მხოლოდ რამდენიმე ფილმი მოასწრო...

იმ პერიოდში დიქტორებად მსახიობები მუშაობდნენ და თამასაც მაღალი იყო - მოეთხოვებოდათ სამეტყველო აპარატის გამართულობა, ვიზუალურად მოწესრიგებულობა, სილამაზე და გარკვეული წესების დაცვა. იდეოლოგიური დაწესებულება იყო და საბჭოთა კე-გე-ბე-ს თვალს ვერაფერს გამოაპარებდი. ეთერში გაშეშებული უნდა მჯდარიყავი, რადგან თავის ან ხელის ოდნავი გამოძრავებაც კი ეჭვს აღძრავდა, ეთერიდან ვინმეს რაიმეს ხომ არ ანიშნებსო. სტუდიაში ბუზიც რომ დაგჯდომოდა თავზე, არ უნდა შეგემჩნია. მალხაზი იხსენებდა, ბუზი ხელზე რომ დამაჯდებოდა, არც ვიმჩნევდი, მთავარი იყო, არ აფრენილიყო და ცხვირზე არ დამჯდომოდაო.

არადა, სახეზეც დაჯდომია, თურმე, და... აუტანია. კურიოზები კი ბევრი ხდებოდა. თანამშრომელი ჰყავდათ, ნიკა ჯოლია, მეც კარგად ვიცნობდი. მალხაზის თქმით, ნიკა საკმაოდ შარიანი ყოფილა. ერთხელ მოსკოვიდან მიდიოდა გადაცემა და მისი დამთავრებისთანავე კადრს მიღმა მალხაზს უნდა ეთქვა, ტრანსლაცია მოსკოვიდან დამთავრებულიაო. სტუდიაში ასვლამდე თავის ძველ მანქანას არემონტებდა, თურმე, ეზოში და გამოსაცხადებლად რომ დაუძახეს, სამუშაო ტანსაცმლითა და ტაოტიანი ხელებით ავარდი საეთერო სტუდიაში. - არც დავმჯდარვარ, მიკროფონისკენ დავიხარე, ხელებიც ავწიე, რაიმე რომ არ დამეთხვარა და ისე წარმოვთქვი წინადადება. ამ დროს პულტთან მჯდარ ნიკას, ალბათ, შეცდომით, ამ პოზაში ღია ეთერში გავუშვივარო და... უკვე მეც წარმოვიდგინე, რა მოჰყვებოდა ამას! ისე, იმხანად ტელევიზიაში გამორჩეული ადამიანები მუშაობდნენ, მართლაც ოქროს თაობა...

მალხაზის "ცისკარაც" დაუვიწყარი იყო... დიქტორები იყვნენ და, ძირითადად, ვისი მორიგეობაც იყო, მასვე მიჰყავდა კონკრეტული გადაცემა, გარდა რამდენიმე საავტოროსი. აქედან გამომდინარე, უმეტესწილად, სწორედ მალხაზს უწევდა "ცისკარას" წაყვანა.

"მთავარი იყო, "მოამბე" არ წამეყვანა, რადგან მიმაჩნდა, რომ ჩემი არც გარეგნობა, არც ხმის ტემბრი არ შეესაბამებოდა საინფორმაციო გადაცემის ფორმატს. იმ შესანიშნავ ხალხთან ურთიერთობა კი დიდი ბედნიერება იყო, რომელი ერთი ჩამოვთვალო" - მითხრა მალხაზმა და განაგრძო:

"მაგალითად, ჩვენთან მუშაობდა შესანიშნავი ნუნუ ხავთასი, რომელიც ტელევიზიას აზანზარებდა. მისი ხელმოწერა თუ ჰქონდა, ის გადაცემა შეუფერხებლად გავიდოდა ეთერში. ერთხელაც მითხრა, შეგიძლია, კვირას მოხვიდე, მინდა, ჩემი გადაცემა წაიყვანოო, - ლაპარაკი იყო "იავნანაზე". ერთი კვირის განმავლობაში ნერვიულობით მოვკვდი, არ ვიცოდი, რას დამავალებდა, მოვეწონებოდი თუ არა... იმხანად ყოველდღიურად დავდიოდი საცურაო აუზზე და არც ის კვირა ჩამიგდია. რატომღაც ცურვამ შემიყოლია და... უცებ დამარტყა თავში, რომ კვირა იყო და ნუნუსთან არ წავსულვარ. მინდოდა, იქვე ჩავმხვრჩალიყავი, რადგან ვფიქრობდი, რომ ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარ ჰქონდა. ვიცვამდი და თან ვფიქრობდი, თავის გასამართლებლად რა მიზეზი მომეგონებინა. საბოლოოდ, მივედი ტელევიზიაში გადაწყვეტილებით, მეთქვა სიმართლე და მხოლოდ სიმართლე! შევედი სტუდიაში. ნუნუ იქვე იჯდა და არ მელაპარაკებოდა. არ დამიჩოქია, მაგრამ წინ გადახრილმა ამოვთქვი, - დამავიწყდა-მეთქი. ნუნუმ უცებ ხელი მომიღერა, ჰაერში გააშეშა და, - მსგავსი სიმართლე ჯერ არავის უთქვამს ჩემთვისო, - წარმოთქვა, თან იქ მსხდომებს უცნაურად გადახედა. მერე გვერდით დამისვა, ტექსტი მომცა, გადახედეო და... სტუმრებით სავსე იმ გადაცემას მე და ჯემალ მონიავა საღამომდე ვწერდით..."

მეუღლესთან ერთად

ორი წლის წინ, იმ დეკემბრის დღეს, მალხაზის მოგონებების მოსმენაში ისე მოსაღამოვდა, ვერც გავიგე. ოჯახზეც გამოვკითხე. - ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი მყავს, კიდევ - ოთხი შვილიშვილიო. მალხაზის მეუღლე - მარინა შოსტაკი პედაგოგი ყოფილა და მალხაზიც ჩაუთრევია ამ საქმიანობაში - 25 წელიწადია, თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრი დავაფუძნეთ და გვაქვს სკოლა, სადაც გონებრივად განსაკუთრებულად ჩამორჩენილი ბავშვები სწავლობენო.

შვილებთან ერთად

თავის დოკუმენტური ფილმების სტუდია "აწყურზეც" მიამბო, მართლმადიდებლურ, სასულიერო თემასა და რელიგიის ისტორიაზე დოკუმენტური ფილმების გადაღებას აპირებდა. თავისუფალ დროს კი ბევრს მოგზაურობდა და ეს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა... ბედნიერი კაცი ნამდვილად იყო - შესანიშნავი ოჯახი ჰქონდა, ყველას უყვარდა, ბევრ კეთილ საქმეს აკეთებდა და - ბევრ საღვთო საქმეს... იმ საღამოს, ინტერვიუს შემდეგ იქვე, წმინდა ბარბარეს ეკლესიაში შევიარეთ, აწყურის ღვთისმშობლის ხატი მაჩვენა, ტაძარს შევწირეთო, მერე იმ ხატის ილუსტრაციაც მაჩუქა... გამორჩეულად მიყვარს ის ხატი... ახლა კი კიდევ უფრო ძვირფასი გახდა ჩემთვის - ჩემი უფროსი მეგობრის, კეთილი, მოსიყვარულე და ლამაზი კაცის - მალხაზ გელაშვილის მოსაგონრად!

ავტორი: ირმა ხარშილაძე