ჩვენი ქვეყნის საგარეო ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის დიპლომატიური სკოლების განვითარება და გაძლიერება უმნიშვნელოვანესია როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით. ამ პროცესში კი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უნივერსიტეტები, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის დახვეწასა და თანამედროვე ტენდენციებზე მორგებულ სასწავლო პროგრამებს ქმნიან.
მათ შორის არის „ალტე უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, რომელიც სრულად განახლდა და კიდევ უფრო ორიენტირებული გახდა პრაქტიკულ და კვლევით კომპონენტზე. როგორ ვითარდება აღნიშნული მიმართულება ჩვენს ქვეყანაში, რა გამოწვევები არსებობს და როგორ პასუხობს მას საგანმანათლებლო სექტორი, ამის შესახებ „ალტე უნივერსიტეტის“ ლექტორს, 2008-2011 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშშ-ში და ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარს, ბათუ ქუთელიას ვესაუბრეთ.
- რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენს ქვეყანაში დიპლომატიური სკოლების გაძლიერება და რა მექანიზმებით უნდა მოხდეს ეს?
განათლების სფეროში პრიორიტეტები ფართო კონტექსტიდან გამომდინარეობს: სად არის ჩვენი სახელმწიფო, რა მიმართულებით ვითარდება, რა გამოწვევები აქვს გადასაჭრელი და სხვა. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, როცა დამოუკიდებლობა მივიღეთ, ვაშენებთ ახალ დემოკრატიას და საერთაშორისო რუკაზე ჩვენი ადგილის პოვნას ვცდილობთ. ამისთვის კი აუცილებელია არა მარტო მათ განავითარონ დიპლომატიური უნარები, ვინც სამომავლო კარიერად ამ პროფესიას ირჩევს, არამედ ამას მიეცეს უფრო ფართო სახე და საერთაშორისო ურთიერთობები ყველა პროფესიის სწავლების ნაწილი გახდეს. შედეგად, ბიზნესმენებს, ეკონომისტებს, ჟურნალისტებს თუ სხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე უფრო სიღრმისეული წარმოდგენა შეექმნებათ. ეს ჰოლისტიკურად, მთლიანობაში აისახება იმაზე, თუ რა ადგილს ვიპოვით მსოფლიო პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ და ლოგისტიკურ რუკაზე.
მიმაჩნია, რომ მიდგომა, რომელიც „ალტე უნივერსიტეტს“ ამ პროცესებისადმი გააჩნია, რაც მთლიანი სურათით დანახულ დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებს გულისხმობს, მნიშვნელოვანია. ეს არის ის, რაც საქართველოში სჭირდებათ ბაკალავრებს განათლების კუთხით.
- რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს უმაღლესი საგანმანათლებლო სექტორი პროფესიონალი კადრების გაზრდის კუთხით და როგორ უნდა უპასუხონ მათ?
იმ მოცემულობით, სადაც დღეს არის ჩვენი ქვეყანა და მისი დემოკრატიული განვითარების ტრაექტორია, განათლება მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.
უმაღლესი განათლების სექტორში გამოწვევა არის ის, რომ დღევანდელ მსოფლიოში ტექნოლოგიების მეშვეობით გაცილებით უფრო მეტი ინფორმაციისა და ცოდნის გამოყენება არის შესაძლებელი, ვიდრე მოძველებული ნათარგმნი წიგნებით და მათი ჩანაცვლება უნდა მოხდეს თანამედროვე სასწავლო პლატფორმებით. ასევე, ენის ცოდნა სტუდენტებში, რომელთაც დიპლომატიური საქმიანობის არჩევა სურთ, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. დიპლომატიის სწავლა წარმოუდგენელია უცხო ენის გარეშე და ეს უნარები უკვე სკოლიდანვე უნდა იყოს ჩამოყალიბებული.
ერთიანობაში, 1-დან მე-12 კლასამდე განათლების სწორად მიღება და უკვე მომდევნო საფეხურზე კომპლექსური საგნების სწავლა დიპლომატიური უნარ-ჩვევების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
- თქვენი აზრით, რას ნიშნავს საერთაშორისო ურთიერთობებში სირღმისეული ცოდნა, რომელიც პროგრამის კურსდამთავრებულს უნდა ჰქონდეს?
იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს - რთული სამეზობლო გარემო და კონფლიქტები - აუცილებელია: ისტორიის სიღრმისეულად ცოდნა, ანალიზის უნარი, შემდეგ უკვე პოზიციების კარგად ჩამოყალიბება და მათი დაცვა როგორც ისტორიული ფაქტებით, ისე მიმდინარე საერთაშორისო ნორმებისა და მოვლენების შესახებ ინფორმაციის ქონით. ასევე, მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების კონკრეტული თემატური ცოდნა, რაც თანამედროვე მსოფლიოს უსაფრთხოების კუთხით აქვს: ტერორიზმი, კიბერუსაფრთხოება, ჰიბრიდული ომი და სხვა. ერთიანობაში ეს ყველაფერი დიპლომატიისთვის არის ინსტრუმენტები, რომლითაც თითოეულმა კურსდამთავრებულმა აუცილებლად უნდა იხელმძღვანელოს.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამისა და პროფესიის აღქმა საზოგადოებაში და როგორ შეაფასებთ ამას?
ხანდახან გვხვდება დიპლომატიისა და ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობების სტერეოტიპული გაგება, რომ ეს არის ლამაზი შეხვედრები, მიღებები და ბანკეტები, მაგრამ ამის უკან დგას ძალიან მძიმე შრომა, სიღრმისეული გააზრება, ბევრი სწავლა და მუდმივი განვითარება.
საერთაშორისო ურთიერთობები - ეს არ არის საგანი, რომელსაც ერთხელ ისწავლი და დაამთავრებ. პირიქით, რაც უფრო მეტი ვიწრო სპეციალიზაცია აქვს ან იგივე ორმაგ დიპლომს/ხარისხს ფლობ, იქნება ეს საერთაშორისო ურთიერთობები და ეკონომიკა თუ საერთაშორისო ურთიერთობები და კიბერუსაფრთხოება, კომბინაციაში უფრო ეფექტურ შედეგს მიიღებ პროფესიული წრის თვალსაზრისითაც და ეროვნული ინტერესების კუთხითაც.
ჩვენი ქვეყნის პრობლემებიდან და ყოველდღიური ცხოვრებიდან გამომდინარე, ბოლომდე გააზრებულიც რომ არ იყოს, მაინც ინტუიციურად ვხვდებით, რომ ახალი დემოკრატიისთვის საერთაშორისო ურთიერთობები არის ის, რითაც ქვეყანა იმკვიდრებს ადგილს.
- რა არის ის უმთავრესი ცოდნა, რასაც „საერთაშორისო ურთიერთობების“ საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ „ალტე უნივერსიტეტში? და ამ ცოდნის მეშვეობით რამდენად აქვთ მათ პოტენციალი, ჩვენი ქვეყნის საგარეო ურთიერთობები გააუმჯობესონ?
პოტენციალი ნამდვილად გვაქვს, რადგან ავირჩიეთ სტრატეგიული მიმართულება. ჩვენს სახელმწიფოს უწერია დიდი მომავალი, რომლის შექმნაშიც ყოველდღიურ შრომას დებენ ადამიანები, რომლებიც საგარეო ფრონტზე იბრძვიან. შესაბამისად, რაც უფრო მეტი ინტელექტუალი და კარგად მომზადებული ადამიანი მოხვდება ამ ფრონტის ხაზზე, მით უფრო გაუმჯობესდება საგარეო ურთიერთობები.
რაც შეეხება ამ სფეროში „ალტე უნივერსიტეტის“ ხედვასა და ჩვენს პროგრამას, ის მორგებულია თანამედროვე ტენდენციებს და მიგვაჩნია, რომ მხოლოდ თეორიული ცოდნა არ არის საკმარისი, არამედ იგი უნდა იყოს კარგად განმტკიცებული პრაქტიკული გამოცდილებითა და კვლევით კომპონენტში ჩართულობით.
პრაქტიკული გამოცდილების კომპონენტში მნიშვნელოვანია თანამედროვე „ქეისებით“ სწავლების მეთოდი, რაც ახალ თაობას საშუალებას აძლევს უფრო სწრაფად და ეფექტურად ადაპტირდეს გარემოსთან. შეიძლება თეორიას სიღრმისეულად სწავლობ, მაგრამ იმდენად სწრაფად იცვლება გარემო, რომ წარმოუდგენელია მხოლოდ აკადემიური, საბაზისო თეორიული ცოდნით მიაღწიო წარმატებას ან დაეწიო მიმდინარე პროცესებს.
ამ ყველაფრის გამოცდილებით ჩვენი შეთავაზება ასეთია: სწავლების პროცესში იყოს პრაქტიკული და თეორიული ცოდნის პროპორციული ნაზავი, რათა სტუდენტებმა უკვე განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით მიიღონ სიღრმისეული ცოდნა და, მეორე მხრივ, მიმდინარე მოვლენებთან ჰქონდეთ მჭიდრო კავშირი, რაც პრაქტიკოს ლექტორებთან კომუნიკაციის მეშვეობით ხდება.
- როგორც დიპლომატი, კონკრეტულად, რა გამოცდილებას გაუზიარებთ სტუდენტებს და როგორი იქნება თქვენი ძალისხმევა, რათა მათ მაქსიმალურად სიღრმისეული ცოდნა მიიღონ?
იმისათვის, რომ სტუდენტები უფრო მეტად დავაინტერესოთ, ჩემი გამოცდილებით, საუკეთესო მეთოდი პრაქტიკული ცოდნის გაზიარებაა, რადგან ჩემი დიპლომატიური კარიერაც ასეთი უეცარი ცვლილებით დაიწყო. პირველი განათლება ფიზიკის მიმართულებით მაქვს მიღებული, ხოლო დიპლომატიაზე მას შემდეგ გადავერთე, რაც ამ მიმართულებით საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება დავასრულე.
საერთაშორისო ურთიერთობებში ყველაფერი ერთად იყრის თავს: გლობალური კონტექსტი, ისტორია, სახელმწიფო მმართველობა, შიდა პოლიტიკური ძალთა ბალანსი, საზოგადოებრივი აზრი და მისი ამ კუთხიდან დანახვა უფრო საინტერესოა, ვიდრე საერთაშორისო სამართლის მხოლოდ თეორიული სწავლება. რა თქმა უნდა, ესეც პროგრამის ნაწილია, მაგრამ ჩემი, როგორც ლექტორის, ამოცანაა გლობალურად და ფართო ჭრილში დავანახო სტუდენტებს ქვეყანაში თუ საზღვრებს გარეთ მიმდინარე სიტუაცია.
- საინტერესოა, პრაქტიკული კუთხით რა შესაძლებლობებს აძლევს „ალტე უნივერსიტეტის“ საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა სტუდენტებს, იქნება ეს სტაჟირების, დასაქმების თუ სხვა პროგრამები.
თანამედროვე უმაღლესი განათლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ სამუშაო გამოცდილების, სტაჟირების ეფექტურად გამოყენებაა. ჩვენი გამოცდილებითა და კონტაქტებით სტუდენტებს სხვადასხვა სფეროში ვუწევთ რეკომენდაციებს, რაც ეხმარებათ მათ კავშირების შექმნასა და პოტენციური დამსაქმებლების დაინტერესებაში.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ურთიერთობების ცოდნა ძალიან კარგად გამოადგებათ სტუდენტებს, არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმებაში, არამედ კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებისთვისაც, ხოლო კავშირები, რომლებიც ჩვენ - ამ კურსის ლექტორებს - გვაქვს, ბუნებრივია, მათთვის ხელმისაწვდომია და, მიმაჩნია, რომ ეს ძალიან დიდი უპირატესობაა.
R