ავტორი:

"ავჭალის პოლიციასთან, სადგომზე ნაპოვნია მისი მანქანა, რომლის კარი ღია იყო..." - ახლობლები ეკონომიკის ცნობილ ექსპერტს ეძებენ

"ავჭალის პოლიციასთან, სადგომზე ნაპოვნია მისი მანქანა, რომლის კარი ღია იყო..." - ახლობლები ეკონომიკის ცნობილ ექსპერტს ეძებენ

"ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორის, რამაზ გერლიანის ძმის, რომანოზ გერლიანის ინფორმაციით, მისი ძმის გაუჩინარებასთან დაკავშირებით განცხადება ავჭალის პოლიციის სამმართველოში გუშინ შეიტანეს.

როგორც გერლიანის ძმამ "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მისი ძმის ტელეფონი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის შესახებ "ფეისბუქ“ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ გაითიშა.

მისივე ინფორმაციით, რამაზ გერლიანის კუთვნილი ავტომობილი ავჭალის პოლიციის სამმართველოს წინ, ღია მდგომარეობაში შეამჩნიეს.

"გუშინ დილით არის ეს პოსტი გამოქვეყნებული. როგორც კი ვნახე, დავრეკე და ტელეფონი გათიშული ჰქონდა. ამის შემდგომ, სულ გათიშული აქვს ტელეფონი, მოვახდინეთ რეაგირება და პოლიციის სამმართველოში განვაცხადეთ. საახლობლოში ვრეკავთ, ყველა ერთმანეთს ეკითხება და არ ვიცით სად არის ადამიანი.

ავჭალის პოლიციის სამმართველოს წინ არის სადგომი, ზუსტად იქ ვნახეთ ჩემი ძმის მანქანა და იმ განყოფილებაშივე შევიტანეთ განაცხადი. მანქანის კარი ღია იყო, გასაღებიც შიგნით დევს“, - აღნიშნა რომანოზ გერლიანმა.

ცნობისთვის, ეკონომიკურმა ექსპერტმა რამაზ გერლიანმა გაუჩინარებამდე გუშინ დილით "ფეისბუქპოსტი" გამოაქვეყნა, რომელშიც შსს-ს თანამშრომელ გიორგი გოგნიაშვილს შანტაჟსა და კერძო საკუთრებაში შემოჭრაში ადანაშაულებს.

გერლიანის ცნობით, სამართალდამცველი 14 ნოემბერს საკუთარ ბინაში შეიარაღებული დახვდა და ცრუ მოტივით დაკითხა, მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე პოლიციის სამმართველოს 35 დღის წინ მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

"ამ ნაგავმა პოლიციელმა ჩემივე ყოფილი ოჯახის წევრის გამოყენებით მოახერხა, ჩემს კერძო საკუთრებაში, ჩემს სამუშაო და ჩემი შვილების სამყოფელ სივრცეში ვირთხასავით შემოღწევა. 14 ნოემბერს შეიარაღებული დამხვდა ჩემს ბინაში თავხედურად და ცრუ მოტივით დაკითხვა მომიწყო, მომაყენა შეურაცხყოფა, განადგურებული ვარ!

როგორც ჩანს, პოლიციის მუნდირის გამოყენებით აგროვებდა პერსონალურ ინფორმაციას, როგორც საპოლიციო სისტემით, ასევე სხვადასხვა საშუალებით, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების შესახებ. სავარაუდოდ, მოქმედებს დავალება/დაკვეთით. საფუძვლიანია ეჭვია, რომ ჩემ მონაცემებს გადაცემდა/ყიდიდა მესამე პირზე (ებზე). არ არის გამორიცხული, რომ ჩემს მიმართ იყენებდა თვალთვალის, მიყურადების და კონტროლის სხვა სისტემებს...

დამარცხება გინდოდათ, მე განადგურებული ვარ.

დისკრედიტაცია გინდოდათ - ფსკერზე ვარ.

ჩემზე ზეგავლენა და მართვა გინდოდათ - ვერ მიიღებთ.

კანონი დუმს. ჩემთვის ყველაფერი სულერთია. ისე ვარ, მინდა მეც დავდუმდე, ოღონდ სამუდამოდ“, - წერს რამაზ გერლიანი.

რამაზ გერლიანის საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.