ავტორი:

ომიკრონი უკვე საქართველოშია - როგორ დავიცვათ თავი და ოჯახის წევრები ვირუსისგან, UNICEF-ის რჩევები

ომიკრონი უკვე საქართველოშია - როგორ დავიცვათ თავი და ოჯახის წევრები ვირუსისგან, UNICEF-ის რჩევები

საქართველოში ომიკრონის 2 შემთხვევა უკვე ოფიციალურად დადასტურდა. ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება და სულ მალე, ყველა ქვეყანაში დომინანტ ვარიანტად იქცევა.

როგორ უნდა დავიცვათ თავი ომიკრონისგან და სხვა შტამებისგან - "იუნისეფი" ოჯახებს რამდენიმე რჩევას სთავაზობს :

  • ატარეთ ნიღაბი, რომელიც ფარავს ცხვირსა და პირს. დარწმუნდით, რომ ხელები გაქვთ სუფთა, როდესაც ნიღაბს იკეთებთ, ან იხსნით;
  • დაიცავით 1-მეტრიანი დისტანცია სხვებისგან;
  • მოერიდეთ შიდა სივრცეებს, რომლებიც სათანადოდ არ ნიავდება;
  • გახსენით ფანჯრები, როდესაც შენობაში იმყოფებით;
  • დაიბანეთ ხელები რეგულარულად;
  • როგორც კი თქვენი აცრის ჯერი დადგება, გაიკეთეთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ყველა ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია;

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს ომიკრონისა და კოვიდის სხვა ვარიანტების შესახებ

ყოველდღიურად კორონავირუსის შესახებ ზღვა ინფორმაციას ვიღებთ, ბუნებრივია, ინფექციასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვთ ბავშვებსაც. "იუნისეფი" მშობლებს ურჩევს, დაეხმარონ შვილებს სწორი ინფორმაციის მიღებაში, მათი ასაკის შესაბამისად, რომ ბავშვებმა ზედმეტი შფოთი აირიდონ.

"სთხოვეთ თქვენს შვილს, გაგიზიაროთ, რა იციან კოვიდის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი შიში აღიქვათ სრული სერიოზულობით. მოთმინება გამოიჩინეთ, პანდემია და დეზინფორმაცია შფოთვის მიზეზი გახდა ყველასთვის.

მნიშვნელოვანია, რომ თქვენ თავად იცოდეთ ბოლო ინფორმაცია კოვიდის შესახებ. საერთაშორისო ორგანიზაციების ვებგვერდებზე - მათ შორის, "იუნისეფის" და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საიტებზე პანდემიის შესახებ დიდი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ.

თუ არ იცით ზუსტი პასუხი ბავშვების მიერ დასმულ კითხვაზე, სავარაუდო პასუხს ნუ ეტყვით, მოძებნეთ კითხვაზე პასუხი მათთან ერთად.

გახსოვდეთ, რომ ბავშვებზე ძალიან მოქმედებს ზრდასრულების ემოციები, სცადეთ, თქვენი შიში ზედმეტად არ გაუზიაროთ შვილებს," - აღნიშნავენ "იუნისეფში".