ავტორი:

"ჩვენი ხალხები ცხოვრობენ მეგობრულად და ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენს მთავრობებს აქვთ ადამიანური ურთიერთობები“ - ფაშინიანი საქართველოშია

"ჩვენი ხალხები ცხოვრობენ მეგობრულად და ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენს მთავრობებს აქვთ ადამიანური ურთიერთობები“ - ფაშინიანი საქართველოშია

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი კაბინეტის წევრები.

"შეიძლება სიამაყით და სიამოვნებით ითქვას, რომ ასეთი ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის არ ყოფილა“, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს და სომხეთის დღევანდელი მთავრობების დამსახურებაა ის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არავითარი გაუგებრობა არ არსებობს.

"დაინტერესებული ვარ, რომ ჩვენს შორის არსებული მეგობრული თანამშრომლობა ახლა უკვე გადაითარგმნოს, კონვერტირდეს რეალურ საქმედ, განვავითაროთ მჭიდროდ ჩვენი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები. ვისაუბროთ რეგიონალურ პროექტებზე, ინფრასტრუქტურაზე და სწორედ ამ მიზნით და მოტივით შევიკრიბეთ. მინდა ვთქვა, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა. შეიძლება სიამაყით და სიამოვნებით ითქვას, რომ ასეთი ურთიერთობა არ ყოფილა ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენი დამსახურებაა ის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის, მთავრობებს შორის არავითარი გაუგებრობა არ არსებობს და გვაქვს მართლაც იდეალური ურთიერთობა. ჩვენ დაინტერესებული ვართ იმით, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. საქართველო ყოველთვის არის მოტივირებული, რომ ამ პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. მე გავაჟღერე "მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივა და მინდა დაგიდასტუროთ ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის განვითარებაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"კმაყოფილებით მინდა დავაფიქსირო, რომ მიუხედავად სიძნელეებისა, დღეს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებმა შეაბიჯა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე“, - ეს კი ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეთერთმეტე სხდომაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, 2019 წელს საქართველომ და სომხეთმა ამბიციური მიზანი დაისახეს, რომელიც გულისხმობდა ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის გაზრდას 1 მილიარდ დოლარამდე. შესაბამისად, როგორც სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, ახლა როდესაც ყველა სწავლობს კოვიდის პირობებში ცხოვრებას, აღნიშნული მიზნის განხორციელების დროა.

"2019 წელს ჩვენ საქართველოსთან ამბიციური თამასა განვსაზღვრეთ, მიზნად დავისახეთ ჩვენი ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის გაზრდა ერთ მილიარდ დოლარამდე. კოვიდის პანდემიამ შეანელა ეს პროცესი, მაგრამ ახლა, როდესაც ვსწავლობთ კოვიდის პარალელურად ცხოვრებას, წინადადება მაქვს, განვაგრძოთ ჩვენი მიზნის მისაღწევი ყველა მიმართულება და აუცილებლად მივაღწიოთ ერთ მილიარდ დოლარამდე ჩვენი ქვეყნების სავაჭრო ბრუნვას.

მართალია, მიმდინარე წლის 10 თვის ჩვენი ვაჭრობის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა წინა სამი წლის წლიურ მაჩვენებელს, მაგრამ ჯერ შორს ვართ 1 მილიარდის მიღწევამდე. ეკონომიკური ურთიერთობების მთავრობათაშორისმა კომისიამ შექმნა საუკეთესო პირობა იმისა, რომ კომისიას დღეს უკვე თავმჯდომარეობს ორი ქვეყნის ხელმძღვანელი, ესეც უპრეცედენტოა. მთავრობათაშორისი კომისიის ეს სხდომა უნდა ჩატარებულიყო ჯერ კიდევ შარშან, მაგრამ პანდემიით გამოწვეული მიზეზების გამო, არ ჩატარდა, მაგრამ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები დინამიურია. დღეს ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგი მოიცავს მრავალ სფეროს, ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები კი ხელს უწყობს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.

რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, ამ სფეროში ჩამოყალიბდა მკაფიო მიმართულებები, რომლებიც მოიცავს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, მაღალი ტექნოლოგიების, ტურიზმის და სხვა სფეროებს. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა ურთიერთნდობა, რომელიც დამყარებულია ჩვენი ხალხების ისტორიულ მეგობრობაზე. მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ურთიერთობების ადამიანურ და ემოციურ სფეროს, ეს ეხება არა ხოლოდ ჩემსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის ურთიერთობებს, არამედ თანამშრომლობას მთავრობებს შორის. ჩვენი ხალხები ცხოვრობენ მეგობრულად და ეს ხდება არა იმიტომ, რომ ჩვენს მთავრობებს აქვთ ოფიციალური, არამედ ადამიანური ურთიერთობები. ჩვენ ეს ნდობა უნდა გავაღრმავოთ. წელს მე და ბატონი პრემიერი შევხვდით უკვე 4-ჯერ, მსგავსი განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის არ ყოფილა და ეს საფუძველია იმისა, რომ შევძლოთ ეკონომიკური ურთიერთობების ახალი დონე განვსაზღვროთ და ჩვენი ურთიერთობების ტრადიციული დონე უფრო ავამაღლოთ",- განაცხადა ფაშინიანმა.

აღსანიშნავია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ბოლოს 2021 წლის სექტემბერში იმყოფებოდა.