ავტორი:

"ვალერი გელაშვილს რამდენიმე წელია საგვარეულო აკლდამა თავის ეზოში აქვს მოწყობილი, ამან ჩემი 9 წლის შვილის ფსიქიკა დააზიანა" - ბიზნესმენს მეზობელი უჩივის

"ვალერი გელაშვილს რამდენიმე წელია საგვარეულო აკლდამა თავის ეზოში აქვს მოწყობილი, ამან ჩემი 9 წლის შვილის ფსიქიკა დააზიანა" - ბიზნესმენს მეზობელი უჩივის
  • ვალერი გელაშვილის ეზოს ფოტო მოგვაწოდა ნინო ნოზაძემ

ბიზნესმენსა და პოლიტიკოს ვალერი გელაშვილს მეზობელი ნინო ნოზაძე სასამართლოში უჩივის. ის ხაშურში, მისი ეზოს მომიჯნავედ აკლდამის გაკეთებას აპროტესტებს. მისი თქმით, ვალერი გელაშვილმა საკუთარ ეზოში დაკრძალა თავისი მშობლები და ბებია-ბაბუა, რის შემდეგ მის შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა და მუდმივად ფსიქოლოგებთან და სპეციალისტებთან უწევთ სიარული.

ნინო ნოზაძე:

- ვალერი გელაშვილს რამდენიმე წელია საგვარეულო აკლდამა თავის ეზოში აქვს გაკეთებული. არანაირად არ ვინტერესდებოდით იმით, რამდენად კანონიერად ჰქონდა ეს მოწყობილი, მაგრამ ეს უკვე შეეხო ჩემს ოჯახს. ჩვენი საცხოვრებელი სახლის აივნიდან, ჩემი 9 წლის შვილის ოთახიდან ჩანს ეს საფლავები, სადაც 4 მიცვალებულია დაკრძალული. ვალერიმ დედის გარდაცვალების შემდეგ ეზოში გადმოასვენა წლების წინ გარდაცვლილი მამა და ბებია-ბაბუაც.

ადრე ამ ადგილს ეფარებოდა სხვა სახლი, რომელიც ეზოს მიმდებარედ იდგა, მაგრამ ისიც მოანგრია და ახლა ხელის გულზე ჩანს მათი სასაფლაო. კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, ჩემი ბავშვი სულ სახლშია, აივანზე რომ გავიდეს, ამის საშუალება აღარ აქვს, შიშები დაეწყო, სულ სიკვდილზე ლაპარაკობს. შიში განსაკუთრებით გაუმძაფრდა მას შემდეგ, რაც საფლავთან რიტუალი ჩაატარეს. დამკვრელები მოიყვანეს დოლ-გარმონით, ადრე მიცვალებულს რომ მისვენებდნენ სასაფლაოზე, მაშინ ტარდებოდა მსგავსი რიტუალი, მუსიკით რომ მიყვებოდნენ ხოლმე პროცესიას, ჰოდა, ეგეთი რიტუალი გამართეს, ეს შემზარავი სანახავი იყო, ეს ნახა ბავშვმა და უარესად გახდა. თან იცნობდა ვალერის გარდაცვლილ დედას და სერიოზული პრობლემები შეექმნა.

შინ სველი წერტილი ქვევით გვაქვს და როგორც კი მოსაღამოვდება, ბავშვი ოთახიდან ვერ გადის, სულ სიკვდილზე ლაპარაკობს. ძნელია შენს ფანჯრიდან. რომ უყურებ საფლავებს... ბავშვმა დაკარგა ყველაფრის მიმართ ინტერესი, იძახის, - გული მიკანკალებს, ჩვენც მოვკვდებითო. წარმოიდგინეთ, როგორი ძნელია ამის მოსმენა დედისთვის.

ამის გარდა გელაშვილს სახლში ჰყავს 4 ძაღლი, ღამით საფლავთან მიდიან და ყმუიან, თან ღამითაც განათებული აქვს "პროჟექტორით" იქაურობა. ფსიქოლოგთან დამყავს და მეუბნებიან, რომ ემოციური ფაქტორიდან გამომდინარე, კონცენტრაცია დაქვეითებული აქვს. ამ პირობებში რომ ცხოვრობს, ამის გამოა ეს მდგომარეობა. ექსპერტიზაც ჩავატარე, მოგონილი არაფერია. არ მინდოდა, საქმე სასამართლომდე მისულიყო, ამიტომ ვალერის მივმართეთ, ვთხოვეთ ამოაშენოს კედელი ისე, რომ ჩვენი სახლიდან არ გამოჩნდეს მისი ეზო და მისი მიცვალებულები, მაგრამ კატეგორიული უარი მივიღეთ.

შევხვდი ხაშურის მერს, ზედამხედველობას და გავარკვიე, რომ თვითნებურად აქვს აკლდამა სახლში მოწყობილი. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ჭა, რადგან ქალაქში არ არის წყალი. ისიც არ ვიცით, რამდენად შეიძლება ამ წყლის დალევა, ამიტომ დასალევ წყალს სულ ვყიდულობთ.

ეზოში აუზიც მოაწყო, თვითონ შეზლონგზეა ხოლმე წამოწოლილი და აქეთ მიცვალებულების სასაფლაო აქვს. ან თვითონ რა მოსვენებას პოულობს, არ ვიცი, მაგრამ, ფაქტია, ჩვენ დაგვაზიანა იმით, რომ ბავშვს აქვს პრობლემები.

მანძილი ჩვენი სახლიდან იქამდე 30 ნაბიჯია, კანონით, სასაფლაო როცა გაკეთა, 300 მეტრით უნდა ყოფილიყო დაშორებული საცხოვრებელი ადგილიდან, ეს კანონიც დარღვეულია.

ბავშვთა დაცვის მხრივ სოციალური სააგენტოც ჩართულია ახლა, მივმართეთ სასამართლოსაც. მისმა ძმამ დამირეკა ამ დღეებში მუქარით, - რამდენს ბედავ ამ ამბავს რომ ახმაურებ, საერთოდ არ მაინტერესებს შენი შვილის ამბავიო.

ვალერი კი ამბობს, რომ თურმე ფსიქოლოგი მთელ ოჯახს გვჭირდება. ასეთ შეურაცხყოფას გვაყენებენ. უნდათ ჩვენი სახლი შეისყიდონ და გადაგვასახლონ აქედან. არ ვყიდი ამ სახლს, ტყუილია ისიც, რომ თითქოს დიდ თანხებს ვითხოვ, ვითხოვ ერთადერთს, რომ კედელი ამოაშენოს. მან 7-8 სახლი შეისყიდა ირგვლივ და ახლა ჩვენსას მოგვადგა, ჩვენი სახლის შეძენის შემდეგ ჩიხის მისაკუთრებაც უნდა, რომ აღარავინ ჰყავდეს მეზობლად. არ ვყიდი ამ სახლს, როგორც ძვირფასია მისთვის მამაპაპისეული სახლი, ასეთივე ძვირფასია ჩემთვისაც აქაურობა...

- ვალერი გელაშვილი ამბობს, რომ შემოგთავაზათ ორთაჭალაში 3- ოთახიანი ბინა და თქვენ საბურთალოზე 2 ბინის ყიდვა მოსთხოვეთ, ამაზე რას იტყვით?

- ეს არის სიცრუე. მან შემოგვთავაზა ხაშურში აშენებულ კორპუსში ბინა და გვითხრა, თქვენი სახლი 12 000 ღირს და იქ წადითო. რატომ უნდა წავიდე ჩემი სახლიდან? არ მინდა, წასვლა. სხვა არაფერი შემოუთავაზებია, არც ორთაჭალაში და არც არსად, ცილისწამებისთვის და შეურაცხყოფისთვისაც ვუჩივი. არ იფიქროს ხალხმა, რომ ეს მართლა რეალურია. ააშენოს კედელი, არ მექნება პრეტენზია, თუ ჩემი შვილი ამას არ დაინახავს. ვინ აგებს პასუხს ჩემი შვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე? დაგვცინის და აბუჩად გვიგდებს ჩვენი შვილის ამბავი სასაცილოდ მიაჩნია...

ნინო ნოზაძის ინტერესს ადვოკატი გიორგი ცობეხია იცავს. მისი თქმით, სარჩელი სასამართლოში მალე შევა.

გიორგი ცობეხია: " ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, სასაფლაოს მოწყობის საკითხებს მუნიციპალური ორგანოები განიხილავენ და გასცემენ თანხმობას. ხაშურის მუნიციპალიტეტიდან მივიღეთ პასუხი, რომ გელაშვილმა ეს მოაწყო სრულიად უკანონოდ და არანაირი ნებართვა მას არ აუღია. იქ გადის სასმელი წყალიც, არ ვიცი. შიგნით საფლავი როგორ აქვს მოწყობილი, რამდენად არის დაცული. უცნობია ეს საკითხები. სწორედ ეს ყველაფერი რომ იყოს გათვალისწინებული, ამიტომ არის ნებართვები საჭირო. ყველაზე მთავარი საკითხი ბავშვთა უფლებებია, კოდექსის მიხედვით, ბავშვთა უფლებების დაცვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მათ შორის იმ გარემოს, რა გარემოშიც ცხოვრობს არასრულწლოვანი.

ფაქტია, შექმნილი მდგომარეობის გამო ბავშვს წარმოეშვა ფსიქოლოგიური და ნერვული პრობლემები და ჩვენ. ბუნებრივია. როგორც მატერიალური, ასევე მორალური კომპენსაციის თვალსაზრისით სასამართლოში ვაპირებთ დავას. ხელთ გვაქვს ფსიქოლოგიური დასკვნები. დადგენილია, რომ ბავშვს შიშები და ნეგატიური ფსიქოლოგიური მდგომარეობა წარმოეშვა მეზობლის აკლდამის გამო. გელაშვილსაც ჰყავს შვილიშვილები, უთქვამს კიდეც, - მეც 8 შვილიშვილი მყავსო, მისი შვილიშვილების უფლებებიც ირღვევა და ძალიან ცუდია ეს ყველაფერი. ვცდილობდით, ეს საკითხი მოგვარებულიყო სასამართლოს გარეშე, მაგრამ ის არ წამოვიდა ჩვენთან დიალოგზე. ბევრი შეთავაზება გაკეთდა, გარდა იმისა, რასაც თვითონ ამბობს, რომ თითქოს ბინები მოსთხოვეს, ეს არის ცრუ ბრალდებები ნინოს ოჯახის მიმართ. ოჯახს საერთოდ არ უნდა ამ სახლის გაყიდვა და შესაბამისად, ცრუ ბრალდებებით ამ ოჯახის რეპუტაციის შელახვა ხდება. ვიმედოვნებ, ჯერ კიდევ არ არის ამოწურული მოლაპარაკების შესაძლებლობა. ვთავაზობთ, ამოაშენოს კედელი..."

ჩვენ დავუკავშირდით ბიზნესმენ ვალერი გელაშვილსაც, ის ამბობს, რომ არანაირ მოლაპარაკებას მეზობელთან არ აპირებს. ირწმუნება, რომ სახლში აკლდამის მოწყობით კანონი არ დაურღვევია .

ვალერი გელაშვილი:

- დედაჩემი 2016 წელს გარდაიცვალა, იმჟამად მაგ სახლსა და ჩემს სახლს შორის სხვა შენობა იდგა. მათი სახლიდან მოშორებით, დაახლოებით 100 მეტრში დავკრძალე დედაჩემის მშობლები, თან გამწვანებით მაქვს საფლავები ამოყვანილი, ძირს კი შავი ფილებია დადებული, რომელიც მისი სახლიდან არანაირად არ გამოჩნდება.

ბოდიში და, დედაჩემი, მიცვალებული ღამე არ ამოდის საფლავიდან და არ დადის ეზოში. რა ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზეა ლაპარაკი? ახლა იძახიან კედელი ამოაშენოსო, როცა ვაშენებდი კედელს, მაშინ არ ამაშენებინა, შეტანილი ჰქონდა განცხადება გამგეობაში, - კედელს აშენებსო და არ მომცეს ამის უფლება. შეიტანონ სარჩელი სასამართლოში. დიდი ხანია ვეუბნები ამას...

- ბატონო ვალერი, ნებართვა გქონდათ გამგეობიდან?

- ნებართვა არ იყო საჭირო, 2018 წლის შემდეგ შემოვიდა ეს კანონი, მანამდე არანაირი შეზღუდვა არ არსებობდა. კანონი არ იყო და აკრძალული როგორ იქნებოდა? ამის შემდეგ შემოვიდა კანონი, რომ არ შეიძლება საცხოვრებელი ადგილიდან 300 მეტრამდე ახლოს სასაფლაოს გაკეთება. კანონის მიხედვით, 300 მეტრი უნდა იყოს დაშორება, ჩასასვენებელსა და საცხოვრებელს შორის. უკუქმედება არ შეუძლია კანონმდებლობას. სხვა სასაფლაოც არის იმ ტერიტორიაზე და 10 მეტრში არის სახლები. თან სპეციალურ ბეტონის კაფსლაში მაქვს ჩასასვენებელი გაკეთებული და არანაირი შეხება არ აქვს მიწასთან, წყალს ვერ ვხმარობთო, წყალგაუმტარი ბეტონით მაქვს გაკეთებული. იქ სულ წყალი მოდის და ცხედარს წყალში არ ჩავაგდებდი, ამიტომ სპეციალური კაფსულები გავაკეთე წყალგაუმტარი ბეტონით. ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ საკუთარი მშობლები დამეკრძალა ჩემს ეზოში...

მინდოდა მთლიანად დამეხურა მაგათი მხარე მაღალი კედლით, არადა, სწორედ მაგათ მიჩივლეს მაშინ, ამიტომ არ გავაკეთე... რაიონში ღობის ოფიციალური ნებართვა ვინმეს გაუკეთებია? არავის, მაგრამ მე მომიწია ოფიციალურად პროექტის გაკეთება. ახლა მოინდომეს "ზაბორი", მაგათ ნათქვამს არ გავითვალისწინებ, ეს პრინციპული ამბავია. მაგათ საბურთალოზე ორი ოროთახიანი ბინა მომთხოვეს.

- ამბობენ, რომ ეს ტყუილია...

- რა ტყუილია, აბა, რატომ მეკამათებიან. რატომ 2016 წელს არ დაიწყეს ჩივილი. ჩივილი დაიწყეს 2018 წლიდან, ჯერ ღობის გამო იჩივლეს და რომ არაფერი გამოუვიდათ, ახლა ბავშვზე დაიწყეს ლაპარაკი... მე ადგილობრივი ვარ, მამაპაპისეულ სახლში ვცხოვრობ, ისინი ჩამოსახლებულები არიან. ორთაჭალაში მქონდა ბინები, "ორთაჭალის ტურფა" რომ ავაშენე, შევთავაზე 3-ოთახიან ბინას გაგირემონტებთ და იქ გადადით - მეთქი. ბებიამისმა მითხრა, - ფულიც დაგვიმატე, თავი რომ შევინახოთო. შენი ბინა 15000 დოლარი ღირს და ამასაც იმიტომ გიხდით, რომ მინდა ის ტერიტორია - მეთქი. მათი სახლის მერე ჩემი ძმა ცხოვრობს და გვინდოდა ჩვენი ტერიტორიები გაგვეერთიანებინა. გაიგეს საბურთალოზე რომ ვაშენებდი კორპუსს და იქ მოგვეცი 2 ბინაო. პრობლემები მაგათ აქვთ თვითონ, ბავშვს რა პრობლემები აქვს. ნაძვები მაქვს იქ დარგული და რა არის აქ საპრობლემო? მაგათ იმის უფლებაც არ ჰქონდათ, ჩემი ეზოს ფოტოები ნებართვის გარეშე, რომ გამოაქვეყნეს...

- ამბობენ, რომ არ უნდათ მამაპაპისეული სახლის გაყიდვა...

- ჩამოსახლებულები არიან, არანაირი მამაპაპისეული სახლი ეგ არ არის. ახალგაზრდა ვიყავი ჩემი ნათლიისგან რომ იყიდა მამამისმა ეს სახლი. ჩემგან იყო შეთავაზება რომ მეყიდა სხვა ბინა მათთვის. ბევრი გავასახლე და თუ გინდათ თქვენც გაგასახლებთ, პრობლემა არ მაქვს-მეთქი. ზომიერ ფარგლებში მივცემდი ბინას, ხაშურის ცენტშიც შევთავაზე, კიდევ სხვადასხვა ვარიანტებიც. რა პრობლემაა, წავიდეს სასამართლოში და იქ იდავოს. პროვოკაციას თავი დაანებონ, მორჩა, არც კედელს ავაშენებ... ჯერ ბოდიში მოიხადონ საჯაროდ შეურაცხყოფა რომ მომაყენეს და ჩემს მიცვალებულებს შეეხნენ.

- ამბობენ, რომ რიტუალი ჩაატარეთ, მუსიკოსები დოლ-გარმონით მიიყვანეთ ეზოში მოწყობილ საფლავზე...

- რა რიტუალი? ეს სად იყო? შვილის ქორწილი მქონდა ორი წლის წინ და სუფრა გავშალე ჩემს ეზოში, სტუმრები მყავდა. უფლება არ მაქვს? რა რიტუალი, კარგით რა.