ავტორი:

"პოლიციელებმა უგონოდ მთვრალ კაცს სცემეს, აგინეს, დაასისხლიანეს" - რას წერენ სააგენტო "მაუწყებლისა" და აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები ბათუმის პოლიციის განყოფილებაში მომხდარზე

"პოლიციელებმა უგონოდ მთვრალ კაცს სცემეს, აგინეს, დაასისხლიანეს" - რას წერენ სააგენტო "მაუწყებლისა" და აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები ბათუმის პოლიციის განყოფილებაში მომხდარზე

სააგენტო "მაუწყებლის" ჟურნალისტი გიორგი არობელიძე და აჭარის ტელევიზიისა და რადიოს წამყვანი რატი რატიანი ბათუმის პოლიციის მეექვსე განყოფილების თანამშრომლებს ცემასა და ძალადობაში, ასევე უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.

როგორც ჟურნალისტები "ინტერპრესნიუსთან" აცხადებენ, მათზე ფიზიკური ძალადობა პოლიციის მეექვსე განყოფილების შენობაში მოხდა.

ჟურნალისტების თქმით, პოლიციის განყოფილების მიმდებარედ სამართლდამცავები მოქალაქეს აკავებდნენ და მათზე ფიზიკურად ძალადობდნენ.

ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ მოქალაქეზე ძალის გამოყენება გააპროტესტეს, რის გამოც პოლიციელებმა ჟურნალისტებიც დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.

მათი ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიებაც დაიწყო.

"ეს ბათუმის მეექვსე განყოფილებაა. ქალაქში ბევრმა იცის, რომ აქ ადამიანებს სცემენ.

გუშინ წინ, ერთ-ერთი ბარის წინ ვიდექი მეგობრებთან ერთად.ჩხუბი ატყდა, ერთ უგონოდ მთვრალ კაცს მთელი ბარი ეჩხუბებოდა. ჩხუბის დაწყების მიზეზი არ ვიცი. ვცადეთ გაშველება, მაგრამ არ გამოვიდა. ეს კაცი უკვე ძირს ეგდო, რამდენიმე პოლიციელი რომ მოვიდა.

ბარში მყოფმა ხალხმა, აი, ეს კაცია დასაჭერიო. პოლიცია მივიდა ამ მთვრალთან, მოკიდა ხელი და წაათრია განყოფილებისკენ, რაზეც მე და ჩემი მეგობრები აღვშფოთდით, მოვუწოდებდით პოლიციას, დაენებებინათ უგონოდ მთვრალი, გალახული ადამიანისთვის თავი. წვნიანი დაალევინეთ თუ მაინცა და მაინც თქო - ეს იყო ჩვენი ოფიციალური პოზიცია.ამ ძიძგილაობაში მეც მომკიდეს ხელი და შემიყვანეს ამ კაცთან ერთად განყოფილებაში.

5-7-მა პოლიციელმა, ეს უგონოდ მთვრალი კაცი სცემა, აგინეს, დაასისხლიანეს, მეთქი რას აკეთებთ ხალხოო, 2012 წლის მონაპოვარს რას უშვებით, ეს ვინააო ამდენს რომ ბედავსო და ჩემზე გადმოერთნენ. მე დაზიანებები არ მაქვს, გაშლილ ხელს მირტყამდნენ თავში. ეს არ იყო ერთი ადამიანის მიერ ერთი მოქნევა, რამდენიმე ადამიანი საკმაოდ დიდი ხანი მირტყამდა. მერე ისევ ამ კაცს მიუბრუნდნენ.

გარეთ ნათიას, რატის და მეგობრებს ესმოდათ შიგნიდან გასული ხმები. ცდილობდნენ ჩემთან დაკავშირებას, შიგნით მოსაცდელში შემოსვლას ამ ამბების დროს რატიც დაიჭირეს და შემოიყვანეს. რატიც გალახეს. ნათია გადაურჩა ამ ამბებს. გოგოს დაჭერა არ გვინდაო, შიგნით მოითათბირეს.

ეს კაცი მერე კაპეზეს ეზოში შემხვდა, დასისხლიანებული სახით. გადმოყვანის დროს მანქანაში კიდე მცემესო.

ბევრად უფრო საზარელი სურათი იყო სინამდვილეში, ვიდრე აქაა აღწერილი. გულწრფელად, რაც ვნახე და რაც გადამხდა, ეს დღეს თუ შეიშლებოდა მომხდარიყო, არ მეგონა.

მეექვსე განყოფილებაში, ეს ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა. ალბათ სხვაგანაც.

კაპეზედან სასამართლოში რო მოვყავდი, რამდენიმემ გამაფრთხილა, ხო იცი სასამართლოში რაც უნდა ილაპარაკო, თორე მოგიწევს უკან დაბრუნებაო. ჰოდა ასე აშინებენ გალახულ ხალხს და წლებია ხალხის დასისხლიანებამდე ცემის პრაქტიკას ყოველდღიურად იყენებენ ჯიგრები.

ის კაცი, რომელიც ძალიან სცემეს არ ვიცი რას იზამს, რამდენად ილაპარაკებს იმ ღამეზე, მაგრამ აგერ ვლაპარაკობთ ადამიანები, რომლებიც გვცემეს პოლიციის განყოფილებაში და ვითხოვთ ამ ტიპების პასუხისგებაში მიცემას.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მივმართეთ, არ ვიცი რა გამოვა, თუ სათვალთვალო კამერებზე არაა ჩაწერილი ეს ამბები, ალბათ ვერაფერს დავამტკიცებთ და გაგრძელდება ყველაფერი ძველებურად.

ამ დროს რა უნდა ვქნა არ ვიცი, რაც მოვიფიქრე ისაა, რომ აი საჯაროდ ვყვები ამ ამბავს. იცოდეთ, რომ აქ ჯალათები მუშაობენ“, - წერს გიორგი არობელიძე.