საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაესწრება თუ არა ხვალ საკუთარ სასამართლო პროცესს, ეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა.
როგორც გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ საძაგლიშვილმა განაცხადა, მას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მადლობა დააბარა იმ ადამიანებთან, რომლებმაც მას გუშინ დაბადების დღე სამხედრო ჰოსპიტალთან მიულოცეს, სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ჰოსპიტლის თანამშრომლებსაც, რომლებმაც ადვოკატის თქმით, ბრალდებულ სააკაშვილს ტორტი მოუმზადეს.
"საქართველოს მესამე პრეზიდენტს კვლავ უჭირს საკვების მიღება, რის გამოც ის სტაბილურად კარგავს წონას. მან გადაწყვიტა დაბრუნებულიყო სამშობლოში, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, რათა დახმარებოდა ქართველ ხალხს თავისუფლების მოპოვებაში, შესაბამისად მისი მიზანი და ამოცანა არის უცვლელი. ის არ ჩამოსულა იმისთვის, რომ კვლავ გამგზავრებულიყო უკან.
ჯანმრთელობის თვალსაზრისით სამწუხაროდ, სახარბიელო სიტუაცია არ გვაქვს, ის სტაბილურად იკლებს წონაში და ფაქტობრივად, იმ წონამდე მიდის, სადაც დაახლოებით, შიმშილობის დასრულების პერიოდში იმყოფებოდა. გარდა ამისა, მას ნევროლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს, რაც გავლენას ახდენს ორიენტაციის, ანუ გადაადგილების, მოძრაობის უნარზე.
ცხადია, რომ ამ მიმართულებით ბევრი რამ კვლავ გასაკეთებელია. ამაზე პრინციპში საუბარია სახალხო დამცველის და ცენტრ "ემპათიას“ მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნებში, პრინციპში, ეს ორი დოკუმენტი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება, ორივე დასკვნა მიუთითებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს მკურნალობის კურსს, რომელიც ამ ჰოსპიტალში მას არ უტარდება. სწორედ, ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე შეძლებს თუ არა მონაწილეობის მიღებას, დამოკიდებული იქნება თუ რა სიტუაცია იქნება ამ კუთხით ხვალ. მას სურს მადლობა გადაუხადოს ჰოსპიტლის პერსონალს, რომელმაც დაბადების დღის ტორტი მოამზადა მისთვის“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.
ამასთან, ადვოკატის თქმით, სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა საზოგადოების იმ ნაწილსაც, რომელიც დღეს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას შეუერთდება.
ცნობისთვის, 22 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება.