"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, გორის ჰოსპიტალში მოთავსებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყურადღება დღეს რუსთაველის გამზირისკენაა მიპყრობილი, რადგან ხალხმრავალ აქციას ელოდება.
ამასთან, როგორც ხერხეულიძემ ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, მესამე პრეზიდენტი თავს სუსტად გრძნობს და ელოდებიან უცხოელ ექიმს, რომელიც მისი მკურნალობის პროცესში ჩაერთვება.
"მდგომარეობა უცვლელია. თავს სუსტად გრძნობს. ასეთ ხანმოკლე პერიოდში მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდებოდა, იმის გათვალისწინებითაც, რომ მისი მკურნალობის პერიოდში განსაკუთრებული ჩარევა არ მომხდარა. უმოკლეს პერიოდში ელოდებიან უცხოელ ექიმს, რომელიც გარკვეულწილად დაეხმარება ამ პროცესის დარეგულირებაში. ყოველ შემთხვევაში ახლა საიმედო არაფერია.
განწყობას რაც შეეხება, გაკვირვებული ვარ მედპერსონალის გადაწყვეტილებით - ოთახში დამხვდა ტორტი სანთლებით, ამ ადამიანებმა დაბადების დღე მიულოცეს და მიხარია, როდესაც ადამიანებს ჰყოფნით სითამამე თავისი დამოკიდებულება ღიად გამოხატონ. ახლა მასთან არის დედა. მე გამოვედი, რათა აქციაზე წავიდე. მიხეილ სააკაშვილის მთელი ყურადღება მიპყრობილია რუსთაველის გამზირისკენ, ვინაიდან დღეს ელოდება ხალხმრავალ აქციას, რომელიც თავისი შინაარსით რეზონანსული იქნება. მე გეუბნებით, რომ ეს ასე იქნება. ის ფაქტი, რომ მის დაბადების დღეზე ხალხი იკრიბება და გამოთქვამს პროტესტს მის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და საგულისხმოა“,- განაცხადა ხერხეულიძემ.