"მინდა მიხეილ სააკაშვილს ადამიანური გამძლეობა ვუსურვო, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გათავისუფლდება და ქვეყნის განვითარებაში მიიღებს არსებით მონაწილეობას" - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
გიგი უგულავას თქმით, ოპოზიცია ყველანაირად უჭერს მხარს შერიგების პროცესს, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა წამოიწყო და საპროტესტო აქციები არის ის მუხტი, რომელიც "არ მისცემს უფლებას "ქართულ ოცნებას” ეს პროცესი მიაფუჩეჩოს".
"მინდა მივულოცო მიხეილ სააკაშვილს და ნიკა მელიას დაბადების დღე. მე, როგორც ყოფილმა პატიმარმა, ვიცი როგორი გამამხნევებელია, როდესაც შენი თანამებრძოლები მოვლენ და შეძახილებით გაგამხნევებენ. პირველ რიგში მინდა მიხეილ სააკაშვილს ადამიანური გამძლეობა ვუსურვო, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე იქნება თავისუფალი და ქვეყნის განვითარებაში მიიღებს არსებით მონაწილეობას.
კონსტიტუციის ფარგლებში ჩატარებული აქციები არის უფლება და პატრიოტი ადამიანების მოვალეობა. ჩვენ ყველანაირად მხარს ვუჭერთ იმ პროცესს, რომელიც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა წამოიწყო, პარალელურად, საპროტესტო მოძრაობა არის ის მუხტი, რომელიც არ მისცემს უფლებას "ქართულ ოცნებას” ეს პროცესი მიაფუჩეჩოს, ცდილობენ ზურგი შეაქციონ სალომე ზურაბიშვილს და "მიჯირყვნონ” ეს პროცესი, რის უფლებასაც არ მივცემთ. ჩვენ უნდა გავხდეთ ქვეყანა, სადაც აღარ იქნება პოლიტიკური დევნა და მიხეილ სააკაშვილიც გათავისუფლდება”, - აღნიშნა გიგი უგულავამ.