ავტორი:

"პოლიციის მაღალჩინოსანი რამაზ გერლიანის ოჯახის წევრებს არწმუნებდა, რომ ექსპერტი საზოგადოების ყურადღების მისაქცევად გაუჩინარდა" - ადვოკატი

"პოლიციის მაღალჩინოსანი რამაზ გერლიანის ოჯახის წევრებს არწმუნებდა, რომ ექსპერტი საზოგადოების ყურადღების მისაქცევად გაუჩინარდა"  - ადვოკატი

ეკონომიკური ექსპერტის, გაუჩინარებული რამაზ გერლიანის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და საგამოძიებო მოქმედებების წარმართვას საქართველოს გენერალურ პროკურატურას სთხოვს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გერლიანის ოჯახის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე აცხადებს, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის მოადგილე რამაზ გერლიანის ოჯახის წევრებს არწმუნებდა, რომ ექსპერტი საზოგადოების ყურადღების მისაქცევად გაუჩინარდა.

ადვოკატის თქმით, უცნობია, გამოიკითხა თუ არა პოლიციელი გიორგი გოგნიაშვილი, ან რატომ იმყოფებოდა ის გაუჩინარებული მამაკაცის მეუღლესთან სახლში.

კოტრიკაძის განმარტებითვე, წერილში, რომელიც გაუჩინარებამდე ექსპერტმა დატოვა, შვილებს ბოდიშს უხდის. ადვოკატის განცხადებით, ექსპერტის ოჯახის წევრები გერლიანის მხრიდან სუიციდის ჩადენას განიხილავენ.

"ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-4 განყოფილება ვერ შეძლებს ამ სირთულის საქმის გამოძიებას, მათ ამის რესურსი და შესაძლებლობა არ ჰყოფნით. შესაბამისად, საქართველოს გენერალურ პროკურატურას მივმართე და მოვითხოვე საქმე გამოითხოვონ და მათი ქვემდებარეობით მოხდეს გამოძიება, ვინაიდან, სრულ უნდობლობას ვუცხადებთ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს.

მოგახსენებთ კონკრეტულ ფაქტებს - გუშინ, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა გერლიანის ოჯახის წევრებისთვის აზრი შეექმნა, რომ ეს ყველაფერი გერლიანმა იმისთვის გააკეთა, რომ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრილიყო.

ბუნებრივია, კითხვა დავსვი, პოლიციის შენობაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერები ამოღებული იყო თუ არა, ვინაიდან, ეს ძალიან ინფორმატიული იქნებოდა გამოძიებისთვის - რა დროს მივიდა, ვინმე ხომ არ იყო მასთან ერთად, ვინმე ხომ არ ელოდებოდა იქ, მაგრამ ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. მერე გავიგე, რომ თურმე, ვიდეოკამერები საერთოდ არ მუშაობდა და გათიშული ყოფილა. ამას გარდა, როცა საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა და გამომძიებლები მანქანის დათვალიერებას ახორციელებდნენ, უცებ აღმოვაჩინე, რომ სოციალურ ქსელში რამაზ გერლიანის პირადი გვერდიდან პოსტი გაქრა, როცა კითხვა დავსვი, გამოძიებამ ხომ არ დაბლოკა აღნიშნული პოსტი, რომლითაც მან საზოგადოებას მიმართა და რამდენიმე უწყება მონიშნა, კითხვაზე პასუხი არავინ გამცა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ოფისის დათვალირებისას მათ წერილი დახვდათ, რითაც შვილებს ბოდიშს უხდიდა, ემშვიდობებოდა და ასევე დახვდათ ტელეფონი, რომელზეც მარკერით იყო მონიშნული, როგორ უნდა მოეხსნათ კოდი. სწორედ ამ დროს, როცა ოფისში იყვნენ და მათთვის ტელეფონის კოდი ცნობილი გახდა, ზუსტად ამ პერიოდს ემთხვევა რამაზ გერლიანის პირადი გვერდიდან პოსტის წაშლა.

გამოიკითხა თუ არა გიორგი გოგნიაშვილი, ანუ ის პირი, ვინც რამაზ გერლიანს სახლში დილის 9 საათზე მის მეუღლესთან ერთად დახვდა, პასუხი არის ასეთი - ყველას შეუძლია ჰყავდეს მეგობარიო, მაგრამ გამოიკითხა, თუ არა, ან ადასტურებს ნამდვილად იცნობს თუ არა ის ია ჯინჭოლაძეს, არ გაუციათ. პოლიციელებს ოჯახის წევრების კითხვებზე ურთიერთგამომრიცხავი პასუხები აქვთ და რა თქმა უნდა, მათ უნდობლობას ვუცხადებთ“, - განაცხადა მაგდა კოტრიკაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, ეკონომიკური ექსპერტი რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. ოჯახის ინფორმაციით, გერლიანის ავტომობილი ბოლოს ავჭალის პოლიციის შენობასთან შენიშნეს. როგორც ახლობლები აცხადებენ, რამაზ გერლიანს 2 დღეა ვერ უკავშირდებიან.

აღსანიშნავია, რომ რამაზ გერლიანმა გაუჩინარებამდე "ფეისბუქ“ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც შსს-ს თანამშრომელ გიორგი გოგნიაშვილს შანტაჟსა და კერძო საკუთრებაში შემოჭრაში ადანაშაულებს. გერლიანის ცნობით, სამართალდამცველი 14 ნოემბერს საკუთარ ბინაში შეიარაღებული დახვდა და ცრუ მოტივით დაკითხა. მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე პოლიციის სამმართველოს 35 დღის წინ მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.