"პროცესი, რომელიც წამოიწყო სალომე ზურაბიშვილმა, ნამდვილად არის მისასალმებელი და ამაში ჩვენც შევუწყობთ ხელს", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, თუკი იარსებებს მოლაპარაკებების შედეგად თუნდაც მიზერული შანსი, მისი პარტია ეცდება, რომ ეს შანსი გაზარდოს და ის პოლარიზაციის ხარისხი, რომელზეც ზურაბიშვილი საუბრობს, "ნაციონალური მოძრაობის“ ჩართულობით შემცირდეს.
"ავტოკრატიული სახელმწიფოს პირობებში არავის მხრიდან მაქვს ალტრუისტული ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი. თუ ბრძოლა უკომპრომისოა და საზოგადოების მხრიდან თავდადებას აქვს ადგილი, მჯერა, რომ პროცესი ნორმალიზებისკენ წავა. პირდაპირ გეტყვით, ამ წუთის მდგომარეობით ძნელად წარმომიდგენია სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეწყალება.
ამ კონსულტაციებში მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, აუცილებლად ჩავერთვები. ვფიქრობ, რომ მანამ, სანამ სალომე ზურაბიშვილი ამ ინიციატივას გააცნობდა საზოგადოებას, მას გააზრებული ჰქონდა, თუ რა სიძნელეებს შეიძლება წავაწყდეთ ამ ფორმატში და მას, ალბათ, ამის გადალახვის გზები ექნება გააზრებული.
მისი მტკიცე, პრინციპული და სამართლიანი პოზიცია მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად და ამ ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ. მჯერა, მას კარგად ესმის, რომ "ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რათა პროცესს ხელი შეუშალოს.
როდესაც ქალბატონო ზურაბიშვილი დაგვიძახებს, იმ დღესვე ჩვენ ამ შეხვედრას დავესწრებით", - განაცხადა მელიამ.
გარდა ამისა, მან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ერთობლივი შიმშილობის დაწყების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკური საბჭოს ფორმატში არ მიუღიათ.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან 9 კარავია გაშლილი, სადაც ამ დროისთვის 300-მდე ადამიანი შიმშილობს. მოშიმშილეებს შორისაა თავად ნიკა მელიაც.