ავტორი:

"ქეთი მის გარეშე ნაბიჯს არ დგამდა, გოგას გარეშე არსად დადიოდა... მანიაკის არაფერი შეგვიტყვია" - რას ჰყვება მეუღლის მიერ მოკლული, 5 თვის ფეხმძიმე ქალის ახლობელი?

"ქეთი მის გარეშე ნაბიჯს არ დგამდა, გოგას გარეშე არსად დადიოდა... მანიაკის არაფერი შეგვიტყვია" - რას ჰყვება მეუღლის მიერ მოკლული, 5 თვის ფეხმძიმე ქალის ახლობელი?

საზარელი ტრაგედია დატრიალდა 22 დეკემბერს, ვარკეთილის მე-3 მიკრო რაიონში, სადაც ახალგაზრდა კაცმა 5 თვის ფეხმძიმე მეუღლე, 22 წლის ქეთა კეპულაძე ერთი წლის შვილის თანდასწრებით მოკლა. გარდაცვლილს 5 ჭრილობა მუცლის, ერთი კი ყელის არეში აქვს მიყენებული. მკვლელობაში ბრალდებულმა 23 წლის გოგა გზირიშვილმა თავად დარეკა 112-ში და პოლიციას ჩაბარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.

მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავე ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს.

ambebi.ge ქეთი კეპულაძის დეიდაშვილს ელენე კაჭარავას ესაუბრა.

"ზუსტად რა მოხდა, არ ვიცი, ქეთი უთქმელი გოგო იყო, არავის არაფერს უყვებოდა. ერთი პერიოდი, დედასთან იყო ერთი კვირით წასული, მერე გოგას მიუკითხავს და უკან წამოუყვანია. როგორც ჩანს, ქეთი გულში იკლავდა დარდს, არც არაფერი ეტყობოდა... ძალიან კეთილი, სათნო და საყვარელი, ჩვენს შორის ყველაზე განსხვავებული. მთელი ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული. დაუჯერებელია, რაც მოხდა, ძლივს ვლაპარაკობ...

გოგა და ქეთი შეეყვარებულები იყვნენ, 2 წელია, რაც შეუღლდნენ, 1 წლის და 2 თვის დემეტრე ჰყავთ, რომლის თვალწინაც გამოასალმა ჩემი დეიდაშვილი სიცოცხლეს. დემე ქეთის დედასთან იქნება, ის გაზრდის. რა უნდა დაეშავებინა 5 თვის ორსულ ქალს, ვერ ვხვდები. გოგა ეჭვიანი ყოფილა, მაგრამ რატომ იყო, ვერ ვხვდები. ქეთი მის გარეშე ნაბიჯს არ დგამდა, უიმისოდ არსად დადიოდა. რომ ვეტყოდით, გამოდი ჩვენთან, სულ იმას ამბობდა, - გოგას ვეტყვი და ისე გამოვალო, თვითნებურად არაფერს აკეთებდა. კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ასე ჩანდა, ყოველ შემთხვევაში.

გოგა თავიდან კარგი იყო, ბოლო დროს რა დაემართა, წარმოდგენა არ მაქვს. ისინი წარმოშობით კახელები არიან და ვარკეთილში ნაქირავებში ცხოვრობდნენ. გოგას დედა ახლახან იტალიაში წავიდა სამუშაოდ. ოჯახში გოგა, მამამისი, მისი 14 წლის და, ქეთა და დემე ცხოვრობდნენ. გოგას ნათესავებთანაც ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა, მანიაკის არაფერი შეგვიტყვია, ყველანი შოკირებულები ვართ. ვერ გეტყვით, ეწეოდა, თუ თამაშობდა. მეზობლები კი ამბობენ, მაგრამ მე რაც არ ვიცი, იმას ვერ ვიტყვი. გოგა ნასამართლევი იყო, რაზე ზუსტად არ ვიცი, მგონი, ხულიგნობაზე...

ერთი მეზობელი ამბობს, მკვლელობის მერე გარეთ გამოვიდა და მითხრა, - შედი, ბავშვი გამოიყვანე, ქეთი მოვკალიო. თვითონ დარეკა 112-ში, დაჯდა და პოლიციას ელოდებოდა. წარმოიდგინეთ, კაცმა ცოლი მოკლა და კიდევ იმის აზრზე იყო, თავზე ეფიქრა, თავად ჩაბარებოდა. ეგ რომ ნორმალური ყოფილიყო, ადგილზე მოიკლავდა თავს. როგორც ჩემები ამბობენ და მეზობელი ბიჭიც ჰყვება, 2 კვირის წინ ექიმთან ყოფილა, - ფსიქიატრთან დადიოდა და რაღაც წამლებს სვამდაო. ნორმალური რომ ყოფილიყო, ამას გააკეთებდა? გოგას ძმაც დაჭერილია, და ჰყავთ პატარა, მკვლელობის მომენტში მული, სავარაუდოდ, სკოლაში იყო. მამამთილიც გასული ყოფილა.

ქეთი ისეთ ლამაზ აქსესუარებს, გვირგვინებს და დიადემებს ამზადებდა, კარგად ხატავდა, ძალიან შრომისმოყვარე გოგო იყო, სულ რაღაცას ცდილობდა და აკეთებდა. ოთხ თვეში მეორე ბიჭს ელოდებოდა, ისეთი ბედნიერი იყო... ყველაფერი ჩაგვშხამდა, ჯოჯოხეთში ვართ ყველანი. დეიდაჩემს და ბიძაჩემს აზრი არ მოეკითხებათ, გათიშულები არიან. ჯოჯოხეთი მოგვიწყო ამ მანიაკმა, ქეთი 6-ჯერ აქვს დანა ჩარტყმული, სულ მუცელში ურტყია, მეექვსე ჭრილობა ყელში აქვს და სისხლისგან დაიცალა გოგო. რატომ აწამა, გაშორება თუ უნდოდა, ეთქვა, სიხარულით წამოვიყვანდით, ვინ იტყოდა უარს, ვინ დატოვებდა შვილს ასეთ ავადმყოფთან. ნეტა ერთი სიტყვა ეთქვა ქეთის, გადაკრულად მაინც, ვერ ვარ კარგად გოგასთანო, ამ ფსიქოპათს გავაცილებდით და დღეს იქნებ ცოცხალი ყოფილიყო..."