ავტორი:

სათამაშოების მიმართ მოთხოვნები მკაცრდება - რა სირთულეებს შეიძლება წააწყდნენ ქართული კომპანიები

სათამაშოების მიმართ მოთხოვნები მკაცრდება - რა სირთულეებს შეიძლება წააწყდნენ ქართული კომპანიები

ბავშვები და მათი უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი საკითხია, ამ მიმართულებით კანონმდებლობაში სიახლეებია, სათამაშოების მიმართ მოთხოვნები მკაცრდება. არის თუ არა ქართული ბაზარი მზად და რა სირთულეებს შეიძლება წააწყდნენ კომპანიები - ამის გასარკვევად დასახელებულ საკითხებზე მომუშავე სამართლის ჯგუფს და მის იურისტებს მივმართეთ.

რა სირთულეები შეგხვდათ სათამაშოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებისას და რა ღონისძიებების გატარება გახდა საჭირო?

ანა ბაქრაძე, სამართლის ჯგუფის იურისტი: სამართლის ჯგუფი აღნიშნული რეგლამენტის ამოქმედებამდე აქტიურად იყო ჩართული მისი განხილვის პროცესში. რიგ აქტივობებთან ერთად, სათამაშოების ორი უმსხვილესი მაღაზიის - „პეპელა“ და „XS TOYS“ - წარმომადგენლებთან ერთად დავესწარით არაერთ შეხვედრას, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული, საშუალება გვქონდა შევხვედროდით და უშუალო კითხვები დაგვესვა ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რომელთა ჩართულობითაც მოხდა ახალი რეგლამენტის შექმნა და ამოქმედება.

მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ განსაკუთრებულ სირთულეებს, მაგალითად, ამ ორი კომპანიის შემთხვევაში თითქმის არ ჰქონია ადგილი, რადგან მოგეხსენებათ, რომ XS TOYS არის ერთადერთი ევროპული სათამაშოების ქსელი საქართველოში და მაღაზიაში განთავსებული ყველა სათამაშო არის ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი. რაც შეეხება მაღაზიათა ქსელ „პეპელას“, ის თანამშრომლობს ისეთ მწარმოებლებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის სათამაშოების წარმოებას.

ჩვენი მიზანი იყო ქართველი მომხმარებლისთვის, ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მიგვეწოდებინა ინფორმაცია სათამაშოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რისთვისაც საჭირო გახდა ეტიკეტების მომზადება ქართულ ენაზე. ასევე მნიშვნელოვანი იყო მიგვეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს სათამაშოს მოხმარება ისე, რომ უსაფრთხო იყოს ბავშვებისთვის.

ასევე სიამაყით გვინდა ვაცნობოთ ქართველ მომხმარებელს, რომ „პეპელამ“ მათ შესთავაზა ისეთი ახალი უსაფრთხო სათამაშოები, როგორიცაა ყველასათვის საყვარელი „ჟირაფი ჟოზე“ და „მეზღაპრე დათუნია“.

რეგლამენტის ამოქმედებიდან თითქმის 6 თვე გავიდა, როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლო სათამაშოების ბიზნესმა დაეძლია ის გამოწვევები, რომლებიც რეგლამენტის ამოქმედებას ახლდა თან.

ანა ბაქრაძე, სამართლის ჯგუფის იურისტი: დღეს თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ პეპელა და XS TOYS აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომლებიც გათვალისწინებულია რეგლამენტით. ეს იყო სამართლის ჯგუფისა და კომპანიების ერთობლივი მუშაობის შედეგი და მომხმარებელს აქვს გარანტია, რომ ორივე მაღაზიაში შეუძლია შეიძინოს უსაფრთხო, ევროკავშირში არსებული სტანდარტების შესაბამისი სათამაშოები. საქართველოს ბაზარზე არიან ასევე მწარმოებლები, დისტრიბუტორები, იმპორტიორები, რომლებსაც, ვფიქრობ, უფრო მეტი გამოწვევა აქვთ, თუმცა ამ საკითხში ჩვენი გამოცდილება, მათაც დაეხმარება და შეგვიძლია მათი სამართლებრივი მხარდაჭერა.

რა მოთხოვნებს უწესებს „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ ბიზნეს სუბიექტებს?

ანა ჯანუყაშვილი, სამართლის ჯგუფის იურისტი: „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ ამოქმედება საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებით არის განპირობებული. აღნიშნული სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ამოქმედება სწორედ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით არის ნაკისრი. რეგლამენტი ითვალისწინებს ბაზარზე უსაფრთხო სათამაშოს განთავსებას, რაც მთელ რიგ მოთხოვნებთან არის დაკავშირებული, კერძოდ, მოთხოვნები სათამაშოს ქიმიური შემადგენლობის, ისე ფიზიკური მახასიათებლების მიმართ, რომლებიც გათვალისწინებულია EN71 უსაფრთხოების სტანდარტით, ასევე დოკუმენტური შესაბამისობა, რაც თავის თავში გულისხმობს, მაგალითად, სათამაშოზე ეტიკეტირების (ნიშანდების) დატანას, შესაბამისობის დეკლარაციისა და ტესტრეპორტების (სათამაშოების) უსაფრთხოების ლაბორატორიული შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენასა და სხვ. ბიზნესოპერატორი, რომელიც მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, შესაბამის სანქცირებას დაექვემდებარება. კერძოდ, ეს სანქცია შესაძლოა იყოს სათამაშოს ბაზარზე განთავსების შეზღუდვა ან აკრძალვა, ან უკვე განთავსებული სათამაშოს ამოღება ბაზრიდან.

რა სახის მომსახურებას სთავაზობს სამართლის ჯგუფი ბიზნესოპერატორებს, რომლებიც სათამაშოების წარმოებისა და რეალიზების სფეროში არიან წარმოდგენილნი?

ანა ჯანუყაშვილი, სამართლის ჯგუფის იურისტი: როგორც აღინიშნა, სამართლის ჯგუფი მომსახურებას უწევს, მაგალითად, ისეთ უმსხვილეს სათამაშოების ქსელს, როგორიცაა „XS TOYS“ და „პეპელა“. რეგლამენტის პირველადი ვერსია, რომელიც 2021 წლის 1 ივლისს უნდა ამოქმედებულიყო, მიუხედავად რეგლამენტისეული სათამაშოს განმარტებისა, ბაზრის მონაწილეთათვის ტოვებდა გარკვეულ ღია კითხვებს, თუ რა ტიპის პროდუქცია უნდა მიჩნეულიყო სათამაშოდ და სხვ. სამართლის ჯგუფისა და ჩვენი კლიენტი კომპანიების აქტიური ჩართულობით გაიმართა შეხვედრები, როგორც ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსთან, ასევე ბიზნესომბუდსმენის აპარატთან და სხვ. განხორციელებულმა სამუშაოებმა ერთგვარი პოზიტიური შედეგი გამოიღო, დაკონკრეტდა სათამაშოების ნუსხა პროდუქტის დასახელებით და სასაქონლო ნომენკლატურით, ასევე 2022 წლის 1 იანვრამდე გადაიწია სათამაშო წიგნებზე რეგლამენტის, მათ შორის სანქცირების კომპონენტის, ამოქმედების ვადამ. შედეგად, გარკვეული ბიზნეს სუბიექტები უფრო მომზადებულები შეხვდებიან სათამაშოების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულად ამოქმედებას.

რაც შეეხება სამართლის ჯგუფს, ჯგუფის იურისტები, კონსულტაციას უწევენ კლიენტებს, მათ შორის, დოკუმენტაციის ტექნიკური შესაბამისობის ირგვლივ, კერძოდ, ესაა სახელშეკრულებო ნაწილი, ეტიკეტირების სწორად შედგენა, გამართული შესაბამისობის დეკლარაცია, ტესტრეპორტების არსებობა, „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინების“ წარდგენა და სხვ. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ კომპანიებს მათი საქმიანობა იცავდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. ვინაიდან საკითხი ახალია საქართველოს ბაზრისათვის, ჩვენი დაკვირვებით, სამართლებრივი მხარდაჭერა საკმაოდ მნიშვნელოვანია ფართო წრისათვის. ჩვენი მხრივ, მზაობას ვაცხადებთ ამ სპეციფიკურ სფეროში თანამშრომლობისთვის.