C ჰეპატიტის ელიმინაციის უფასო სახელმწიფო პროგრამა 2015 წელს კომპანია "გილიარდის“ თანადგომით დაიწყო საქართველოში და მართლაც უნიკალურია, რადგან იგი უახლესი მედიკამენტებით პაციენტების უფასო მკურნალობას ითვალისწინებს. პროგრამა 2025 წლამდე გრძელდება და მისით საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია სარგებლობა, მთავარია, ყველამ ჩაიტაროს სკრინინგი და დარწმუნდეს, აქვს თუ არა მას C ჰეპატიტი. უახლესი წარსულისგან განსხვავებით, დღეს არც ამ ვირუსის აღმოჩენამ უნდა შეგვაშინოს, რადგან, დადასტურების შემთხვევაში, ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია მიაკითხოს მისთვის სასურველ კლინიკას და ჰეპატოლოგს.
"ამ პროგრამამ ათასობით ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე და მათ შორის ერთ-ერთი მეც ვარ, ისევე, როგორც ჩვენი გუნდის დანარჩენი წევრები, რომლებიც წარმოვადგენთ პაციენტთა ორგანიზაციებს. არადა, სულ ცოტა ხნის წინ თითოეული ჩვენგანი სიკვდილის განაჩენის წინაშე ვიდექით. და დღეს რომ ასეთი ი შესაძლებლობაა განკურნების, ამას, რა თქმა უნდა, დაფასებაც უნდა და ეს სიკეთე აუცილებლად უნდა მივიდეს ადამიანებამდე, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - ამბობს C ჰეპატიტისგან განკურნებული პაციენტი კოკა ლაბარტყავა, რომელიც იმ პაციენტთა ორგანიზაციების გუნდის წევრია, ვინც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, C ჰეპატიტის პრევენციისთვის დაიწყო საინფორმაციო კამპანია - "იCოდე, C ჰეპატიტი არ იცდის!“
კოკა ლაბარტყავა:
- 2000-იანი წლების დასაწყისში დავინფიცირდი. პარალელურად, სამედიცინო სფეროში ვიყავი და კარგად ვხედავდი, C ჰეპატიტის მკურნალობის კუთხით რა მძიმე ვითარება იყო - ინტერფერონით მკურნალობა კოლოსალური თანხა ჯდებოდა, დაახლოებით, 20 ათასი დოლარი, თუნდაც, ჩემს ოჯახს კი საშუალო შემოსავალი ჰქონდა და ჩემთვის, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, ასი ათასობით დაავადებულისთვის, ეს მკურნალობა ხელმიუწვდომელი იყო. თანაც, ეს მკურნალობა არც იყო ეფექტიანი, განკურნების ალბათობა პროცენტულად 60/40-ზე იყო და პლუს - მძიმე გვერდითი მოვლენებით გამოირჩეოდა. ერთი წლის განმავლობაში ინიექცია ყოველდღიურად უნდა გაგეკეთებინა და ეს ფიზიკურადაც ანგრევდა ორგანიზმს და - ფსიქოლოგიურადაც. რაკი სამედიცინო სფეროში ვსაქმიანობდი და ძალიან მძიმე მდგომარეობაც მქონდა, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ მკურნალობა დამიფინანსა...
პაციენტთა ორგანიზაცია "ვექტორი“ 2006 წელს ჩამოყალიბდა და ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორიცაა ნარკოტიკების მომხმარებლები, C ჰეპატიტით, აივ ინფექციით და ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანები. ჩვენ მათთვის თანასწორ-გამანაწილებლის პრინციპით უნდა დავხმარებოდით. რაც შეეხება უშუალოდ C ჰეპატიტს, ამ მხრივ, ნარკომომხმარებელთა შორის ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო და ამიტომაც გახდა ჩვენი სამიზნე. თუმცა იმ პერიოდში ამ ადამიანებზე, ფაქტობრივად, არავინ ზრუნავდა - სახელმწიფო ამ პრობლემას არ აღიარებდა, შესაბამისად, ადამიანებს არც მკურნალობაზე მიუწვდებოდათ ხელი და ვისაც მიუწვდებოდა, მათთვის მკურნალობაც, ფაქტობრივად, უშედეგო იყო. ჩიხურ მდგომარეობაში ვიყავით. მაშინ დაიწყო პაციენტთა მოძრაობა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით პირველი საინფორმაციო აქციები, კამპანიები. ამით მოვახერხეთ და ეს პრობლემა წინ წამოვწიეთ. იმჟამინდელი სტატისტიკით, C ვირუსით 200 000 ადამიანი იყო დაავადებული. კარგად მახსოვს ჩვენი პირველი საინფორმაციო აქცია - 2011 წლის 26 მარტს გადაჭედილ "დინამო არენაზე“, საქართველოსა და ხორვატიის მატჩის მიმდინარეობისას, რომელსაც საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი და მთელი მთავრობა ესწრებოდა. ჩვენი ორგანიზაციის წევრი კოტე რუხაძე საფეხბურთო ფანკლუბის წევრი იყო და სწორედ მისი დახმარებით ბანერი სლოგანით - "C ჰეპატიტით ინფიცირებულ ადამიანს იმედი აქვს გამოჯანმრთელების და საქართველოს გამარჯვების!“ მსვლელობა მოვაწყვეთ ქუჩაში. ასე შევედით სტადიონზე და სახალხოდ გამოვფინეთ ბანერი, რომელმაც ძალიან დიდი ყურადღება მიიპყრო.
საბოლოოდ ჩვენი სლოგანის იმედი გამართლდა და 2012 წელს სახელმწიფომ დაიწყო ამ პრობლემის აღიარება, რასაც კონკრეტული ნაბიჯებიც მოაყოლა. ყველაფერი გაერთიანებული ძალისხმევით ხდებოდა და აქ სწორედ პაციენტთა ორგანიზაციებმა შეასრულეს უდიდესი როლი. დღესდღეობით იმ 200 000 ადამიანს, რომელსაც მაშინ გამოჯანმრთელების იმედი ჰქონდა, უდიდესი შესაძლებლობა მიეცა, ემკურნალა და გადარჩენილიყო. და ამით, ცხადია, გაიმარჯვა საქართველომ, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩა და გადაურჩება კიდეც.
რაც შემეხება მე, ინტერფერონით მკურნალობამ საკმაოდ მძიმედ ჩაიარა, გვერდითი მოვლენების ფონზე, მაგრამ სამწუხაროდ, სწორედ იმ 40%-ში მოვხვდი, ვისთვისაც მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა. მოხდა რელაფსი და ვირუსმა თავიდან დაიწყო გამრავლება, რასაც დაერთო ამ პროცესის თანმდევი ვირუსული დატვირთვის გაზრდა - ღვიძლში ვირუსის რაოდენობა რამდენიმე მილიონამდე ავიდა. განმეორებით მკურნალობის ფინანსური საშუალება არ მქონდა და ორგანიზმიც ძალიან დამისუსტდა. შემდეგ ყველაფერს დაერთო ტუბერკულოზის ძალიან სენსიტიური ფორმა. ექიმების გადაწყვეტილებით, სასწრაფოდ დავიწყე ტუბერკულოზის მკურნალობა და მასაც გვერდითი მოვლენები მოჰყვა. C ჰეპატიტი კი კვლავ პრობლემად მრჩებოდა, თუმცა, პარალელურად, მაინც აქტიურად ვიყავი ჩართული ჩვენი სათემო ორგანიზაციის საქმიანობაში. საბოლოოდ, ჩვენმა აქტიურობამ და სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისმა ნაბიჯებმა 2013-14 წლებში პირველი შედეგი მოიტანა - ინტერფერონით მკურნალობა საპატიმრო დაწესებულებებში ხელმისაწვდომი გახდა, დანარჩენი მოსახლეობისთვის კი ამ პრეპარატის ფასმა 3-ჯერ დაიკლო. ამით ბევრი ადამიანი გადარჩა, რასაც უნიკალური ამბავი მოჰყვა - ამერიკაში გამოიგონეს C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი, ეფექტიანი და, თითქმის, გვერდითი მოვლენების გარეშე მოქმედი ახალი, მაგრამ ძვირად ღირებული პრეპარატები. საქართველოს წილად ხვდა ბედნიერება, თავის მოქალაქეებისთვის ამ პრეპარატებით უფასოდ ემკურნალა.
ჩვენი სახელმწიფოს დიდი მონდომებითა და ამერიკული კომპანია "გილიარდის“ დახმარებით, 2015 წლიდან დაიწყო ელიმინაციის პროგრამა, რაც საქართველოს ყველა მოქალაქის უფასო ტესტირებასა და C ჰეპატიტის დადასტურების შემთხვევაში - მის უფასო მკურნალობას გულისხმობს. C ჰეპატიტის ელიმინაციის უფასო სახელმწიფო პროგრამამ გადამირჩინა სიცოცხლე მეც და კიდევ უამრავ ადამიანს! მადლიერი ვარ ყველა კოლეგის, ყველა თანამებრძოლის, მთავრობა იქნება თუ სხვა ვინმე, ვინც ამ უნიკალურ ამბავში წვლილი შეიტანა. წარმოგიდგენიათ, ინტერფერონის მკურნალობის კურსმა უარესი დამმართა, ელიმინაციის 3-თვიანმა მკურნალობის კურსმა კი სრულიად გამკურნა!
ამიტომ მინდა ყველას ვუთხრა, რომ ძალიან ყურადღებით მოეკიდონ ამ პრობლემას - C ჰეპატიტი არის ღვიძლის დაავადება, რომელიც სისხლით გადადის და უსიმპტომოდ მიმდინარეობს, წლების შემდეგ კი, როდესაც რაიმე ფორმით თავს აუცილებლად გამოავლენს, მისი მკურნალობა შეიძლება ძალიან დაგვიანებულიც აღმოჩნდეს - შორს წასული დააავადება არათუ ციროზს, ღვიძლის კიბოსაც კი იწვევს!
- ბევრი ადამიანი გადარჩა და ამან კვლავ გაგაერთიანათ, ამჯერად უკვე განკურნებული პაციენტთა ორგანიზაციის წევრები... სხვა ადამიანების დასახმარებლად. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, 5 თვის წინ დაიწყეთ კამპანია - "იCოდე, C ჰეპატიტი არ იცდის“, რაც უკვე სრულდება. კამპანიის განმავლობაში თბილისსა და საქართველოს, არათუ ქალაქებში, სოფლებშიც კი შეხვდით ადამიანებს, ესაუბრეთ და ამ ვერაგ დაავადებაზე უამრავი ინფორმაცია მიაწოდეთ, ასევე, მობილური ლაბორატორიის დახმარებით ჩაუტარეთ ტესტირებები... რა მნიშვნელობა ჰქონდა ამგვარ კამპანიას და როგორ მივდივართ შედეგისკენ - "საქართველო C ჰეპატიტის გარეშე“, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრები ქვეყნისთვის და იმ კონკრეტული ადამიანებისთვის?
- ზოგადად, ელიმინაციის ამ პროგრამით ანუ ამ ანტივირუსული პრეპარატით განკურნების მაჩვენებელი ძალიან მაღალია - 98%. დაახლოებით, 70 000 ადამიანი განიკურნა, მაგრამ კვლევებით და ვარაუდებით, დაახლოებით, ერთი ამდენს აქვს ვირუსი და სჭირდება მკურნალობა. ბევრმა საერთოდ არ იცის თავისი სტატუსი და, შესაბამისად, არც პროგრამას მიმართავს, მაგრამ, დაახლოებით, 20 000 ადამიანს აქვს გაკეთებული სკრინინგი, იცის, ვირუსი რომ აქვს და სამკურნალოდ არ მიდის. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა! როცა გაქვს ასეთი საშუალება, შეგიძლია სრულიად უფასოდ იმკურნალო, ასეთ სიკეთეზე რატომ უნდა თქვა უარი?! რაც შეეხება ჩვენს კამპანიას, რაც უნდა უნიკალური იყოს ესა თუ ის პროგრამა, თუ მასზე ინფორმაცია მოსახლეობას სათანადოდ არ მიაწოდე, ვერ იქნება ის უნიკალური! რაც პროგრამა დაიწყო, არაერთი ძალისხმევა იყო თავად დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, სხვადასხვა ორგანიზაციის, არასამთავრობო, სათემო გაერთანებების მიერ, რათა საზოგადოებას ამ პროგრამის შესახებ ბევრი ინფორმაცია მიეღო. მეკითხებით, რა მოიტანა თქვენმა კამპანიამ, ამ პროცესმაო? რა თქმა უნდა, სხვადასხვა საშუალებით ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანებს მოტივაცია უმაღლდებათ და ნაწილი შესაბამის ნაბიჯსაც დგამს, მაგრამ ჩვენი კამპანიის პროცესმა დაგვანახვა, რომ უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციას, საუბარს, თანაც - ყოფილი პაციენტების, ვინც თავად გადავიტანეთ, განვიცადეთ ყველაფერი და დღეს, გადარჩენილები, მათ პირისპირ დავდექით და ვუხსნიდით, რატომ არ უნდა გაიარონ ჩვენი გზა; რატომ უნდა შეამოწმონ თავისი სტატუსი სწორედ დღეს და არ გადადონ ხვალისთვის; რომ დღეს მათ საშუალება აქვთ, ყველაფერი უფასოდ შეიმოწმონ და უფასოდ იმკურნალონ უახლესი და საუკეთესო საშუალებით, ხვალ კი ამის შესაძლებლობა აღარ იქნება, რადგან პროგრამა მუდმივად არ გრძელდება, ხოლო საკუთარი ფინანსებით ახალი პრეპარატით მკურნალობას ისინი ვერ შეწვდებიან, რადგან რეალურად ის ძალიან ძვირად ფასობს! და ასევე, ძვირად ფასობს და ძალიან მძიმეა იმ პრეპარატით (თუნდაც ინტერფერონით) მკურნალობა, რომელმაც ან ვერ განკურნა ადამიანები, ან განკურნა, მაგრამ ჯანმრთელობის სხვა პრობლემები გაუჩინა. სოფლებსა თუ ქალაქებში შეხვედრებისას ვხედავდით, როგორ უხაროდათ ადამიანებს ჩვენთან საუბარი, გვისვამდნენ კითხვებს, ინტერესდებოდნენ, იცით, რა ენთუზიაზმით იტარებდნენ ტესტირებას? ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თავად მუნიციპალიტეტების ჩართულობას ჩვენს კამპანიაში. საერთოდ, აუცილებლად უნდა განვითარდეს საზოგადოებასთან კომუნიკაცია ყველა შესაძლო საშუალებით, მაგრამ ვფიქრობ, უშუალო კომუნიკაცია მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია. მართალია, მთელი სოფელი ვერ მოდის, მაგრამ ის ნაწილი, ვისაც ჩვენ, ყოფილი პაციენტები, ველაპარაკებით, თავად გადასცემს დანარჩენებს ჩვენს მონაყოლს და, ვთქვათ, კონკრეტულ სოფლებსა თუ დასახლებებში ასე ავრცელებენ ამბავს, ეს კი მეტ ნდობას აჩენს - მათთან ჩავედით, მათ ვესაუბრეთ, მათ კითხვებს ვუპასუხეთ, მათთვის გასაგებად, როგორც თანასწორებს და... ეს მათთვისაც ბევრს ნიშნავს და - ჩვენთვისაც! ამით უკეთ იაზრებენ საკუთარ პასუხისმგებლობას და ნაბიჯის შესაბამისი იდგმება!
ავტორი: ირმა ხარშილაძე