"ყველა ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული, რომ მიხეილ სააკაშვილმა მალე დატოვოს საპატიმრო და რეაბილიტაციის შესაძლებობა მიეცეს. არის ისეთი სიმპტომები, რომელიც მხოლოდ საგანგაშო შედეგებს მოიტანს მომავალში" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილს მთელს სხეულზე აქვს სისხლჩაქცევები, აწუხებს უძილობა და წონის კლება.
“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, ნევროლოგიური პრობლემები რჩება. ასეთ ვითარებაში ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაუმჯობესდება. დღეს შევამჩნიე, რომ მთელს სხეულზე აქვს გამონაყარი, რაც არ არის ნორმალური, პატარა მანძილის გამოტოვებით აქვს სისხლჩაქცევები. აწუხებს უძილობა და წონის კლება, მიუხედავად იმისა, რომ არ შიმშილობს. ჩემი პაემნის დროს მოუტანეს საკვები და მხოლოდ ორი ლუკმა ბრინჯი შეჭამა. ყველა ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული, რომ ამ ადამიანმა მალე დატოვოს ციხე და რეაბილიტაციის შესაძლებლობა მიეცეს. არის ისეთი სიმპტომები, რომელიც მხოლოდ საგანგაშო შედეგებს მოიტანს მომავალში. ამიტომ ამაზე შესაბამისმა ორგანოებმა უნდა იფიქრონ”, - აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის” მიერ მასობრივი შიმშილობის გამოცხადებას, ეკა ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილი "სიცივეში მსხდომი ადამიანების პროტესტზე” ძალიან ღელავს და არ არის მარტივად შესაგუებელი, მაგრამ ისიც იცის, რომ მისი მოწოდება მოშიმშილეებს მტკიცე გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებს.
"რა თქმა უნდა, მისი ღელვის საგანია სიცივეში მსხდომი ადამიანების პროტესტი, რაზეც ძალიან ღელავს. მისთვის ეს არ არის მარტივად შესაგუებელი. პერსონალურად განიცდის ამას, მაგრამ ისიც იცის, რომ მისი მოწოდება ვერ შეგვაცვლევინებს მტკიცე გადაწყვეტილებას. ადამიანები გარეთ არიან ყინვაში და შიმშილობენ ამ პირობებში, ეს არის გმირობის ტოლფასი და თავგანწირვის მაგალითი”, - აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.