ავტორი:

ადამიანის უფლებები, 5 ივლისის მოვლენები და "დემოკრატიის დეგრადაცია" - რა სიუჟეტს უძღვნის BBC-ი საქართველოს

ადამიანის უფლებები, 5 ივლისის მოვლენები და "დემოკრატიის დეგრადაცია" - რა სიუჟეტს უძღვნის BBC-ი საქართველოს

ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებელი, BBC-ი, საქართველოს შესახებ სიუჟეტს აქვეყნებს, სადაც განხილულია 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენები. სიუჟეტში აღნიშნულია საქართველოს მთავრობის "უძლურება“, დაეცვა უმცირესობის წარმომადგენლები.

  • “მას შემდეგ, რაც რადიკალები ლგბტ პრაიდს ამ წლის დასაწყისში თავს დაესხნენ, მთავრობა, დასავლეთის მხრიდან, “დემოკრატიის დეგრადაციის“ და ასევე, უმცირესობების დაუცველობისთვის კრიტიკის საგანი ბევრჯერ გამხდარა.
  • ძალადობისთვის არავინ დასჯილა. მთავრობა კი ახლა აცხადებს, რომ საქართველო პროდასავლურ, დემოკრატიულ გზას ადგას. თბილისში ამბობენ, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ არ არიან. რუსეთის განცხადებას, რომ თუ საქართველო ნატოში შევა, ეს მოსკოვისთვის წითელი ხაზის გადაკვეთა იქნება, საქართველოში მიუღებელს უწოდებენ", - აღნიშნავს BBC-ის რეპორტიორი თბილისიდან.

სიუჟეტში ნაჩვენებია 5 ივლისის ძალადობრივი კადრები, დაშავებულები და მათ შორის, "ტვ პირველის" გარდაცვლილი ჟურნალისტი, ლექსო ლაშქარავა.

რეპორტიორი გაესაუბრა ლექსოს მეუღლეს, რომელიც ინტერვიუში ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებზე საუბრობს. აღნიშნავს,თუ როგორ სასტიკად გაუსწორდნენ მოძალადე ჯგუფები მას და "როგორ ეცადა მთავრობა უდანაშაულო ოპერატორის მკვლელობა მის ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისთვის გადაებრალებინა."

BBC-ის რეპორტიორი გაესაუბრა "ალტ ინფოს" დამფუძნებელს, ზურაბ მახარაძესაც. ინტერვიუში მახარაძე უარყოფს ძალადობისკენ მოწოდებებს და ამბობს, რომ "ვერ ვიპოვით კადრს, სადაც ის ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებს."

სიუჟეტში მოყვანილია მახარაძის განცხადების საპირისპირო კადრები. კითხვაზე, ამართლებს თუ არა ის ძალადობას, მახარაძე პასუხობს - "ზოგ შემთხვევაში ცემაც საჭიროა, თუ რაიმე ღირებულს იცავ." მოყვანილია ასევე ინტერვიუ, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თავად ლგბტ აღლუმის მონაწილეებს და ორგანიზატორებს აკრიტიკებს ღონისძიების გამართვისთვის.

სიუჟეტი კი მთავრდება უფლებადამცველ ანა სუბელიანის სიტყვებით, სადაც ის ამბობს, რომ "5 ივლისის დარბევა ქართველი ხალხის დემოკრატიული ღირებულებების ფეხქვეშ გათელვის მაგალითი იყო და მიანიშნებს ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომ აღარ ვართ პროდასავლურები."

წყარო: BBC.com

მოამზადა ანა სიბოშვილმა