ავტორი:

"ვკითხულობდი, - გადანათვლა არ შეიძლება - მეთქი?" - რას ამბობს კობა დავითაშვილის ვაჟი მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილზე?

"ვკითხულობდი, - გადანათვლა არ შეიძლება - მეთქი?" -  რას ამბობს კობა დავითაშვილის ვაჟი მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილზე?

კობა დავითაშვილის ვაჟმა, თორნიკე დავითაშვილმა მაკა რაზმაძის გადაცემაში "ჩაი“ კიდევ ერთხელ ისაუბრა გარდაცვლილ მამაზე და ნათლიაზე - მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა. თორნიკე 2017 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს, სადაც სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს. ინტერვიუში კობა დავითაშვილის ვაჟი ჰყვება, რამდენად მძიმე პაციენტი იყო მამა და მისი მოვლა დედას უწევდა.

თორნიკე: "მამას მხრის შეცვლა რომ სჭირდებოდა, ვერ ახერხებდა, რადგან პარალიზებული იყო, დედას უწევდა მისი გადაბრუნება. მამას ბეხტერევის დაავადება ჰქონდა, ეს იშვიათი დაავადებაა საქართველოში, თუმცა გერმანიაში მესამე ადგილზეა დაავადებებში. მას ბევრი კომპონენტი აქვს, ერთ-ერთია გენეტიკური მიდრეკილება, მაგრამ სჭირდება სტარტერი, რათა ეს გენეტიკური კოდი ჩაირთოს, ერთ-ერთი ამის გამომწვევი ძლიერი ტრავმაა. ის, რომ მამა ამას 7 ნოემბრის ცემას მიაწერდა, არა რის საფუძველს მოკლებული, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამან გააქტიურა ავადმყოფობა, მამას ამაში ვეთანხმები. იმდენად მძიმედ იყო ნაცემი, რომ მომხდარი უკვალოდ არ ჩაივლიდა".

თორნიკე ინტერვიუში ნათლიაზეც ლაპარაკობს. მისი თქმით, რომ იყო პერიოდი, როდესაც გადანათვლაზეც კი ფიქრობდა და ამაზე კითხვებს ოჯახშიც სვამდა...

თორნიკე:

"სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მიხეილ სააკაშვილი ჩემი ნათლიაა. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც მომნათლეს. იმჟამად მამა და სააკაშვილი თანამოაზრეები იყვნენ. მამა "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელია. სულ ორი ნათლია მყავს, მიხეილ სააკაშვილით დიდად არ ვამაყობ, კარგა ხნის განმავლობაში ვკითხულობდი, - გადანათვლა არ შეიძლება - მეთქი? - მეორე ნათლიით, ნონა წოწერიათი ვამაყობ, სტრასბურგში იყო წლების განმავლობაში მოსამართლე საქართველოს სახელით. მიყვარს ძალიან და დიდი სიყვარულით მოვიკითხავ. მეორე ნათლიას მაინც არ უცდია მამაჩემის მოკვლა.

არ მიყვარს, როდესაც ადამიანს ისეთ რამეს აბრალებ, რაც დამტკიცებული არ არის. მამაჩემი ისეთი ადამიანი იყო ტყუილებს არ ლაპარაკობდა, რადგან მიიჩნევდა, რომ ნათლიაჩემს რაღაც ბრალი მიუძღოდა მომხდარში, მაქვს მყარი საფუძველი, რომ ის მართალია. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ ნაწილში ბრალი არ აქვს წარდგენილი. მანდ ბრალი დაუმტკიცდა ზურაბ ადეიშვილს და დედასგან ვიცი, რომ მამას ძალიან ეწყინა, რადგან მას დიდ პატივს სცემდა და ჭკვიან ადამიანად მიიჩნევდა. ჭკვიანი ყოფილა და ბოროტი.

ჩემი აქტიურობის შემდეგ არანაირი კომუნიკაციის სურვილი არ ყოფილა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ბავშვობაში ერთხელ ვცდილობდი, რომ დავკავშირებოდი, მაშინაც არ ყოფილა პასუხი. მანდ მივხვდი, რომ ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის არანაირი კომუნიკაცია არ შედგებოდა..."

კობა დავითაშვილი გასულ წელს, დეკემბერში გარდაიცვალა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კობა დავითაშვილი, გარდაცვალების შემდეგ, ღირსების მედლით დააჯილდოვა.