ავტორი:

"ჩემი ბრალია, მართლა ცუდად ვარ" - ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა: რა განაცხადა მან სასამართლო სხდომაზე?

"ჩემი ბრალია, მართლა ცუდად ვარ" - ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა: რა განაცხადა მან სასამართლო სხდომაზე?

ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკევთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა გზირიშვილის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რასაც ადვოკატი და ბრალდებული დაეთანხმებიან.

მან სასამართლო პროცესე მცირე განცხადებით ისარგებლა და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც დანაშაული გაიაზრა, პოლიციას თავად დაურეკა.

"როგორც კი გავაანალიზე რა გავაკეთე, მე თვითონ დავრეკე პოლიციაში და მე თვითონ მოვიყვანე პოლიცია, ჩემი ბრალია, მართლა ცუდად ვარ", - განაცხადა გზირიშვილმა.

სასამართლო სხდომამდე ბრალდებულის ადვოკატმა მევლუდ ჯანჯღავამ ambebi.ge -სთან განაცხადა:

"როცა ვნახე, ძალიან ცუდ განწყობაზე იყო, მომხდარს განიცდიდა და როდესაც სიტუაცია შევაფასე, არ ჩავთვალე საჭიროდ, კითხვებით დამეტვირთა. გოგას ჩემთვის არ უთქვამს, გაყრას თუ აპირებდნენ და ახლობლების ნათქვამზე დასკვნებს ვერ გავაკეთებ..."

ცნობისთვის, 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს - ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გზირიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.