"ჯერჯერობით აქ ვრჩები, დავივლი სხვადასხვა ადგილს, შევხვდები ხალხს, ვიდეოებს გადავიღებ და მოვყვები ადამიანებზე, ვისაუბრებ განწყობებზე შიშისა და სირცხვილის გარეშე, იმიტომ, რომ მე სიმართლეს ვამბობ, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს"
26 წლის აფხაზი ტიკტოკერი დაურ ბუავა ქართველ მეგობრებთან ერთად ინტერნეტსივრცეს იპყრობს. ახალგაზრდა აფხაზების მესიჯს, "ქართველებსა და აფხაზებს ომი კი არა, მშვიდობა გვინდა", უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის აფხაზეთიდან. საქართველოს ისტორიას ახსოვს ისეთი მოაზროვნენი, როგორიც იყო თუნდაც არზაყან ემუხვარი, პროქართული ორიენტაციის ლიდერი.
"გავერთიანდეთ არა ჩრდილოეთ კავკასიასთან, არამედ, საქართველოსთან", - ამ იდეას ემსახურებოდა მეოცე საუკუნის პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების აფხაზი წევრი... საუკუნის შემდეგ ახლა ორ ხალხს შორის სრულიად სხვა ურთიერთობაა, მაგრამ იმედია, თანამედროვე ქართველ და აფხაზ საზოგადოებას ეყოფა კეთილგონიერება, რომ ერთმანეთისკენ სავალ გზას დაადგეს. და მაინც, გვირაბის ბოლოს თუნდაც მკრთალი სინათლის გამოჩენა იმედისმომცემია, ვინაიდან რამდენიმე წლის წინ ვერავის წარმოედგინა, რომ აფხაზეთიდან გადმოვიდოდა ახალგაზრდა, რომელიც ორი ხალხის შერიგებაზე ისაუბრებდა.
დაურ ბუავა ორი თვეა საქართველოში ქართველ მეგობრებთან ერთად მოგზაურობს. როგორ დაიწყო ყველაფერი და რა შეიძლება გაკეთდეს ჩაკეტილი წრის გასარღვევად, ამის შესახებ დაურ ბუავა და მისი ერთ-ერთი ქართველი მასპინძელი შმაგი სამხარაძე "კვირის პალიტრას" ესაუბრნენ.
დაურ ბუავა: - დიდი დრო გავიდა, 30 წელი ცოტა არ არის და რაც მეტად გავუცხოვდებით, მით ძნელი იქნება საერთო ენის გამონახვა. მე 1994 წელს, კონფლიქტის მერე დავიბადე აფხაზეთში, მაგრამ ძირითადად რუსეთში ვიზრდებოდი, განათლებაც იქ მივიღე, მაგრამ აფხაზეთში ბებიასთან ხშირად ჩავდიოდი. ომი არ მინახავს, მაგრამ სხვების ნაამბობი მესმოდა. აფხაზეთში ქართველების მიმართ ზოგს ნორმალური დამოკიდებულება აქვს, მაგრამ რადიკალურად განწყობილებიც არიან, ამბობენ, ქართველებს ვძულვართო... თუმცა თქვენთან არ შემიმჩნევია ვინმეს ჩემ მიმართ ან საერთოდ, აფხაზების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება, უფრო პირიქით. ეს არის სიმართლე! წლების განმავლობაში ვხედავდი, რა ხდებოდა ერთ მხარეს და მომინდა თავად მენახა და მომესმინა მეორე მხარის სიმართლე. ამიტომ ჩამოვედი...
- და რა ნახეთ?
- მოწესრიგებული, მშვიდი, განვითარებაზე ორიენტირებული ხალხი, რომელმაც ძალიან თბილად, მეგობრულად მიმიღო. სიხარულით ვამბობ, რომ სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება დამხვდა - აქაურებს არ სურთ ომი, მეტიც, მტრულად სულაც არ არიან განწყობილი, არავისთან ბრძოლას არ აპირებენ, უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან. აფხაზეთში მათაც ვხვდებოდი, ვინც თავად გამოიარეს ომი და შიში ნახეს, მაგრამ ამბობენ, რომ ძმათამკვლელი ომი შეცდომა იყო.... განაგრძეთ კითხვა