ავტორი:

2021 წელს მკითხველის მიერ აღიარებული წიგნების სია - რომელია თქვენი ფავორიტი?

2021 წელს მკითხველის მიერ აღიარებული წიგნების სია - რომელია თქვენი ფავორიტი?

გულწრფელად რომ ვთქვათ, განვლილი 2021 წელი არ იყო ისეთი, როგორსაც ვისურვებდით. დაუვიწყარი თავგდასავლების ნაცვლად მივიღეთ გაუქმებული ავიარეისები, გადადებული ან რადიკალურად შეცვლილი ქორწილები, ნათლობები, დაბადების დღეები, სამუშაოდ ოფისიდან სახლში გადასვლა და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი შეცვლილი გეგმა.

მთელი ამ აურზაურისგან თავის დაღწევის მცდელობისას კიდევ უფრო მეტად დავაფასეთ წიგნები და უკან დავუბრუნდით მათ. რას ნიშნავს ეს უკან დაბრუნება? - ალბათ, ყველას გვქონდა წასაკითხი წიგნების ვრცელი სია, რომელიც შემდეგ თაროდ იქცა, თუმცა მოუცლელობის გამო მასზე მხოლოდ მტვერს თუ გადავწმენდდით. შვებულებისთვის თუ შაბათ-კვირისთვის შეძენილმა ამ წიგნებმა სწორედ პანდემიისას შეგვახსენა თავი და ე. წ. ლოქდაუნის თუ თვითიზოლაციის პერიოდი სასიამოვნო და შემეცნებით პროცესად გვიქცია. ამასთან, კიდევ უფრო პოპულარული გახდა აუდიოწიგნები, რომლებიც განტვირთვის ეფექტიანი ფორმაა. 2021 წელს ჩვენს ქვეყანაში აუდიოწიგნების პლატფორმა „გუდაბუქსის“ ყველაზე პოპულარულ აუდიოწიგნების ჩამონათვალი ასეთია: მარკ მენსონი - „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“; ელიფ შაფაქი - „სიყვარულის ორმოცი წესი“ და მარკუს ზუზაკი - „წიგნის ქურდი“.

ამერიკული გამომცემლობა Penguin Random House-ის ერთ-ერთ პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ წიგნებზე მოთხოვნა 2021 წელს განსაკუთრებით გაიზარდა.

„პანდემიის ყველაზე ბნელი დღეებიდან გამოვედით, თუმცა ეს პროცესი ისევ გრძელდება და ამ ყველაფერს სულ პატარა ვერცხლისფერ ხაზად გასდევს ერთი კარგი რამ: ამერიკელებმა 2021 წელს გასულ წელთან შედარებით კიდევ უფრო მეტი წიგნი შეიძინეს. ეს ნიშნავს იმას, რომ Zoom-ის შეხვედრებისგან გამოწვეული დაღლილობა გაიზარდა და პირდაპირ სოციალიზაციას სახლში დარჩენასა და მშვიდად კითხვას ვამჯობინებთ,“ - ნათქვამია გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

წიგნზე მოთხოვნა გაიზარდა საქართველოშიც. როგორც გამომცემლობა „პალიტრა L-ში“ განგვიმარტეს, 2021 წელს მკითხველი როგორც კლასიკურ ლიტერატურას, ისე თანამედროვე ნაწარმოებებს დიდი ინტერესით იძენდა, რაზეც გაყიდვებიც მოწმობს.

გამომცემლობა „პალიტრა L”-ის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ იმ წიგნების ჩამონათვალს, რომლებიც 2021 წელს ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა:

  • რომანი

ნებისმიერ წელს, როგორი პოლიტიკური თუ სოციალური მდგომარეობაც არ უნდა გვქონდეს, რომანი არასდროს კარგავს აქტუალობას, ასე იყო 2021 წელსაც.

უკვე კარგად ნაცნობ და აღიარებულ რომანებს შორის წლის აღმოჩენა იყო რამდენიმე თანამედროვე ქართველი მწერლის ნამუშევარი, რომელთა შორის არის მარიამ გურგენიშვილის „მარგალიტები“, თინათინ ბერიძის „მოპარული სიყვარული“.

„მარგალიტები“ მოგვითხრობს 15 წლის მარგოს შესახებ, რომლის ცხოვრებაც სავსეა წვრილმანი სასწაულებითა და ოცნებებით, „მოპარული სიყვარული“ კი „პალიტრა L”-ის კონკურსმა „გახდი ბესტსელერის ავტორმა“ აღმოაჩინა. ავტორი გვიამბობს უწყინარი ხუმრობისა და შემთხვევითობის ამბავს, რომელმაც სრულიად შეცვალა პერსონაჟების ცხოვრება. სხვადასხვა პერსონაჟის თვალით დანახულ ამ სიყვარულის ისტორიას ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავთ.

2021 წლის ბესტსელერებს შორის იყო აგატა კრისტის უკვდავი დეტექტივიც „ვილა ჩალისფერი ცხენი“. დეტექტივების დედოფალმა საოცარი ოსტატობით გვიამბო ახალგაზრდა ისტორიკოსის, მოგოლთა მმართველობის პერიოდის არქიტექტურის მკვლევარ მარკ ისთერბრუკის ისტორია. პერსონაჟი უცნაური მოვლენის მომსწრე ხდება, რომლის ამოხსნაც მარტივი ნამდვილად არ არის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე პოპულარული წიგნების ჩამონათვალში საპატიო ადგილს იკავებს „ლაზიერის გამბიტი“ და „მოკალი ევა“, რომელთა მიხედვითაც Netflix-მა გახმაურებული სერიალები გადაიღო.

  • პროფესიული ლიტერატურა

განვლილი წელი პიროვნული და პროფესიული განვითარების კუთხითაც რომ შევაჯამოთ, იკვეთება, რომ „ლურჯი ოკეანის“ ბიბლიოთეკაზე მოთხოვნა გაიზარდა. პროექტი გულისხმობს ისეთი აღიარებული პროფესიული ლიტერატურის თარგმნასა და გამოცემას, რომელიც მკითხველს პიროვნული უნარების გაუმჯობესებასა და, ზოგადად, წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

ამასთან, იზოლაციამ და ფინანსურმა სირთულეებმა ჩვენი და ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობაზე წუხილმა კიდევ უფრო მეტად დაგვანახა მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და მასზე ზრუნვის საჭიროება, რის შესაძლებლობასაც სწორედ „ლურჯი ოკეანის“ ლიტერატურა გაძლევთ. 2021 წელს სოციალიზაციის უნარების გაუმჯობესებასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესახებ გამოცემული წიგნებიც პოპულარობით სარგებლობდა.

წლის ბესტსელერებს შორის გამორჩეული იყო მიშელ ობამას „როგორ გავხდი ის, ვინც ვარ“, რომელიც ქართველმა მკითხველმა სწრაფად აიტაცა. „ნიუ იორკ თაიმსის“ ეს ბესტსელერი „ლურჯმა ოკეანემ“ თარგმნა და ქართველი მკითხველისთვის გახადა ხელმისაწვდომი. როგორც ვარაუდობენ, ის 2022 წლის რეკორდებსაც მოხსნის.

2021 წლის ბიზნესლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშია „ცხოვრების 12 წესი“, რომელიც პიროვნების თანამედროვე გაგებაზე ბევრ საინტერესო მოსაზრებას გაგიზიარებთ. მისი ავტორი ჯორდან პეტერსონი კლინიკული ფსიქოლოგიის აღიარებული სპეციალისტი და გამორჩეული მოაზროვნეა, რომლის წიგნმაც გამოსვლისთანავე მოუტანა აღიარება.

მესამე და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წიგნია „POST კორონა“ , რომელიც კოვიდ-პანდემიის პირობებში და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს. წიგნის მიზანია, გვიჩვენოს, ვინ მიიღო სარგებელი პანდემიური ვითარებით, რა რეალობაზე მოუწევს ბიზნესს და მომხმარებელს მორგება და როგორი იქნება მათი მომავალი პანდემიის შემდეგ.

  • ფენტეზი და Sci-Fi

სხვა სამყაროში გაქცევა საუკეთესო გამოსავალია, როცა შენი ცხოვრება მხოლოდ ოთხი კედლით, საწოლითა და კომპიუტერით შემოიფარგლება. ფენტეზი და Sci-Fi კი ამის საშუალებას ყოველთვის მოგცემთ. ორივე ჟანრი განსაკუთრებით ახალგაზრდა მკითხველში დიდი პოპულარობით სარგებლობს და 2021 წლის სტატისტიკაც გვიჩვენებს, რომ მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო იზრდება.

ფენტეზზე საუბრისას შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ჯ.რ.რ. ტოლკინი და მისი საოცარი სამყარო. მისი „გონდოლინის დაცემა“ 2021 წელს ქართველი მკითხველის აღმოჩენა იყო. გონდოლინი ქალაქია, რომელიც ღმერთების შუღლის ქარტეხილშია მოქცეული, თუმცა მისი მდებარეობა ჯერ კიდევ უცნობია. მოვლენები საკმაოდ დაძაბულად, დრამატულად და საინტერესოდ ვითარდება.

მეორე ბესტელერად ასევე ტოლკინის „ცეცხლი და სისხლი“ უნდა დავასახელოთ, რომელიც ტარგარიენთა გავლენიანი საგვარეულოს აღწევების შესახებ გვიამბობს. თუ „სამეფო კარის თამაშებზე“ შეყვარებული ხართ, ეს წიგნი სწორედ თქვენთვისაა.

დაბოლოს, ყოველთვის, ყოველი წლის ბესტსელერებს შორის ფენტეზის ჟანრში, ექცევა ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელი“, რომელსაც ჩვენი მკითხველი ალბათ უკვე კარგად იცნობს.

  • კულინარიული რეცეპტების წიგნები

2021 წელი წიგნების წელთან ერთად, აღმოჩენებისაც იყო. ბევრმა ჩვენგანმა საკუთარ თავში კულინარიის ნიჭი იპოვა და განავითარა, რაშიც აღნიშნული ჟანრის ლიტერატურამ შეუწყო ხელი. საუზმე, სადილი, დესერტი, დამწყები თუ პროფესიონალი კულინარის გზამკვლევი, მიმდინარე წელს ყველა წიგნი პოპულარული იყო, რომელიც რეცეპტებს შეეხებოდა.

როცა მთელი ოჯახი სახლში იყო და ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის ან მათთან ერთად ახალ-ახალ კულინარიულ თავგადასავლებს ვქმნიდით, ეს ერთმანეთთან კიდევ უფრო გვაახლოებდა და რუტინულ დღეებში სიახლე შემოჰქონდა.

„პალიტრა L-ის“ ყველაზე გაყიდვად წიგნებს შორის არის „აზიური სამზარეულო“, რომელიც საოცრად მადისაღმძვრელი კერძების რეცეპტებს გვთავაზობს. თუ ნუდლსის, სუშისა და აზიური სამზარეულოს სხვა გემრიელი კერძების მოყვარული ხართ, ეს რეცეპტები მათს მომზადებაში დაგეხმარებათ.

ასევე, „საქართველოს კულინარიულმა ატლასმა“ ბევრ ჩვენგანს ტრადიციული კერძები თავიდან აღმოაჩენინა და, თუ ქართული სამზარეულოს მოყვარული ხართ, თქვენც დაგეხმარებათ. წიგნში კი „ქართული ტრადიციული სამზარეულო“ ნახავთ მხოლოდ და მხოლოდ ტრადიციულ რეცეპტებს ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონიდან და აღმოაჩენთ, რეალურად როგორ მზადდება კერძი, რომლისთვისაც, შესაძლოა, აქამდე სულ სხვა ინგრედიენტებს იყენებდით.

სამივე წიგნმა 2021 წელს ახალი კულინარიული შესაძლებლობების აღმოჩენას შეუწყო ხელი.

  • საბავშვო ლიტერატურა

ბავშვების ნაწილმა 2021 წელი ჰიბრიდული სწავლების რეჟიმში ან სკოლაში, მაგრამ მაინც რეგულაციების ფონზე გაატარა. ისინი ვეღარ აღნიშნავდნენ დაბადების დღეებს ხალხმრავალ გასართობ ცენტრებში, აღარ ეწყობოდა ზეიმები, სასკოლო ღონისძიებები და მთელმა გასართობმა პროცესებმა ლეპტოპის ეკრანზე გადაინაცვლა. მშობლებმა კი გადაწყვიტეს, გამოსავალი ეპოვათ, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის უფრო და უფრო მეტი წიგნის შეძენა დაიწყეს, რამაც შედეგიც გამოიღო.

„პალიტრა L-ის“ ყველაზე მოთხოვნადი საბავშვო ლიტერატურის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი - რატომ აშენებენ ციხესიმაგრეებს ბორცვებზე? საიდან იქმნება ძაბვა? რამხელაა სპილო? ასეთ კითხვებს პატარები ხშირად სვამენ. წიგნში პასუხი ყველა კითხვაზეა გაცემული. მარტივი ამოცანები ბავშვის მიერ უკვე წაკითხულ მასალას ამოწმებს, მშვენიერი ილუსტრაციები კი შემეცნების პროცესს უფრო საინტერესოსა და სახალისოს ხდის.

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი, „პატარა პრინცი“ ანუკა ბარათაშვილის ილუსტრაციებით - ეს არის ამოუწურავი წიგნი, რომლის ყოველ ჯერზე გადაკითხვა სიამოვნებას გვანიჭებს. „პატარა პრინცი“ ბავშვებს გულისამაჩუყებელ ამბავს მოუყვება მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რაც მთავარია, პატარა, გულწრფელი პერსონაჟის ენით.

ვაჟა-ფშაველა, „შვლის ნუკრის ნაამბობი" და სხვა მოთხრობები - ვაჟას ეს უკვდავი მოთხრობა პატარებს აღავსებს ემპათიით ცხოველების მიმართ, გაუჩენს სხვისი დახმარებისა და გასაჭირის გაზიარების სურვილს.