ავტორი:

"აქ თითქმის ყველას ჰყავს "წვერებიანი დრაკონი"... პატარა ბავშვები მათთან ერთად იზრდებიან" - აფრიკაში მყოფი ქართული ოჯახის ეგზოტიკური ცხოვრება რეპტილიებთან ერთად

"აქ თითქმის ყველას ჰყავს "წვერებიანი დრაკონი"... პატარა ბავშვები მათთან ერთად იზრდებიან" - აფრიკაში მყოფი ქართული ოჯახის ეგზოტიკური ცხოვრება რეპტილიებთან ერთად

სამხრეთ აფრიკაში მყოფი ირინე ჩაჩანიძის ოჯახი მართლაც რომ ეგზოტიკურად ცხოვრობს. მათ ოჯახში რეპტილიებიც ჰყავთ, მათ შორის აგამა, რომელსაც "წვერებიან დრაკონსაც" უწოდებენ. აქ, საქართველოში შეიძლება ის საშიშ რეპტილიად ითვლება, თუმცა ირინე ამბობს, რომ "ლოლასთან" ძალიან კომფორტულად ცხოვრობს.

ეგზოტიკური ცხოვრების შესახებ, აფრიკაში მყოფი ქალბატონი AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

- "ლოლა" ჩვენს ოჯახში რეპტილიების თავშესაფრიდან მოხვდა. "დავიცვათ რეპტილიების" ფონდის უფროსმა ის ერთ-ერთ ზოომაღაზიას ჩამოართვა, ცუდ პირობებში ყოლის გამო. დაურეკა ჩემს შვილს და უთხრა, ძალიან საყვარელი 8 თვის დრაკონი მყავს და შენი ოჯახის წევრობა ძალიან უნდაო. ლოლას ყელზე მძივი გაუკეთეს, რომელიც სხვადასხვა ფერის ბისერისგან შედგება, რაც იმას ნიშნავს, რომ გადარჩენის ფონდის წევრია...

ნებისმიერი ახალი ოჯახი მკაცრად მოწმდება ფონდის მიერ ორი თვის მანძილზე, თუ როგორ პირობებს უქმნიან და როგორ უვლიან რეპტილიას. ჩვენი ოჯახიც უკვე რამდენიმე წელი ამ ფონდის საპატიო წევრია. ოფიციალურად სამხრეთ აფრიკაში წვერებიან აგამებზე კონტროლია დაწესებული და ყველა შტატში სხვადასხვა კანონი მოქმედებს.

- რა უნდა ვიცოდეთ ე.წ. "წვერებიანი დრაკონის" აყვანის შემთხვევაში?

- პირველი და აუცილებელი - მათ სჭირდებათ ულტრაიისფერი შუქი, ნათურები უნდა იყოს გამოყენებული( UVB10.0) ასევე ბუნებრივი ულტრაიისფერი მზის სხივები არ უნდა დავივიწყოთ. კალცი + ვიტამინი D3. გამათბობელი მატრასი (რადგან ცივსისხლიანები არიან ) და კომფორტულად მოწყობილი ტერარიუმი. დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან ნებისმიერი სიმაღლიდან ჩამოვარდნა სავალალო შედეგს გამოიწვევს (პატარა სიმაღლეც კი). დამწყები ხშირად ვერ საზღვრავს თავის ძალებს და შესაძლებლობებს. ამიტომ ჯერ კარგად უნდა იყოს შესწავლილი მათზე ზრუნვის ყველა ასპექტი და მხოლოდ შემდეგ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება მათი აყვანის.

- რით იკვებებიან ?

- ისინი მიირთმევენ ბევრ განსხვავებულ ხილს, ბოსტნეულს კენკრას, (იკრძალება ავოკადო ) რაციონში მნიშვნელოვანია ცოცხალი მწერები ( პესტიციდების გარეშე) ფეტვის ჭია, მატლები, დუბია ტარაკნები და კალიები. მთავარია ეს უკანასკნელნი არ გაგექცნენ, რაც არც თუ ისე იშვიათია. თუ წვერებიანი დრაკონის ყოლა შინაურ ცხოველად არ შეგაშინებთ, მაშინ არც მისი მწერებით კვება უნდა იყოს რთული.

- რამდენი რეპტილია გყავთ ამჟამად ?

- ახლა ორი - "ლოლა" და მისი შვილი გუჩი.

- ალბათ მათი ენა გესმით? როგორ ხდება კომუნიკაცია?

- მუქარის შემთხვევაში, ისინი პირს გააღებენ, წვერს ასწევენ, რომ უფრო დიდები გამოჩნდნენ, ხანდახან ხმასაც გამოსცემენ. ეს ხდება როცა საფრთხეს ხედავენ , ასევე იყენებენ ეკლებს თავდაცვის იარაღად, რომლებითაც არიან დაფარული.(საკმაოდ მწარეა ) მათ შეუძლიათ შეცვალონ „წვერის“ ფერი და სწრაფად გააქნიონ თავი, რაც დომინირების ნიშანია, ხოლო თავის და ხელის ნაზი ქნევა დამორჩილებას ნიშნავს. ისინი ძალიან ტერიტორიულები არიან. ძილის დრო ღამის საათებია.

- რამდენად პოპულარულია სამხრეთ აფრიკაში აგამა?

- წელიწადში რამდენჯერმე ტარდება გრანდიოზული გამოფენები, სადაც წარმოდგენილია უამრავი რეპტილია, სადაც შესაძლებლობა გაქვთ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი შინაური ცხოველი, მიიღოთ პროფესიონალური კონსულტაციები ან იშვილოთ საქველმოქმედო ფონდიდან გადარჩენილი ცხოველი. ბოლო გამოფენიდან ჩოქელა "ბოგომოლი" ავიყვანეთ . აქ თითქმის ყველა ჩემს ნაცნობს ჰყავს ან ჰყავდა "წვერებიანი დრაკონი". ვიცი პატარა ბავშვები, რომლებიც იზრდებიან მათთან ერთად. ერთ -ერთ საქველმოქმედო საღამოზე გაიყიდა ყველა ჩემი ნახატი, სადაც "წვერებიანი დრაკონები" იყვნენ გამოსახული. დახატულებიც კი ტრენდში არიან, მათი პოპულარიზაცია იზრდება საქართველოშიც. Facebook გვერდზე შექმნილია ჯგუფი "რეპტილიები და ამფიბიები" , სადაც ერთმანეთში გამოცდილების და რჩევების გაზიარება ხდება.

რადგან აგამები არ არიან ბოლომდე შესწავლილი რეპტილიები, ამიტომ ყოველ წელს ახალი გასაოცარი კვლევები ქვეყნდება. რა სიძნელეებს აწყდება "დრაკონის" პატრონი? ისინი უჩვეულოდ გამძლე და ადვილად მოსავლელები არიან სხვა ქვეწარმავლებთან შედარებით, მაგრამ ისინიც ავადმყოფობენ. ყველაზე რთულია იყო გვეპოვა ვეტერინარი , რომელიც რეპტილიებზეა კვალიფიცირებული. გაგვიმართლა, ლოლას სასწრაფო ოპერაცია პროფესიონალმა გაუკეთა, რომელმაც რეპტილიებზე სამედიცინო წიგნი დაწერა.

უფრო მსუბუქ შემთხვევებში ინტერნეტში შექმნილია უამრავი ჯგუფი, სადაც არ დაგზარდებიან რჩევას პროფესიონალები. ასევე ქალაქიდან დიდი ხნით გამგზავრების შემთხვევაში უნდა იზრუნოთ ,თუ ვის ანდობთ თქვენ ცხოველს. აქ ყველა ზოომაღაზიას აქვს სასტუმროს სერვისი. ხშირად უსასყიდლოდაც იტოვებენ მათ.