ავტორი:

"დაიწყო თუ არა ტესტმა ფერის შეცვლა და ამოხტა კოვიდი, თავბრუ დამეხვა და სკამი-მეთქი, დავიძახე" - ნანა ცინცაძემ კორონავირუსს ლექსი მიუძღვნა

"დაიწყო თუ არა ტესტმა ფერის შეცვლა და ამოხტა კოვიდი, თავბრუ დამეხვა და სკამი-მეთქი, დავიძახე" - ნანა ცინცაძემ კორონავირუსს ლექსი მიუძღვნა

პოეტი ნანა ცინცაძე ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც საკუთარი კოვიდისტორია აქვს. მისი ამბავი მძიმე პაციენტების ამბებს არ ჰგავს. როგორც პოეტი ამბობს, საკუთარმა გამოცდილებამ დაარწმუნა, რომ რაც უფრო დადებითი განწყობით მიუდგები ვირუსს, მით მალე და გაურთულებლად დაამარცხებ მას.

იგი ფიქრობს, რომ სწორედ კორონავირუსთან სიყვარულით საუბარი და მეგობრული დამოკიდებულება გახდა იმის მიზეზი, რომ ის არათუ გართულებას, არამედ პოსტკოვიდურ სიმპტომსაც კი არ შეუწუხებია. და ბოლოს, უკვე გამოჯანმრთელებულმა ლექსიც კი მიუძღვნა მას.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

ნანა ცინცაძე, პოეტი:

"რაც მსოფლიოში კოვიდი გაჩნდა, მე დავიწყე მზადება, რომ თუ, დავუშვათ, შემხვდებოდა ის, მე დავხვედროდი იმუნიტეტამაღლებული. ტელეფონში ჩავაწერინე სპეციალური პროგრამა და დავიწყე ფეხით სიარული, 8 კილომეტრს დავდიოდი ფეხით. ასევე ცხოვრების წესად მაქვს ლიმონიანი წყლის დალევა, მთელი ცხოვრება ვსვამ 1,5 ლიტრს მაინც და მინდა, იცოდეს ყველამ, რომ ორივე მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია იმუნიტეტისთვის. მნიშვნელოვანი იყო კვების რეჟიმშიც, ვიღებდი ბევრ ვიტამინს და ვცდილობდი, იმ შემთხვევაში, თუ დაავადება შემხვდებოდა, ორგანიზმი მომზადებული დამეხვედრებინა.

ჰოდა, მოხდა ისე, რომ ზაფხულის პერიოდი იყო, გადაღებაზე ვიყავი, ძალიან ცხელოდა, მთელი დატვირთვით ჩართული იყო კონდიცირება და შემცივდა. მანამდეც, 2-3 დღეს, თავს ვგრძნობდი გაციებულად, მაგრამ სხვა სიმპტომი არაფერი მქონია. გადაღებიდან რომ მივედი სახლში, საღამოს მქონდა არაადეკვატური სისუსტე. მე ძალიან მშიშარა ვარ და ამ სისუსტემ შემაშინა, მერე მომცა სიცხე და დავეჭვდი. მე ვცხოვრობ მიცკევიჩზე, ინფექციურთან ახლოს და მივედი, ვიფიქრე, მაინც გავიკონტროლებდი თავს, თუმცა, დარწმუნებული ვიყავი, რომ არ მექნებოდა კოვიდი. დაიწყო თუ არა ტესტმა ფერის შეცვლა და ამოხტა კოვიდი, აი, იქვე დავრჩი. ყველაზე სასაცილო, იცით, რა იყო? - პირველი რეაქცია, თავბრუ დამეხვა და სკამი მეთქი - ვთქვი. და ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, დავრჩი საავადმყოფოში, სადაც 12 დღე გავატარე.

ვცხოვრობდი მხიარული ცხოვრებით. მარტო რომ არ ვყოფილიყავი, სპეციალურად არ დავწექი პატარა პალატაში, ოთახში მყავდა ორი არაჩვეულებრივი ქალბატონი, ორივე ციური, რომლებსაც ჰქონდათ ფილტვის სერიოზული დაზიანება, მინდა აღვნიშნო, რომ მე არ მქონია არანაირი დაზიანება. ერთ-ერთმა ციურიმ, ელბაქიძემ, დამარქვა სიცოცხლის წყარო. რატომ, იცით? მე მათ ვუწყობდი პერფორმანსებს, ვუკითხავდი ლექსებს, ვასმენინებდი სიმღერებს და ისე მხიარულად ვაცხოვრე, რომ წარმოუდგენელი იყო, რომელიმე მათგანი რეანიმაციაში აღმოჩენილიყო.

- თქვენი მონაყოლიდან ნათლად ჩანს, რომ კოვიდით ინფიცირებული ადამიანისთვის განწყობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს...

- აი, მაგას თქმა მინდოდა ზუსტად, რანაირადაც შეხვდები, მე, მაგალითად, ველაპარაკებოდი: „აბა, კოვიდო, როგორ ხარ? ჩემო ბიჭო - ჩემო გოგო, როგორ ხარ“? ხან „გოგოთი“ მივმართავდი, ხან „ბიჭოთი“, რადგან მას ჩემთვის არ უთქვამს, რა სქესის და ორიენტაციის იყო და ყველანაირად ვეფერებოდი. ვეუბნებოდი - „კარგი ბიჭი ხარ, ჩვენ ვართ გადასარევად, გვაქვს საოცარი ალიანსი“.

პალატაში, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 14 ნაბიჯი იყო ჩემი საწოლიდან ბოლომდე, ყოველ დღე 6 კილომეტრს დავდიოდი. ასე რომ, იქაც შევინარჩუნე მხიარული ცხოვრების წესი.

იქიდან რომ გამოვედი, ორშაბათი დღე იყო, 5-ის ნახევარზე წამოვედი და 8-ის ნახევარზე უკვე მანქანამ მომაკითხა და ტელევიზიის პირდაპირ ეთერში წავედი. მეორე დღეს რომ არ მომეწონა სახლში გარემო, დავიწყე გენერალური მოწყობის ამბავი.

- პოსტკოვიდური სიმპტომები თუ დაგიტოვათ ინფექციამ?

- არაფერი მქონია, არც მიფიქრია მაგაზე, აი, რომ ამბობენ, კოვიდმა დაგვიტოვა გართულებებიო. როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვირუსმა უნდა დაგვიტოვოს გართულებები, ანუ შენ უკვე გეშიანია, ხომ არ დაგიტოვებს რამეს. ხალხნო, არავის არაფერს დაგიტოვებთ, თუ თქვენ იტყვით, რომ „კარგად ვარ, არაფერი არ მაქვს“... მერე რა, თუ შეგხვდათ კოვიდი, მაგის მეტი არაფერი შეგხვედრიათ ცხოვრებაში?

- როგორც ვიცი, თქვენ ლექსიც კი მიუძღვენით კოვიდს...

- როგორ იყო, იცით? როდესაც გამოვედი საავადმყოფოს შენობიდან, გარეთ დამხვდა ზაფხული, სიცოცხლე, პალატაში კი თითქოს ზამთარია, მაშინ ვთქვი ეს სტრიქონები:

"ღმერთო, სიყვარულით გამიღიმე და აღარ დამტოვო ეულად, ფეხქვეშ ნაზამთრალი მიწა იყო, ახლა გაზაფხულად ქცეულა“... ამ გაზაფხულით მინდა იცხოვროს სწორედ ყველა ადამიანმა. იცით, რა დამანახვა კოვიდმა? ის, რომ ჩვენ შეგვიძლია სერიოზული მტრობა არაფრის გამო. ყველაზე მთავარია, შევხვდეთ ყველაფერს დადებითად, დროულად მივმართოთ ექიმს, რადგან კოვიდი არაპროგნოზირებადი დაავადებაა. ამიტომ, ნუ იფიქრებ - „მე დღეს კარგად ვარ, ამიტომ ხვალაც კარგად ვიქნები“, ნუ დაელოდები გართულებას და იყავი მობილიზებული.

- რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში პანდემიამ?

- მარტო ჩემი კი არა, ყველას ცხოვრება შეცვალა პანდემიამ, მაგრამ გამართლდა ჩემში სიტყვები: „თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები". მე არ მომიწყენია ნანა ცინცაძესთან ურთიერთობით, მე და ნანა ისედაც ვიყავით ალიანსში, მაგრამ პანდემიამ კიდევ უფრო განამტკიცა ჩემი მეგობრობა ნანასთან, ჩვენ- ორნი არასდროს ვიწყენთ, რადგან უამრავი რამ გვაქვს გასაკეთებელი და ვაკეთებთ და ვქმნით კიდეც.

მე პანდემიამ დამანახვა ყველაზე მთავარი - მეტად უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. ასევე დამანახვა უსიყვარულობა, რაც ყველაზე უარესია. მე ყოველ დილას, მრავალი წელია, ვიწყებ ლოცვით, და თუ რას ნიშნავდა სიტყვები: „მაჭირვებლები იყვნენ კარგად“, კოვიდამდე თურმე კარგად გააზრებული არ მქონია. რაც კოვიდის გამო ამდენი ადამიანი წავიდა დ ასეთი რაღაცები მოხდა, როცა ვკითხულობ ლოცვებს და მივდივარ იმ ადგილამდე, სადაც ვამბობ: „მაჭირვებლები იყვნენ კარგად“, - ამას ვამბობ მთელი ჩემი არსებით.

მინდა, ყველას გისურვოთ ჯანმრთელობა და მალე უკოვიდო ქვეყანაში გვეცხოვროს.

R