ავტორი:

"მრავალშვილიანი გლეხის ოჯახიდან ვარ... დიდი ხანია, ლექსებს ვწერ" - როგორ მოხვდა გახარიას პარტიაში შოთა წურწუმია, რომელიც ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს

"მრავალშვილიანი გლეხის ოჯახიდან ვარ... დიდი ხანია, ლექსებს ვწერ" - როგორ მოხვდა გახარიას პარტიაში შოთა წურწუმია, რომელიც ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს

ჩხოროწყუ პირველი მუნიციპალიტეტია, რომელსაც ოპოზიციონერი საკრებულოს თავმჯდომარე ჰყავს. ორიოდე დღის წინ ეს პოსტი პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, შოთა წურწუმიამ ჩაიბარა.

ენჭისყრაში 15 დეპუტატი მონაწილეობდა და აქედან წურწუმიამ 14 ხმა მიიღო (ერთი ბიულეტენი ბათილი იყო). ფარულ კენჭისყრაში "ქართული ოცნების" წევრებს პროტესტის ნიშნად მონაწილეობა არ მიუღიათ. ჩხოროწყუს ახლადარჩეული საკრებულო 27 წევრისგან შედგება. აქედან 7 მანდატი ეკუთვნის პარტიას "საქართველოსთვის", 7 - "ნაციონალურ მოძრაობას", 1 - "ლელოს” და 12 - "ქართულ ოცნებას".

"მოგეხსენებათ, გიორგი გახარიას ფესვები ჩხოროწყუდან მოდის და მიხარია, რომ თუ ვინმე გახდა ამ რაიონში გამარჯვებული ჩვენი პარტიის წარმომადგენელი, ეს მე ვარ" - ამბობს AMBEBI.GE-სთან ჩხოროწყუს ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია და მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ ყველა პარტიის წარმომადგენელს ღია თანამშრომლობას სთავაზობს.

- ლეწურწუმეს თემის მკვიდრი ვარ, მრავალშვილიანი, ჩვეულებრივი, გლეხის ოჯახიდან. ბავშვობიდან პოეზია მიზიდავდა. 1989 წლის აპრილში დავიბადე, მას მერე აირია ქართული რეალობა. პოლიტიკურ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, მძიმე პერიოდი იდგა, რომელმაც იმსხვერპლა ზვიად გამსახურდია, დიდი დანაკლისი განიცადა ქართველმა ერმა. ეს მერე, ასაკის მატებასთან ერთად გავაცნობიერე, რა თქმა უნდა. ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ, მივხვდი, რომ კეთილსინდისიერებით არ გამოირჩეოდნენ და მივედი დასკვნამდე, რომ თანამოაზრეებთან ერთად, მეც გადამედგა ნაბიჯები პოლიტიკაში.

ჩემმა ჩხოროწყუმ მხარი დამიჭირა, ყველას დიდი მადლობა. გულით მინდა, რომ მომავალში მათ სანანებელი არ გაუხდეთ, არ თქვან, შევცდით, ამ ახალგაზრდას რომ დავუჭირეთ მხარიო. თავს მივეცი იმის შანსი, იმ ღირსეულ ადამიანებთან ერთად განვვითარდე, რომლებიც პატრიოტული სულისკვეთებით არიან განმსჭვალული. მოგეხსენებათ, გიორგი გახარიას ფესვები ჩხოროწყუდან მოდის და ღმერთს მადლობა, რომ თუ ვინმე გახდა ამ რაიონში გამარჯვებული ჩვენი პარტიის წარმომადგენელი, ეს მე ვარ.

- როგორია თქვენი პოლიტიკური ბექგრაუნდი, რა გამოცდილება გაქვთ და აქამდე რა გზით მოხვედით?

- 2013 წელს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი გახლდით. 2014 წელს, როდესაც ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები ჩატარდა, მაშინ სიის მეხუთე ნომრად ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო ჩასმული და ასე მოვხვდი ჩხოროწყუს საკრებულოს წევრად. 2017 წლიდან მქონდა შემოთავაზება, კენჭი მეყარა მაჟორიტარად ლეწურწუმეს თემში, თუმცა მე უკვე აღარ გამაჩნდა "ოცნების“ გუნდთან თანამშრომლობის სურვილი, არ მჯეროდა მისი გატარებული კურსის და მომავალი ხედვების.

აქედან გამომდინარე, გავეცალე "ოცნებას", მერე რამდენიმე თვე ევროპაში ვიყავი და 2017 წლიდან პოლიტიკაში არ ჩავრეულვარ, თუმცა ყველაფერს ვადევნებდი თვალს. ჩემთვის ერთადერთი გამონათება პოლიტიკაში გიორგი გახარია და მისი ხედვები და შემართება აღმოჩნდა. ამ ადამიანს ყოველთვის უდიდეს პატივს ვცემდი და როდესაც პარტია "საქართველოსთვის" ჩამოყალიბდა, ჩხოროწყუელები დამიკავშირდნენ და ასე მოვხვდი გიორგი გახარიას გუნდში.

- ჩხოროწყუს "ოცნების" წარმომადგენელ მერთან თანამშრომლობა ხომ არ გაგიჭირდებათ?

- ბატონ დავით გოგუას წლებია ვიცნობ, მისადმი უდიდესი პატივისცემა მაქვს. ის, როგორც მერი, ერთ-ერთი გამონათება იყო ჩხოროწყუში, ბევრი სიკეთე მოუტანა ჩვენს მუნიციპალიტეტს, ამას ვერც ერთი სამართლიანი ადამიანი გვერდს ვერ აუვლის. მათ თავიანთი ხედვა გააჩნიათ, ჩვენ - ჩვენი. ჩვენი პარტია რამდენიმე თვეა, რაც ჩამოყალიბდა და ამ ადამიანების გვერდით იმიტომ ვდგავარ, რომ მათი მჯერა. მე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, მაქსიმალურად მზად ვარ იმისთვის, რომ ბატონი დავითი იქნება თუ სხვა, ჩხოროწყუს საკეთილდღეო საქმეში ვითანამშრომლოთ და ერთმანეთს შევუწყოთ ხელი. ჩვენ ულამაზესი კუთხის წარმომადგენლები ვართ, როგორი თბილი, საქმიანი და მეგობრული დამოკიდებულებაც აქამდე გამაჩნდა, ასეც ვაპირებ გაგრძელებას.

შეიძლება ხვალ და ზეგ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება მოგვიწიოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს არ ვაფასებთ. ჩხოროწყუს საკეთილდღეოდ ვითანამშრომლებთ, მაგრამ ალიანსს და სისტემურ კოალიციას არც ერთ პარტიასთან არ შევქმნით. გახარიას პარტია იმისთვის შეიქმნა, რომ ახალი პოლიტიკური რეალობა და მიმართულება დაამკვიდროს საქართველოს მასშტაბით. მინდა ბალანსი იყოს დაცული საკრებულოში და განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, ერთად ვაკეთოთ ჩხოროწყუს და ქვეყნის საქმე, მინდა, ყველას თანამშრომლობისკენ მოვუწოდო.

- ორი საერთო გაქვთ წალენჯიხის მერთან - თქვენსავით ისიც ოპოზიციონერია და ისიც წერს...

- წალენჯიხის მერთან გადაკვეთის წერტილი არასდროს მქონია, არც ვიცნობ და სიამოვნებით გავიცნობდი. არ ვიცი, ბატონი გია გატაცებულია თუ არა პოეზიით. წალენჯიხა ჩემი დედულეთია, დედა კვარაცხელია მყავს. უსაზღვროდ მიყვარს წალენჯიხა და ჩხოროწყუ, არა ერთი ლექსიც მიმიძღვნია მათთვის და ამით მომავალშიც არ დავიღლები. მათი ნებაც თუ იქნება, შევეცდები, მომავალში მუნიციპალიტეტებს ორმხრივი თანამშრომლობა გვქონდეს.

ლექსების წერა დიდი ხანია დავიწყე. 33 წლის ვხდები და ვერ დავიკვეხნი იმას, რამე ისეთი ღირებული შემექმნას, რომ ვინმეს მზის ამოსვლა-ჩასვლად მოევლინოს ჩემი პოეზია. ახლა არა, მაგრამ გუშინ წინ შეიძლება ამერჩია - მე არა და პოეზია დარჩეს. არ ვიცი, რამდენად ღირსეულად ვემსახურები პოეზიას, მაგრამ თითოეული სტროფი მეძვირფასება, ისინი გულიდან წამოსულია და ვფიქრობ, გულწრფელი ვარ. მინდა, ასეთივე გულწრფელი ვიყო პოლიტიკაში და ჩვენმა პარტიამ ქართულ რეალობაში თავისი სიტყვა თქვას. მინდა, ბევრი სიკეთე მოვუტანო ჩემს რაიონს.

გუშინ დავინიშნე საკრებულოს თავმჯდომარედ და, გულახდილად გეტყვით, ჯერ ერთი, ეს 4 წელი ვიქნები თუ არა ამ პოსტზე, არ ვიცი, მაგრამ მისი გასვლის მერე რომც მთავაზობდნენ, დავფიქრდებოდი, ხომ არ ჯობია, ის ვიღაც სხვამ, უკეთესმა ჩაიბაროს. თუ დავიმსახურე, მაშინ ისევ ხალხი ამირჩევს, არაფრით არ შეიძლება სკამს ებღაუჭებოდე. მინდა გულწრფელობით გამოვირჩეოდე სხვა პოლიტიკოსებისგან.