ავტორი:

ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ნახევარი მილიონი ლარის გაფლანგვას ეხება.

სასამრთლო პროცესი ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე შალვა ბიჭიამ წუხელ გამოაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ ფოთის ყოფილი მერის, ირაკლი კაკულიას ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ განუცხადა, ორწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო სასამართლო პრაქტიკისათვის გაუგონარი გადაწყვეტილება.

ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

"ორწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო სასამართლო პრაქტიკისათვის გაუგონარი გადაწყვეტილება. ჩვენ უკვე დავრწმუნდით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მან მიიღო პირადი შურისძიების მოტივით, ვინაიდან სასამართლო განხილვის დროს ჩვენ მას გავუუქმეთ მისი უკანონო გადაწყვეტილება, როდესაც მან დააყადაღა უკანონოდ ირაკლი კაკულიას ძმის ვახტან კაკულიას წილი და ქონება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება და მისი ეს ყადაღის უკანონო გადაწყვეტილება ჩვენ გავაუქმეთ.

საქართველოს და არამარტო საქართველოს, ალბათ მსოფლიოს სასამართლო პრაქტიკაში, დემოკრატიულ ქვეყნებს ვგულისხმობ, არ არსებობს პიროვნება ქრთამზე დაადანაშაულონ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით. ეს არის გაუგონარი ფაქტი. როგორც საქმეში არის, ამბობენ, რომ მე მალთაყვის ტყეში პარკით გადავეცი ფული ირაკლი კაკულიას 30 ათასი ლარი და ეს ჩვენება საკმარისი იყოს პიროვნების ქრთამის აღებაში დასადანაშაულებლად და რვა წლიანი პატიმრობის მისასჯელად, ეს არის გაუგონარი ფაქტი. მაშინ საქართველოში საერთოდ საადვოკატო საქმიანობას აზრი ეკარგება. ჩვენ ამას გავასაჩივრებთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და მოსამართლის უკანონო გადაწყვეტილებას აუცილებლად გავაუქმებთ", - განაცხადა ადვოკატმა.

ფოთის ყოფილი მერი ირაკლი კაკულია და მასთან ერთად რამდენიმე პირი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2019 წლის 8 ნოემბერს დააკავა.