ავტორი:

"უკრაინაში აღშფოთებული ვართ - სააკაშვილს გათავისუფლების, სულ მცირე მკურნალობის საკითხი, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უმაღლეს რანგზე დააყენა" - ლიზა იასკო

"უკრაინაში აღშფოთებული ვართ - სააკაშვილს გათავისუფლების, სულ მცირე მკურნალობის საკითხი, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უმაღლეს რანგზე დააყენა" - ლიზა იასკო

"უკრაინაში ძალიან აღშფოთებული ვართ. ის საკითხი, რომ მიხეილ სააკაშვილს გათავისუფლება ან, სულ მცირე, მკურნალობა ესაჭიროება, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უმაღლეს რანგზე დააყენა - მათ შორის სამიტზე ბრიუსელში, სადაც უამრავი ევროპელი ლიდერი იმყოფებოდა" - ამის შესახებ რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ განაცხადა.

იასკო დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილისადმი საერთაშორისო მხარდაჭერა და ამ საკითხით აღშფოთება უფრო და უფრო იმატებს.

"უკრაინელ კოლეგებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. ვლადიმირ ზელენსკიმ ყველაფერი იცის და ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს ხელისუფლება ახალ ნაბიჯებს გადადგამს - მათ შორის უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილთან უკრაინელი ექიმების დაშვება და მისი გადაყვანა უცხოურ კლინიკაში. როგორც ვიცი, არაერთმა ქვეყანამ სამედიცინო დახმარებაც შემოგვთავაზა, რადგან მათ იციან, რომ, სამწუხაროდ, ის საფრთხეები, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ახლაც ემუქრება, არ აღმოფხვრილა.

კვლავ გაკვირვებული ვარ იმით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება არ შეინიშნება. ვხედავთ, რომ გადაადგილების კოორდინაციასთან დაკავშირებული პრობლემა, სისუსტე და სხვა კრიტერიუმები არ იცვლება. ეს კომპლექსური პრობლემებია და საჭიროა მკურნალობა, რათა მისი სიცოცხლე შევინარჩუნოთ. ეს ძალიან აღმაშფოთებელია და ამასთან დაკავშირებით ნიკოლოზ ყიფშიძესაც ვესაუბრე, რომელიც დღესაც აქ იმყოფება. საქართველოს მხრიდან სააკაშვილს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებისა და რეაბილიტაციის ჩატარების მიზნით არაფერი ხორციელდება“, - განაცხადა იასკომ.

ამასთან, მისივე თქმით, სააკაშვილი შეწუხებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გაუქმება ემუქრება.

"სააკაშვილი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდირება სურთ, რადგან სწორედ ამ ინსტიტუტს აქვს მისი წამებისა და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ამსახველი კადრები. საშინელია ის კადრები, რომელიც ყველამ ვიხილეთ, მაგრამ ასევე სხვა ვიდეოჩანაწერებიც არსებობს. რადგანაც სიმართლეს ბოლომდე არ გვეუბნებიან, ვფიქრობ, შესაძლოა, რომ უბრალოდ ამ ინსტიტუტის ლიკვიდირება სურთ.

მიხეილ სააკაშვილი ძალიან ელოდება ხვალინდელ შეხვედრას ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან. ვიმედოვნებთ, რომ ამ საუბარს რაღაც პოლიტიკური შედეგიც მოჰყვება. დიდი პატივისცემა ყველას, ვინც დიალოგზე მიდის და მხოლოდ ზიზღით არ საუბრობს. ეს ძალიან მისასალმებელია“, - აღნიშნა ლიზა იასკომ.