ავტორი:

რისთვის ითხოვდნენ მოქალაქეები დახმარებას ყველაზე ხშირად - როგორ აფასებს 2021 წელს 112 -ის დირექტორი?

რისთვის ითხოვდნენ მოქალაქეები დახმარებას ყველაზე ხშირად  - როგორ აფასებს 2021 წელს 112 -ის დირექტორი?

2021 წლის მოვლენებს თუ გადავხედავთ, ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და აქტიური უწყება ისევ 112 იყო. როგორც წესი, ჩვენი მოქალაქეები ამა თუ იმ საფრთხის გამო, სწორედ 112 -ს მიმართავენ და დახმარებას სთხოვენ. პირველი დამხმარე ყოველთვის 112 -ია და ის იმდენად პოპულარულია, რომ ზოგჯერ ადამიანები ოპერატორებს ძალიან პირადული კითხვებითაც კი მიმართავენ. მაშ ასე, განვლილ 2021 წელს შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112 -ის დირექტორი გიორგი არსოშვილი აფასებს:

- 2021 ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო, ბევრი გამოწვევით. ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას აღვნიშნავ. 2021 წელს, 112 -მა დაიწყო ახალი პროგრამის დანერგვა. ეს არის ამერიკული პროგრამა ProQA, რომელიც დაახლოებით 25 წელია მოქმედებს სხვადასხვა ქვეყანაში და ძალიან ამაყი ვარ, რომ მისი დანერგვა საქართველოშიც მოხდა. სიახლე ის არის, რომ პროგრამა (და არა ოპერატორი) თავად განსაზღვრავს ამა თუ იმ საქმის პრიორიტეტს. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს სამედიცინო ტიპის რამდენიმე გამოძახება, პროგრამა მასში ჩაშვებული კითხვარის მიხედვით განსაზღვრავს, რომელი გამოძახებაა უფრო პრიორიტეტული. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფის მისვლამდე ოპერატორი მოქალაქეს, პირველი გადაუდებელი დახმარების თაობაზე, რეკომენდაციებს აძლევს..

- და აქ შეცდომა გამორიცხულია?

- დიახ, გამორიცხულია, ჩვენ ეს საერთაშორისოდ აღიარებული პროგრამა კიდევ უფრო მოვარგეთ ქართულ რეალობას. აქედან გამომდინარე, ბევრად ეფექტიანად შეგვიძლია ვმართოთ ე.წ. გადაუდებელი ზარები.

- რა ხდება, თუ რამე განსაკუთრებულ შემთხვევას აქვს ადგილი?

- ამ შემთხვევაში, როცა ზარის პროგრამული მართვა მიმდინარეობს, ოპერატორსაც შეუძლია ჩარევა. ე.ი. პირველ რიგში ვიღებთ ზარს, ვიცით მისამართი და შესაბამის სამსახურს გადავცემთ ინფორმაციას. ამის შემდეგ ჩვენი სამსახური ზარის ინიციატორს უკავშირდება. მას მეტ კითხვას უსვამს ოპერატორი, რასაც მოქალაქეები გაგებით უნდა მოეკიდონ. საწყის ეტაპზევე სრული ინფორმაციის მოწოდება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შესაბამის სამსახურებს შემთხვევის შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდეთ.

- როგორ შეაფასებთ 2021 წელს კოვიდსიტუაციის მართვის მხრივ?

-კოვიდის მართვაში ჩართულობა ჩვენი სამსახურისთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი 2020 და 2021 წლებს ერთმანეთს შევადარებთ, კოვიდვითარებასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო სტატისტიკური მონაცემები გვაქვს. აღსანიშნავია, რომ 112 -ის ცხელი ხაზი სამ საკომუნიკაციო არხად არის დაყოფილი. უშუალოდ, 112 გულისხმობს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, 112(1) პოლიციის და სახანძრო / სამაშველო სასახურის დახმარებას, 112(2)კოვიდთან დაკავშირებულ კონსულტაციებს. 2020 წელს, კოვიდთან დაკავშირებული ზარი ბევრად მეტი იყო, სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მიღების მოთხოვნასთან შედარებით, 2021 წელს კი პირიქით არის. კოვიდთან დაკავშირებით შეტყობინებები მეორე ადგილზე გადავიდა, რაც უდაოდ სასიკეთო ნიშანია. მესამე ადგილზეა - პოლიციის, სახანძრო/ სამაშველო სამსახურის გამოძახება.

- ეს იმ ფონზე, როცა ინფიცირების დღიური მაჩვენებელი საკმაოდ გაიზარდა?

- დიახ, ასეა. ამას თავისი მიზეზებიც აქვს. აღსანიშნავია, რომ ადამიანებმა ისწავლეს კოვიდის მართვა ოჯახებში და იციან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ დაავადებების სიმპტომების პირველივე გამოვლინებისას ან თუნდაც, საეჭვო ვითარებაში. ისინი მიმართავენ ტესტირების მეთოდს და მხოლოდ დადასტურების შემთხვევაში რეკავენ 112-ში. 2020 წელს კი პირველივე სიმპტომებისას ჩვენთან რეკავდნენ.

ცხადია, ახლაც გვაქვს შემთხვევები, როდესაც გვირეკავენ მოქალაქეები, თუკი მათ აქვთ სიმპტომები, მაგრამ ასეთი შემთხვევები ცოტაა. ძირითადად, ისინი გვიკავშირდებიან, რომლებსაც უკვე დადასტურებული აქვთ კოვიდი. იმისთვის, რომ მოქალაქეებს ადვილად შესძლებოდათ ჩვენთან დაკავშირება, ოპერატორების რაოდენობა 115%-ით გავზარდეთ. გარდა ამისა, ონლაინპორტალითაც (er.moh.gov.ge) შესაძლოა დარეგისტრირება, მიღებულ ინფორმაციას 112 ამუშავებს და შემდგომი მონიტორინგისთვის გადასცემს ოჯახის ექიმს.

ჩვენი მთავარი მიზანი მაინც ის არის, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ, გადაუდებელი შემთხვევის დროს დროულად მიიღოს შესაბამისი მომსახურება.

სისტემატურად ტარდება იმ მოქალაქეთა სატელეფონო გამოკითხვა, რომლებმაც უკვე ისარგებლეს 112-ის მომსახურებით. კვლევაში მონაწილე 800 მოქალაქიდან, რომლებსაც ერთხელ მაინც გამოუყენებიათ 112-ის მომსახურება, 84% გაწეული მომსახურებით კმაყოფილია, რაც ძალიან მახარებს.

ჩემი აზრით, კოვიდპანდემიასთან საბრძოლველად გაცილებით უკეთ ვართ მომზადებული ჩვენც, ხალხიც და იმედი მაქვს, რომ 2022 წელი ამ დიდი პრობლემის დაძლევის წელი იქნება.

- ე.ი. მივდივართ ფინალისკენ?

- ამის იმედი დავიტოვოთ, მით უფრო რომ დაწყებულია აცრების პროცესი. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, რომ აიცრას, რაც ამჟამად ამ დაავადების დასამარცხებლად ყველაზე ეფექტიანი გზაა.

- რამდენადაც ვიცი, არამიზნობრივი ზარები ერთ-ერთ პრობლემად და გამოწვევად ისევ რჩება...

- დიახ, ასეა. სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში ცხელ ხაზებს აქვთ ეს პრობლემა და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. თუმცა საინფორმაციო კამპანიების შედეგად, რაღაც წინსვლა მაინც გვაქვს. კერძოდ, 2020 წელს - ბევრად უფრო მეტი არამიზნობრივი ზარი იყო შემოსული, ვიდრე 2021 -ში. სტატისტიკურ მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, 2021 წელს, 35%-ით შემცირდა არამიზნობრივი ზარები, 2020 წელთან შედარებით.

112-ის მოცდენა არამიზნობრივად ძალიან მიუღებელია. მაგალითად, გვქონია არაერთი შემთხვევა, როდესაც მოქალაქე რეკავდა და გვეკითხებოდა, "მაკდონალდსი" ან რომელიმე სხვა რესტორანი მუშაობდა თუ არა ღამის საათებში. ასევე, აინტერესებდათ ვეტერინარული კლინიკის განრიგი. ასეთ არაერთ შემთხვევას ჰქონია ადგილი, რაც ნამდვილად არ არის მისასალმებელი.

ვფიქრობ, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ხანდახან წუთები და წამებიც კი წყვეტს ადამიანის სიცოცხლეს და არ შეიძლება მას არამიზნობრივი ზარით საფრთხე შევუქმნათ. სწორედ ამიტომ, აქვე განვმარტავ ჩვენი სამსახურის ფუნქციებს და მიმართულებებს. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შსს-ს მმართველობის სფეროში, რომელიც გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვისთვის შესაბამის სატელეფონო მომსახურებას ახორციელებს, ასევე, 24 - საათიან უწყვეტ ვიდეომეთვალყურეობას ქვეყნის მასშტაბით. ძირითადი მიმართულებებია, როგორც აღვნიშნე, გადაუდებელი შემთხვევების ოპერატიული მართვა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესება, საგზაო უსაფრთხოების ეფექტიანი მართვა და უკვე, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლაც.

- ერთი მხრივ, პოპულარულები ხართ...

- მიხარია, თუმცა მთავარია ის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ ჩვენთან დაკავშირება მაშინ, როცა ეს რეალურად სჭირდებათ.

- და მაინც, 112 ყოველწლიურად აქვეყნებდა წინა წლის კურიოზულ შეტყობინებებს. 2022 წლისთვისაც იგივეს უნდა ველოდოთ?

- არა, ეს პრაქტიკა აღარ იქნება! სწორედ იმიტომ, რომ არ გვინდა, არამიზნობრივი ზარების პოპულარიზაციას ხელი შევუწყოთ.

- ალბათ ყოველი ახალი წელი პიროტექნიკასთან დაკავშირებული შეტყობინებებით იწყება. რა მაჩვენებლები იყო წინა წლებში და რისი განმეორება აღარ გსურთ?

- გულახდილად გეტყვით, ყოველ ახალ წელს, ჩემს თანამშრომლებთან და ოპერატორებთან ერთად, ქოლ-ცენტრში ვხვდები... მართლაც გაკვირვებული ვარ ხოლმე, იმდენი შემთხვევა არის პიროტექნიკასთან დაკავშირებული. ვთხოვ მოქალაქეებს, რომ ყოველთვის მაქსიმალურად დაიცვან პიროტექნიკის გამოყენების წესები და უსაფრთხოების ნორმები.

- რას ისურვებდით 2022 წლისთვის?

- რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას, ჩვენი ქვეყნის მეტ წარმატებას და განვითარებას მშვიდობიან გარემოში. სრულიად საქართველოს ვულოცავ დამდეგ 2022 წელს!

ავტორი: ეკა ასათიანი